Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში ოთხწლიანი 100-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში ოთხწლიანი 100-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა

ქართველმა მუსიკოსმა ლიზა ჩხაიძემ კინომუსიკის განხრით ბერკლიში ოთხწლიანი ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღო. საკუთარი წარმატების შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:

„ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სექტემბრიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებ. ახლა საფორტეპიანო განხრით ვარ კონსერვატორიაში. ეს იქნება სრულიად ახალი და საინტერესო ჩემთვის. ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება და რომ შევძელი დიდი პასუხიმგებლობა მაქვს.“

ლიზა ჩხაიძის თქმით, მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნატალია ნაცვლიშვილს, რომელიც ლიზას მასწავლებელი იყო:

„ქალბატონი ნატალია ნაცვლიშვილი ჩემი არამარტო მუსიკის მასწავლებელი, მენტორი და ყველაფერი იყო. მის ხელში გავიზარდე. არამარტო მე, ის მთელს მუსიკალურ სამყაროს დააკლდა.“

„ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ მაქვს და ძალიან ბევრი სწავლა დამჭირდება. ჯერ უნდა შეისწავლო სისტემა ძალიან კარგად, კომპიუტერში კარგად უნდა აწყობდე ყველაფერს. დიდი დრო დამჭირდება, რომ პრაქტიკულად ისეთ დონეზე ავიდე, რომ ვინმემ ფილმისთვის მუსიკა შეუკვეთოს,“- აღნიშნა ლიზა ჩხაიძემ.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად