Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

რა პროდუქტები უნდა მისცეთ ბავშვს, როდესაც ხორცის შეძენის შესაძლებლობა არ გაქვთ? - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს

რა პროდუქტები უნდა მისცეთ ბავშვს, როდესაც ხორცის შეძენის შესაძლებლობა არ გაქვთ? - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ იმ მშობლებს, რომლებსაც ხორცის შეძენის საშუალება არ აქვს, საინტერესო რჩევები მისცა და ის პროდუქტები დაასახელა, რომლებიც მსგავს შემთხვევაში ხორცის ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა:

„ბავშვების გარკვეული ნაწილი პრინციპულად არ ჭამს ხორცს. მეორე ნაწილს არ აქვს ხელმისაწვდომობა. მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მაქვს საშუალება სისტემატურად ვაჭამო ხორცი ჩემს შვილს, მეკითხებიან, როგორ მოიქცნენ. ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტებით გადავფაროთ. შეგვიძლია უფრო ხელმისაწვდომი, ადვილად შეთვისებადი ცილა გამოვიყენოთ, მაგალითად, კვერცხი. ლობიოში არსებული რკინა ხორცში არსებული რკინის ეკვივალენტი არ არის. დაახლოებით 10-20-30-ჯერ უფრო ადვილად შევითვისებთ ამას ხორციდან, მაგრამ თუ გვჭირდება საპირწონე, გამოვიყენოთ ცოდნა. გამომშრალი ლობიო გამოვიყენოთ კერძად, წვნიანადაც, სალათების შემადგენლობაში მწვანეფოთლოვან ბოსტნეულთან ერთად, ჩვენ შევძლებთ რკინის როლის გაძლიერებას.“

„გამოვიყენოთ სოკო, თუ ის უფრო ხელმისაწვდომია. გამოვიყენოთ უხეშად დაფქვილი ხორბალი, დამბალი ხორბალი, მარცვლეული, ბურღულეული იმისთვის, რომ ბავშვის ორგანიზმი შევავსოთ. არის თუ არა რძის ნაწარმი ხორცის ალტერნატივა? არა! ზოგიერთ შემთხვევაში ანტაგონიზმიც კი არის. კალციუმი და რკინა შეთვისებისას ჩხუბობენ და სჯობს, რომ მათ შორის ინტერვალი იყოს ორი საათი. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის თხილეული,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად