Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გადაარჩინა 9 აპრილს კახი კავსაძემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე? - ცნობილი მსახიობის გმირობის ამბავი

როგორ გადაარჩინა 9 აპრილს კახი კავსაძემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე? - ცნობილი მსახიობის გმირობის ამბავი

რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმში „ნეტავი იქ თეატრი არის?!“ კახი კავსაძის გმირობის ამბავია ასახული. ბევრმა არ იცის, რომ ცნობილმა მსახიობმა 1989 წლის 9 აპრილს ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„მაშინ მე ჭიშკარი გავაღებინე. ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა თეატრში შემოვუშვი. ზოგს თავი ჰქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი. უმრავლესობა უფეხსაცმლოდ მორბოდა, ტანსახმელშემოხეული,“- იხსენებდა კახი კავსაძე.

„რუსთაველის თეატრში ამ დროს შემოვიდა ათასობით ადამიანი. ძალიან ბევრი გადაარჩინა რუსთაველის თეატრმა. ბატონმა კახიმ ჩაკეტა კარები და რუსი სამხედროები რომ მოვიდნენ, მან უთხრა, რომ ეს არის თეატრის შენობა, აქ არავინ არ არის. გაჭრა მისმა და თეატრის სახელმა,“ - კახი კავსაძის გმირობის ამბავი მაყურებელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ გააცნეს.

წყარო: ​„უიქენდი“

წაიკითხეთ სრულად