Baby Bag

„მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ცოლ-ქმრობის საიდუმლოებისს შესახებ ისაუბრა:

„ეგოიზმი, სიამაყე და ამპარტავნება მარცხდება ღვთის მადლით და ოჯახური თანაცხოვრება ამას ეხმარება. მე შეიძლება ვიყო ეგოისტიც, ამაყიც და ამპარტავანიც, ანგარებიანიც, მრისხანეც და თუ მარტო ვცხოვრობ, ამას შეიძლება ვერც ვხვდებოდე. მეუღლე არ არის არც და, არც ძმა, არც მეგობარი, არც მშობელი, მეუღლე არის შენი ორგანული ნაწილი. თუ დას ვპატიობ და მასთან ურთიერთობა არ მიჭირს, თუნდაც ის მტყუანი იყოს, მეუღლესთან რატომ გამიჭირდება? მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია, შენი ორგანული ნაწილია.

ეგოიზმი, ანგარება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, უსიყვარულობა, ყველაზე მეტად თავს ავლენს, როგორც დესტრუქციული ძალა, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში. ვერსად ვერ გაექცევი ამას. ორი გზაა: ან შეინარჩუნო ეს ვნებები შენში და ოჯახი ჯოჯოხეთად აქციო, ან ჩაკლა შენში ეს ვნებები. ეს არის მოწამეობრივი გზა. ცოლ-ქმრობაში ცოლიცა და ქმარიც მუდამ საკუთარი თავისა და მეუღლის წინაშე ამოწმებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ეს არის მოწამეობა. თუ დაკვირვებიხართ ჯვრისწერის საიდუმლოებას, მღვდელი ამბობს მოწამეთა ტროპარს, ცოლ-ქმრის გასაგონად ამბობს ამას და ეუბნება მათ, რომ ისინი მოწამეობრივ ღვაწლს იწყებენ.

ამ ღვაწლში ადამიანს ეხმარება სიყვარული. რა არის სიყვარული? თუ არ არსებობს ორი სულის მეგობრობა, სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. მეგობრობა ცალკე საიდუმლოებაა. სული სულს ცნობს. სულების მეგობრობა თუ არ გამოვიდა, მერე ძალიან ჭირს სიყვარულიც. გაუგებარი ხდება, რა არის სიყვარული. მეგობრობა არ ნიშნავს ავტომატურად სიყვარულის არსებობას, თუმცა თუ ორი სულის მეგობრობა შედგა ისე ძლიერ, რომ მათ ცალ-ცალკე ყოფნა აღარ შეუძლიათ, აქედან ერთი პატარა ნაბიჯია სიყვარულამდე,"- აღნიშნა მამა თეოდორე გიგნაძემ.

წყარო: ​მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები

შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა შტამის დროს უცებ ხდება დამძიმება და სიმპტომების მკვეთრი გაშლა,“ - თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე

„დელტა შტამის დროს უცებ ხდება დამძიმება და სიმპტომების მკვეთრი გაშლა,“ - თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე

თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ დელტა შტამის თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა შტამებისგან განსხვავებით მას მოულოდნელი და სწრაფი დამძიმება ახასიათებს:

​ადრე დაავადება იწყებოდა მარტივი სუბფებრილიტეტით, დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ იშლებოდა კლინიკური სურათი. ახლა კლინიკური სურათის აქტიურობა თავიდანვე გაშლილი მოდის. ძალიან შეწუხებულია პაციენტი. პირველი, ვისაც პაციენტი უკავშირდება, მისთვის საყვარელ და ნაცნობ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმისთვის პირველი სიმპტომატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ დღეს პაციენტი რომ იტყვის, რომ რესპირატორული სიმპტომები აქვს, მეორე დღეს გაშლილი გვევლინება თავისი ტემპერატურით და ა.შ.“

„კიდევ ერთი საოცრება დაფიქსირდა. ალბათ, ნელ-ნელა გამოიკვეთება კიდევ უფრო, თუ რა იწვევს ამ მდგომარეობას. თუ სიმპტომებით იწყება დაავადება, თითქოს დინამიკა მიდის კარგად, მაგრამ რომ არ ველოდებით, ​უცებ ხდება სიმპტომების მკვეთრი გაშლა და დამძიმება პაციენტის მერვე-მეცხრე-მეათე დღეს. ეს წინა შტამებს არ ახასიათებდათ. მერვე-მეცხრე-მეათე დღიდან თითქოს დინამიკა კლებისკენ მიდიოდა და ჩვენც მშვიდად ვიყავით, ოჯახის ექიმები, რადგან მეთოთხმეტე დღეს ვიღებდით გამოჯანმრთელებას. ახლა ჩვენ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ არ ვინერვიულოთ. შესაძლებელია მშვიდად მიმდინარე კლინიკა მეათე-მეთერთმეტე დღეს უცებ დამძიმდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ხათუნა ნუცუბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად