Baby Bag

„საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი, ულამაზესი და უტკბილესი... ეს სიკეთის დაგროვების პერიოდია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ზაფხულში სწორი დასვენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება საუკეთესო დასვენებაა:

„ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ ხვალ შეიძლება ამქვეყანაზე აღარ იყოს. უცებ შეიძლება შენი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდეს. ვისაც ეს ყველაფერი ესმის, ის ყველა წამსა და წუთს უფრთხილდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეკლესია ადამიანს გართობას ან დასვენებას უკრძალავს, პირიქით, როდესაც შრომობ ადამიანი, უფლება გაქვს იმისა, რომ დაისვენოს შენმა სხეულმა, შვება ნახო, ზღვაზე წახვიდე, მთაში წახვიდე, ჰაერი ჩაისუნთქო, ოჯახთან ერთად დრო გაატარო. ამაზე კარგი არაფერი არ არის.

იოანე ოქროპირს უწერია, რა სჯობს სწორად მიღებულ სიამოვნებებსო. როდესაც ადამიანი შენს ოჯახთან, შენს მეუღლესთან, შენს შვილებთან ერთად ტყეში გახვალ, ბუნებაში გახვალ, იქ წაიღებ და ბუნებაში გაშლი საკვებს, მიირთმევ ამ საკვებს შენს ოჯახთან ერთად, იმღერებ, სითბოს გამოხატავ, სიყვარულს გამოხატავ, შვილებს ეთამაშები, ასეთ მიღებულ სიამოვნებას რა სჯობს? შენს ოჯახთან ერთად დროს რომ გაატარებ, ბედნიერი და გახარებული ხარ, ამაზე უკეთესი რა არის?!

საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი. ულამაზესი და უტკბილესი პერიოდია. ცოდვის დაგროვების პერიოდი კი არ არის, სიკეთის დაგროვების პერიოდია. ხედავ გაცოცხლდა ყველაფერი, სიცოცხლე თავიდან იწყება. წარმოიდგინე, როგორი ლამაზია! ნაყოფი მოაქვს ბუნებას, ვაშლია, მსხალია, ატამია. ხარობს შენი სული! ამაზე ტკბილი პერიოდი არ არსებობს, როდესაც შენ ამ ყველაფერს სწორად აკეთებ,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ტვინის ნეირონები რეაგირებს მხოლოდ ცოცხალ ლაპარაკზე. ტვინი არ ვითარდება სხვანაირად,“ - თამარ გაგოშიძე

„ბავშვის ტვინის ნეირონები რეაგირებს მხოლოდ ცოცხალ ლაპარაკზე. ტვინი არ ვითარდება სხვანაირად,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ცოცხალი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მშბელთან პირადი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია:

​პირადი დიალოგი მშობელთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მესმის, ჩვენ ვართ ძალიან რთულ ვითარებაში, იმიტომ, რომ მშობლები მუშაობენ, ბავშვები ხშირ შემთხვევაში არიან ძიძასთან. ლაპარაკის შეფერხებაზეც არ არის, არიან ბავშვები, ვისაც აქვს ეს პრობლემა და შეფერხებული განვითარებაა. მათ, მით უმეტეს, გამდიდრებული გარემო სჭირდებათ. საუბარია ჩვეულებრივ ბავშვებზე. ჩვენთან ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ბავშვები მოჰყავთ შეფერხების დიაგნოზით. ელემენტარულად ბავშვს არავინ არ ელაპარაკება. არავის არ აქვს ამის დრო და საშუალება.“

თამარ გაგოშიძის თქმით, განვითარების შეფერხების გარკვეული ნაწილის გამომწვევი ჩვენი სოციალური პრობლემებია:

„ძალიან ხშირად უთქვამს მშობელს, როგორ უნდა ვეთამაშო ბავშვსო. შეუძლებელია, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვთა 40-50 % იყოს შეფერხებული. რადგან ასე მატულობს იგივე აუტიზმის რიცხვი, ეპიდემია ხომ არ არის ეს. მატულობს ეს დიაგნოზები, შეფერხების დიაგნოზი, მეტყველების დარღვევების, აუტიზმის დიაგნოზი. თავისთავად ცხადია, რომ ეს მდგომარეობები არსებობს და ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ეს პრობლემა, მაგრამ ამის ასეთი მატება არის ჩვენი სოციალური პრობლემა.“

„ტექნიკაზე მიჯაჭვულობა არის დაავადება ფაქტობრივად. კომუნიკაცია უკვე პრობლემური და მინიმალურია. ტვინი არ ვითარდება სხვანაირად. ბავშვის ტვინის ნეირონები რეაგირებს მხოლოდ ცოცხალ, „ლაივში“ არსებულ ლაპარაკზე. ​ადრეული განვითარების ასაკი არის სამ წლამდე. სამ წლამდე ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან მოქნილია ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა. სამ წლამდე თუ არ მოხდა ამ ფუნდამენტის ჩაყრა, მერე უკვე ძალიან რთულია,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად