Baby Bag

„საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი, ულამაზესი და უტკბილესი... ეს სიკეთის დაგროვების პერიოდია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ზაფხულში სწორი დასვენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება საუკეთესო დასვენებაა:

„ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ ხვალ შეიძლება ამქვეყანაზე აღარ იყოს. უცებ შეიძლება შენი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდეს. ვისაც ეს ყველაფერი ესმის, ის ყველა წამსა და წუთს უფრთხილდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეკლესია ადამიანს გართობას ან დასვენებას უკრძალავს, პირიქით, როდესაც შრომობ ადამიანი, უფლება გაქვს იმისა, რომ დაისვენოს შენმა სხეულმა, შვება ნახო, ზღვაზე წახვიდე, მთაში წახვიდე, ჰაერი ჩაისუნთქო, ოჯახთან ერთად დრო გაატარო. ამაზე კარგი არაფერი არ არის.

იოანე ოქროპირს უწერია, რა სჯობს სწორად მიღებულ სიამოვნებებსო. როდესაც ადამიანი შენს ოჯახთან, შენს მეუღლესთან, შენს შვილებთან ერთად ტყეში გახვალ, ბუნებაში გახვალ, იქ წაიღებ და ბუნებაში გაშლი საკვებს, მიირთმევ ამ საკვებს შენს ოჯახთან ერთად, იმღერებ, სითბოს გამოხატავ, სიყვარულს გამოხატავ, შვილებს ეთამაშები, ასეთ მიღებულ სიამოვნებას რა სჯობს? შენს ოჯახთან ერთად დროს რომ გაატარებ, ბედნიერი და გახარებული ხარ, ამაზე უკეთესი რა არის?!

საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი. ულამაზესი და უტკბილესი პერიოდია. ცოდვის დაგროვების პერიოდი კი არ არის, სიკეთის დაგროვების პერიოდია. ხედავ გაცოცხლდა ყველაფერი, სიცოცხლე თავიდან იწყება. წარმოიდგინე, როგორი ლამაზია! ნაყოფი მოაქვს ბუნებას, ვაშლია, მსხალია, ატამია. ხარობს შენი სული! ამაზე ტკბილი პერიოდი არ არსებობს, როდესაც შენ ამ ყველაფერს სწორად აკეთებ,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასობრივი ვაქცინაცია იძულების წესით მე არ მიმაჩნია გამართლებულად,” - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

„მასობრივი ვაქცინაცია იძულების წესით მე არ მიმაჩნია გამართლებულად,” - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

მედიცინის დოქტორმა ვერიკო ბაზიარმა მანდატორული მასობრივი ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იძულებით ვაქცინაციას ეწინააღმდეგება:

​მასობრივი ვაქცინაცია იძულების წესით, მით უმეტეს, სამედიცინო პერსონალის, მე არ მიმაჩნია გამართლებულად. მაშინ, როდესაც ექიმს არ აწვდი ინფორმაციას, ყველა ექიმს არ აქვს შესაძლებლობა, ან მეგობარს ელაპარაკოს, ან კოლეგას ესაუბროს უცხოეთში, ვისაც წვდომა აქვს ინფორმაციაზე.“

ვერიკო ბაზიარის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ექიმის არაკვალიფიციურობაზე არ მიუთითებს:

„თუ ადამიანს კითხვაზე პასუხი არ აქვს, მაშინ როგორ ხდება?! ​თუ ექიმი თავს იკავებს და კითხვის ნიშნები აქვს, მე მიმაჩნია, რომ ის არის კვალიფიციური ექიმი და ითხოვს კვალიფიციურ, ჩამოყალიბებულ აზრს, რა უნდა უთხრას თავის პაციენტს. იმიტომ, რომ დაგავალეს, იმიტომ, რომ ვიღაცისგან მოისმინე, კითხვის ნიშნის გარეშე იღებ და ავრცელებ ინფორმაციას, ჩემთვის ეს არის უპასუხისმგებლო ექიმი.“

„მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა, რომელმაც უნდა ურჩიოს ბევრ ადამიანს, ინფორმაცია უნდა მოიპოვოს. აქ სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი. ადამიანი ფიქრობს, იქნებ შემხვდეს და იოლად გადავიტანო. თუ კითხვის ნიშანი მაქვს, რომ ავიცრები და რამე დამემართება, მას უნდა გასცე პასუხი. ექიმს იმდენი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ ყველა კითხვაზე თუ არა, უმეტესობაზე იცოდეს პასუხი. მითხარი, სად არის კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ და სად აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, რათა მე მქონდეს არგუმენტი მორალურად, საკუთარი სინდისის წინაშე, საკუთარი პაციენტის წინაშე, რომ თავიც ვანდო ამ ვაქცინას და პაციენტიც ვანდო.​ საერთოდ ინფორმირებული არჩევანის მომხრე ვარ ყველა საკითხში. მიძალებულს ძაღლი არ ეტანებაო, ამბობენ. ძალიან ბევრი სანდო ვაქცინაა, რაც შემოვიდა, არ მინდა, რომ იყოს იძულებით თავზე მოხვევის წესი,“ - აღნიშნულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა ტელეკომპანია „პულსის“ გადაცემაში „მონაგარი“ ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად