Baby Bag

„საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი, ულამაზესი და უტკბილესი... ეს სიკეთის დაგროვების პერიოდია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ზაფხულში სწორი დასვენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება საუკეთესო დასვენებაა:

„ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ ხვალ შეიძლება ამქვეყანაზე აღარ იყოს. უცებ შეიძლება შენი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდეს. ვისაც ეს ყველაფერი ესმის, ის ყველა წამსა და წუთს უფრთხილდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეკლესია ადამიანს გართობას ან დასვენებას უკრძალავს, პირიქით, როდესაც შრომობ ადამიანი, უფლება გაქვს იმისა, რომ დაისვენოს შენმა სხეულმა, შვება ნახო, ზღვაზე წახვიდე, მთაში წახვიდე, ჰაერი ჩაისუნთქო, ოჯახთან ერთად დრო გაატარო. ამაზე კარგი არაფერი არ არის.

იოანე ოქროპირს უწერია, რა სჯობს სწორად მიღებულ სიამოვნებებსო. როდესაც ადამიანი შენს ოჯახთან, შენს მეუღლესთან, შენს შვილებთან ერთად ტყეში გახვალ, ბუნებაში გახვალ, იქ წაიღებ და ბუნებაში გაშლი საკვებს, მიირთმევ ამ საკვებს შენს ოჯახთან ერთად, იმღერებ, სითბოს გამოხატავ, სიყვარულს გამოხატავ, შვილებს ეთამაშები, ასეთ მიღებულ სიამოვნებას რა სჯობს? შენს ოჯახთან ერთად დროს რომ გაატარებ, ბედნიერი და გახარებული ხარ, ამაზე უკეთესი რა არის?!

საოცარი პერიოდია ზაფხულის პერიოდი. ულამაზესი და უტკბილესი პერიოდია. ცოდვის დაგროვების პერიოდი კი არ არის, სიკეთის დაგროვების პერიოდია. ხედავ გაცოცხლდა ყველაფერი, სიცოცხლე თავიდან იწყება. წარმოიდგინე, როგორი ლამაზია! ნაყოფი მოაქვს ბუნებას, ვაშლია, მსხალია, ატამია. ხარობს შენი სული! ამაზე ტკბილი პერიოდი არ არსებობს, როდესაც შენ ამ ყველაფერს სწორად აკეთებ,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი შვილი ავად რომ იყო, წმინდა ელენეს ხატი შევქმენი... წმინდა ელენეს მივანდე ჩემი შვილი,“ - ირმა კვაშილავა

„ჩემი შვილი ავად რომ იყო, წმინდა ელენეს ხატი შევქმენი... წმინდა ელენეს მივანდე ჩემი შვილი,“ - ირმა კვაშილავა

ირმა კვაშილავამ იმ შთაგონების შესახებ ისაუბრა, რომელმაც მას ხატების შექმნა დააწყებინა. მისი თქმით, შვილის მძიმე ავადობის პერიოდში ხატების შექმნა დაიწყო:

„განსაცდელების პერიოდში ყველა ადამიანი გამოსავალს ღმერთთან ეძებს ხოლმე. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. შვილი მყავდა ძალიან მძიმედ ავად. შვიდი-რვა წელი გავიდა იმის მერე. მადლობა უფალს, დღეს კარგად გრძნობს თავს და კარგად არის. განსაცდელის პერიოდში ვეძებდი გზას, რომ უფალთან ახლოს ვყოფილიყავი.“

ირმა კვაშილავას თქმით, მას ერთ დღეს დაესიზმრა, რომ ჯვარი უნდა გაეკთებინა:

„ერთ ღამეს დამესიზმრა, რომ გავაკეთე ჯვარი. მინდოდა, ღამით სამ საათზე ავმდგარიყავი და გამეკეთებინა ჯვარი. რომ ავდექი, დავფიქრდი: ჯვრის გაკეთება კურთხევის გარეშე არ შეიძლება. მეორე დღეს მივედი ჩემს მოძღვართან მამა ლავრენტისთან. მან მითხრა, რომ ყოველთვის სიზმარს ნუ დაელოდები, უფალმა გიბოძა ეს უნარი და უნდა გააკეთო ჯვარი. მეორე დღეს გავაკეთე ჯვარი.“

„მერე დავიწყე ბისერებით ქარგვა. ჩემი შვილი ავად რომ იყო, ​წმინდა ელენეს ხატი შევქმენი. წმინდა ელენეს მივანდე ჩემი შვილი. პანდემიის დროს ღვთისმშობლის ხატი შევქმენი. ჩემი შვილის ავად ყოფნის პერიოდი 1-2 წელიწადი გრძელდებოდა. ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი. მადლობა უფალს, რომ შვილი გადამირჩინა. არც მინდა ამ პერიოდის გახსენება,“ - აღნიშნულ საკითხზე ირმა კვაშილავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.

წყარო: ​„სიკეთე მარტივია“

წაიკითხეთ სრულად