Baby Bag

რომელი ლოცვები ვიკითხოთ ნევროზის დროს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი კითხვაზე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ნევროზთან გამკლავების გზებზე ისაუბრა და ადამიანებს ურჩია სწორი ეკლესიური ცხოვრებით იცხოვრონ:

„იმას, რასაც ადამიანები ერში ეძახიან ნევროზს, აქვს თავისი სულიერი საფუძვლები და სულიერად ეს ყველაფერი, რასაკვირველია,  ბოროტი ძალების ბრალია. ნევროზი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. როგორც წესი, ადამიანის ყოფითი პრობლემები იწვევს ხოლმე ნევროზს. მე გირჩევდით, რომ უპირველეს ყოვლისა, იცხოვრეთ ჯანსაღი ეკლესიური ცხოვრებით, იხელმძღვანელეთ სულიერი მოძღვრის რჩევებით, რომელსაც აირჩევთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ძალიან დაგეხმარებათ.

ნევროზი სხვადასხვანაირი არსებობს. არის აქტიურად გამოხატული, არსებობს ჩუმი ნევროზი, მძაფრი. შეიძლება არც ეტყობოდეს ადამიანს ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ გრძნობდეს თავს ცუდად. ადამიანის შინაგანი, მოუწესრიგებელი სულიერი სამყარო, ღმერთთან მოუწესრიგებელი დამოკიდებულება იწვევს ნევროზს. როდესაც ადამიანი ცდილობს დაალაგოს თავისი დამოკიდებულება ღმერთთან, ავტომატურად ნევროზები კვამლივით ქრება. ამიტომ, თუ თქვენ არ ცხოვრობთ ეკლესიური ცხოვრებით, აქტიურად დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება. მერე დააკვირდით თქვენს თავს, კვლავ გექნებათ თუ არა ნევროზი.

მე გირჩევდით, რომ ფსალმუნები იკითხოთ. ესეც აუცილებლად სულიერი მოძღვრის რეკომენდაციით და კურთხევით. როგორც ბასილი დიდი ბრძანებს, ისე არაფერი აფრთხობს ეშმაკებს, როგორც ფსალმუნთა კითხვაო. ამიტომ მე მინდა გირჩიოთ, რომ აქტიურად იკითხოთ ფსალმუნები და ნახავთ თვითონ შედეგს. მე ჩემს თავზეც გამომიცდია ეს და ამიტომ მინდა თამამად გირჩიოთ თითოეულ თქვენგანს, რომ გახდეთ აქტიური მკითხველები ფსალმუნებისა. რა თქმა უნდა, ეცადეთ, რომ გაიზროთ ის, რასაც კითხულობთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ შედეგს მიიღებთ,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად