Baby Bag

როგორ მივხვდეთ აქვს თუ არა ხილს ნიტრატები? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ხილში ნიტრატების შემცველობის ამოცნობის წესებზე ისაუბრა:

„უმჯობესია, ყოველთვის ადგილობრივი პროდუქტები შევიძინოთ. ნამდვილად უნიკალური მიწა გვაქვს. ძალიან ნოყიერი მიწა გვაქვს, რომელსაც თითქმის ზედმეტი დამუშავება არ სჭირდება. უბრალოდ უფრო სწრაფად გვინდა მოსავალი მივიღოთ, უფრო დიდი და მიმზიდველი იყოს ნაყოფი. პესტიციდებისა და სხვა ქიმიური საშუალებების ზღვარი დადგენილია კანონმდებლობით. იმ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

ივნისში საზამთრო არ უნდა ვიყიდოთ, რადგან ვიცით, რომ ის ხელოვნურად არის დამწიფებული. სათბურში უფრო მეტად სჭირდება დამუშავება პროდუქტს. შევიძინოთ სეზონური ხილი. საზამთრო შევიძინოთ ივლისის ბოლოს. ნუ შევიძენთ ძალიან დიდ საზამთროს, რადგან ვიცით, რომ შეიძლება ნიტრატებით იყოს გაჯერებული. პომიდორს სქელი კანი თუ აქვს, ეს ნიტრატების აღმნიშვნელია. პომიდორში თეთრი ხაზებიც ნიტრატების აღმნიშვნელია.

თუ პომიდორს პომიდვრის არომატი არ აქვს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირველი ნიშანია ნიტრატების გამოყენების. სჯობს ვაშლი და ნებისმიერი ხილი იყოს ჭიანიც, რადგან თუ მას ჭია მიეკარა, ე.ი. ბავშვისთვის გამოდგება. ზოგჯერ ხილს რომ შეხედავ სურათი გგონია, იმდენად სრულყოფილია. არ უნდა იყოს ასე. ხილს თავისი ფორმა აქვს, ისეთი, როგორიც ბუნებამ აჩუქა,“ - მოცემულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ურჩობა არ უნდა გადაიზარდოს ოჯახური ცხოვრებისთვის ხელისშემშლელ მოვლენად,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

„ბავშვის ურჩობა არ უნდა გადაიზარდოს ოჯახური ცხოვრებისთვის ხელისშემშლელ მოვლენად,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ბავშვისთვის თვითრეალიზაციის შესაძლებლობის მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვმა საკუთარი თავი პიროვნებად უნდა განიცადოს:

„იმის ნაცვლად, რომ მშობელი ბავშვს აძლევდეს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, მას აბრკოლებს იმით, რომ ცდილობს აჯობოს მას, არ მისცეს იმის გაკეთების საშუალება, რაც ბავშვს უნდა. ბავშვის ურჩობა არ უნდა გადაიზარდოს ოჯახური ცხოვრებისთვის ხელისშემშლელ მოვლენად. შესაძლებელია, რომ ბავშვს შევთავაზოთ არჩევანი, რა უნდა მას ჩვენთვის სასურველ რამდენიმე ალტერნატივას შორის. ​მან უნდა განიცადოს საკუთარი თავი პიროვნებად, განიცადოს, რომ ის თვითონაც არის ქცევის ავტორი.“

ლელა ტყეშელაშვილის თქმით, ბავშვი მომლოდინე ადამიანის პოზიციაში არ უნდა ვამყოფოთ:

„ბავშვი არ უნდა დარჩეს უბრალო მომლოდინე ადამიანის პოზიციაში. ეს მას ზრდასრულობაშიც შეიძლება გაჰყვეს. ის იქნება მოლოდინის რეჟიმში, ვინ მიაწვდის ინიციატივას. ასეთი ადამიანები ხშირად ექცევიან ხოლმე სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ. ბავშვს ასეთი მდგომარეობა აქვს ოჯახში, რომ ​მისთვის კომფორტულია დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნა. ამ შემთხვევაში ის არ ისჯება და თავს უკეთესად გრძნობს. შემდგომში, როდესაც იზრდება, იმის გამო, რომ მან არ იცის, როგორ მოიქცეს დამოუკიდებლად, მისთვის უფრო კომფორტულია მოექცეს სხვა ადამიანის ზეგავლენის ქვეშ.“

„მშობლებს, რომლებიც იყვნენ განსაკუთრებით დირექტიულები აღზრდის პროცესში, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ზრდასრულობის პერიოდში მათი შვილები გათავისუფლდებიან მათი დიქტატისგან და სამაგიეროდ აღმოჩნდებიან სხვა ადამიანების დიქტატის ქვეშ. ხშირად უკვირს მშობელს, რატომ ხდება ასე, რატომ დადის მისი შვილი სხვა ადამიანების ჭკუაზე. იმიტომ, რომ ბავშვმა სხვა სტრატეგია არ იცის. ის ზრდასრულობამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში ასრულებდა სხვა ადამიანების სურვილებს. ​ბავშვის დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს დახატული კედლები და დამტვრეული, დაშლილი სათამაშოები. ეს გახლავთ ბავშვის პირველი ინიციატივა, რომელიც თუ მაშინვე ჩაიკვლება და დაითრგუნება, შემდგომში ინიციატივიან ადამიანს ვეღარ მივიღებთ, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანის ეს თვისება უნდა განვითარებულიყო, ჩვენ მას განვითარების შესაძლებლობა არ მივეცით,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო: ​TV Old

წაიკითხეთ სრულად