Baby Bag

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

86 წლის ვენერა ტურიანი ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელსაც 62-წლიანი პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება აქვს. ქალბატონი ვენერა იმედოვნებს, რომ თავის პროფესიას კიდევ დიდხანს მოემსახურება და ახალ თაობებს საკუთარ ცოდნას გაუზიარებს:

„საათ-ნახევრით ადრე გამოვდივარ სახლიდან. არ შემიძლია დაგვიანება! მე გახლავართ ვენერა ტურიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი, საკმაოდ ხანდაზმული, 86 წლის. მუშაობის სტაჟი მაქვს 62 წელი და ძალიან მინდა, კიდევ ვიმუშაო. პირველი გაკვეთილი ჩავატარე გორის რაიონში. უფლება არ მქონდა, რომ უარი მეთქვა განაწილებაზე, თორემ იქ იყო გერმანული სკოლა. გერმანული მეორე ენა იყო, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მიხდებოდა ძალიან ბევრი მუშაობა.

მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის. ახლა 86 წლისას შემიძლია მათთან ერთად ვიხუმრო იმ საკითხზე, რაზეც ისინი ხუმრობენ. საერთო ენა უნდა გამონახო მათთან. მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს. მასწავლებელი უნდა იყოს ამხანაგი, მეგობარი. ბევრი ისეთ საიდუმლოებას, რომელსაც დედას და მამას არ ეტყვის, მე მეტყვის ხოლმე.იცის, რომ არ გავთქვამ. პირველ რიგში, ბავშვი დიდად უნდა ჩავთვალოთ. სახლში რომ წავალ, დავჯდები მარტო და ვიფიქრებ, რატომ არ გამომივიდა რომელიმე გაკვეთილი, რა დავაშავე? დამნაშავე მე ვარ, არასდროს ბავშვი არ არის დამნაშავე. ვერ ავუღე ალღო ბავშვს და იმიტომ არ გამოვიდა. მიყვარს, როდესაც კარგად მპასუხობენ.

მე მეშინია სახლში დაჯდომის. მიხარია, როდესაც მეუბნებიან: თქვენ არ გემჩნევათ, რომ 86 წლის ხართ. სკოლიდან რომ გავალ, იქ აღარ ვიღიმები, აღარც ვიცინი, აღარც არაფერს ვუყურებ. სკოლის იქით სხვაა. ყოფილ მოსწავლეებს რომ ვხვდები, ასე მგონია, რომ არ დავბერებულვარ,“- ქალბატონმა ვენერა ტურიანმა საკუთარი ისტორიის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ თქვენ მიიღებთ დღეში ერთ კივს, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინის დღიური დოზა მიღებული გაქვთ,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი

„თუ თქვენ მიიღებთ დღეში ერთ კივს, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინის დღიური დოზა მიღებული გაქვთ,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი

ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა ზამთრის პერიოდში ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად საინტერესო რჩევები მოგვცა:

​სრულიად შესაძლებელია შემოდგომასა და ზაფხულში მისაღები ნივთიერებების მიღება ზამთარში. მაგალითად, პომიდორი შეიცავს ლიკოპინს, ნივთიერებას, რომელიც ხასიათდება მკვეთრი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით. ზამთარში პომიდორი არ გვაქვს, მაგრამ ლიკოპინი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება ბანანში, გრეიფრუტში. ამიტომ ლიკოპინის დეფიციტი არ გვექნება.“

თამარ ხუციშვილის თქმით, ზამთარში ციტრუსები იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა:

„რაც შეეხება იმუნიტეტს, ​ზამთარში უხვად გვაქვს ციტრუსები, რომელიც არის C ვიტამინის წყარო. ციტრუსი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ინფექციის ნაკლებ მიმღებლობასა და მიღების შემთხვევაში მასთან გამკლავებაში. თუ თქვენ მიიღებთ დღეში ერთ კივს, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინის დღიური დოზა მიღებული გაქვთ.“

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვწყუროდეს, დღეში ლიტრა-ნახევარი, ორი ლიტრი წყალი მივიღოთ. არსებობენ პაციენტები, რომლებიც ამბობენ: ვცდილობ, რომ მივიღო დღეში 3-4 ლიტრი წყალი. ამის სარგებლის მტკიცებულება არსად არ არსებობს,“ - აღნიშნულ საკითხზე ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად