Baby Bag

„ორი სუფრის კოვზი სელი ერთ ჭიქა წყალში... სასწაულს შვრება,“- თეა დარჩიას კანის მოვლის რუტინა

„ორი სუფრის კოვზი სელი ერთ ჭიქა წყალში... სასწაულს შვრება,“- თეა დარჩიას კანის მოვლის რუტინა

ცნობილმა მოცეკვავემ თეა დარჩიამ დილის რუტინის შესახებ ისაუბრა, რომელიც მას კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება:

„ფანტასტიკური რუტინა მაქვს ერთი. ორი სუფრის კოვზი სელი ერთ ჭიქა წყალში, 15 წუთი ადუღებ, გაცივდება, წურავ. ჟელატინივით მასას მიიღებ. მერე ამას ყინულის ფორმაში ჩაასხამ, შეაგდებ მაცივარში და დილით რომ იღვიძებ, სახეზე იდებ. თუ სანაპიროზე ხარ და დაგცხა, მთლიანად ტანზე გადაიტარებ. ძალიან სასიამოვნოა, გაგრილებს და რას შვრება, იცი? სასწაულს! კანი გემრიელად რომ მოიჭიმება, ჩამოიბან გრილი წყლით და სახე მიდგმული გაქვს.

სხეულის მოვლას რაც შეეხება, ყველაფერი ინდივიდუალურია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ასაკში ერთადერთი ის მომენტია, რომ თუ ისეთივე დღის განრიგი გაქვს და ისევ იმ რიტმით ცხოვრობ, არ შეანელე, მაშინ სხეული მოგყვება. უბრალოდ საჭიროა, კიდევ უფრო მეტი წყალი, კიდევ უფრო მეტი ზღვა და და დებითი ემოციები, იმიტომ, რომ ბავშვებივით სათუთები ვხდებით. ჩვენთვის ცუდი ემოცია უფრო ცუდად მუშაობს მერე ყველაფერზე,“- მოცემულ საკითხზე თეა დარჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც გინდა ის გიქნია“, დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

წაიკითხეთ სრულად