Baby Bag

„ჭკუა საჭიროებს ემოციურ ინტელექტს, ურთიერთობის შინაგან მოთხოვნილებას,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ჭკუა საჭიროებს ემოციურ ინტელექტს, ურთიერთობის შინაგან მოთხოვნილებას,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა ტიპის ცოდნა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რათა საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების სწორად გამოყენება შეძლოს:

„ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვებთან კავშირის განცდა. სხვებთან კავშირის განცდას ჭკუა სჭირდება. ის ჭკუა, რომელიც ემოციურ ინტელექტს ეფუძნება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დგას ცოდნაზე. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გურამიშვილის სიტყვები: „ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!“ ეს ცოდნა თავად რისი ცოდნაა? იმისთვის, რომ ჩვენ იმ მოთხოვნილების რეალიზაცია მოვახდინოთ, რომელიც ადამიანურ არსებობას განაპირობებს, ანუ ღმერთთან კავშირის განცდის მოთხოვნილების, რა ცოდნა სჭირდება ამას? რა არის ეს ცოდნა? ეს არის ის ცოდნა, რომელიც მოვლენების გაგებას უდებს საფუძვლად.

ძალიან ცნობილი მოაზროვნე გახლდათ ლუდვიგ ფოიერბახი. მან თავის დროზე ვერ გაიგო ისეთი დიდი ფილოსოფოსის ნააზრევი და ვერ ახსნა მისი სისტემა და მეთოდი მართებულად, როგორიც იყო ჰეგელი. რა იყო ამის მიზეზი? რატომ ვერ ჩასწვდა და ვერ გაიგო ეს? მას არ ეყო ცოდნა. ის იმყოფებოდა განმარტოვებულ სივრცეში, მის სოფელში. მან ვერ გაიგო ის სამი დიდი აღმოჩენა, რომელიც მოხდა იმ დროს. ეს აღმოჩენები იყო, რომ მცენარისა და ცხოველის უჯრედს ერთი და იგივე აგებულება აქვს, რომ არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი თურმე და დარვინის ევოლუციის თეორია, რომ განვითარების კანონი არის მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა. ეს ცოდნა ხედვის რაკურსს ქმნის ისეთს, რომ შენ დაინახო განვითარება რა კანონზომიერებას ეფუძნება. ეს თვითონ ადამიანს შინაგანად ცვლის. ის შინაგანად სხვა პოზიციაში აღმოჩნდება, სხვა დამოკიდებულება აქვს ცოდნის მეშვეობით ადამიანს სამყაროსთან. ქართულ ლიტერატურაში ცნობილი მაგალითი რომ ავიღოთ, ფარსმან სპარსს ცოდნა არ ჰქონდა? დიახ, მას ჰქონდა ცოდნა, მაგრამ ეს სხვა ცოდნაა. ნახეთ რას გვეუბნება „სიბრძნე სოლომონისა“: „რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს.“ ეს არის უმთავრესი. თურმე ჭკუა საჭიროებს ემოციურ ინტელექტს, ურთიერთობის შინაგან მოთხოვნილებას. ეს ყველა ადამიანშია, მაგრამ თუ მზაკვარ სულში აღმოჩნდა ცოდნა, სიბრძნე აღარ არის უკვე ის ცოდნა. აი, ეს არის მთავარი. სიყვარულის გარეშე არსებული სული მზაკვარი სულია,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად