Baby Bag

რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ბავშვს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი

რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ბავშვს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ბავშვის ნათლობისას რამოდენიმე ნათლიის ყოლის წესზე ისაუბრა და განმარტა რამდენი ნათლიის ყოლაა დასაშვები:

„მე ისეთ პერიოდში მოვინათლე, როდესაც ყველას გვყავდა თითო ნათლია. თითო ნათლიაზე მეტი არ გვყავდა არავის. მაქსიმუმი იყო, რომ ვინმეს ორი ნათლია ჰყოლოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რამდენად იაზრებს ნათლია თავის მოვალეობას, თავის პასუხისმგებლობას. ეს არის არსებითი. თუ არის ხუთი ნათლია და ხუთივე იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, იყოს ხუთივე. არაფერს არ აფუჭებს ეს.

თუ ნათლიებიდან ვერცერთი ვერ იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, რასაც აკისრებს მათ ნათლიობა, მაშინ არცერთი არ უნდა იყოს. ზოგადად ასე ხდება, რომ რაც უფრო მეტია ნათლია, მით უფრო მეტად ერთმანეთის იმედზე არიან და თვითონ ცდილობენ გაექცნენ დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რომელსაც აკისრებთ ის აღთქმები, რომელსაც უფლის წინაშე ნათლობის დროს დებენ. როდესაც ერთია ნათლია ან ორი, მათ იციან, რომ მარტო თვითონ არიან და აცნობიერებენ, რომ თვითონ უნდა იტვირთონ ბოლომდე ეს პასუხისმგებლობა. მე ვაფრთხილებ და ვეუბნები ხოლმე, რას ნიშნავს ნათლიობა. მთავარი ის არის ჩემთვის, რომ გაიაზრონ რა არის ნათლიობის არსი. მათ ვეუბნები ხოლმე: „არ აიკიდოთ საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა, რომლის ტვირთვასაც ვერ შეძლებ. თუ შენ ცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით, თუ შენთვის ქრისტე სასურველია და მას ეტრფი, კი ბატონო, დარჩი ნათლიად, არავინ არ გაგდებს. თუ შენ ქრისტე არ გიყვარს, თუ შენ შენს ცოდვებს არ ნანობ და არ განიცდი, არ მიდიხარ უფლისკენ ამ გზაზე, მაშინ რისთვის დგები ნათლიად? რატომ იმძიმებ საკუთარ პასუხისმგებლობას? საკუთარ სულს? შენ ხომ აუცილებლად მოგიწევს წარდგომა უფლის წინაშე და რატომ იმძიმებ სულს?“ როდესაც მეკითხებიან, რამდენად მისაღებია სამ ნათლიაზე მეტიო, 50 იყოს, თუ გინდათ, თუ მათგან ყველა გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ნათლიობა ჰქვია. ასე უნდა მიუდგეთ, თორემ შეზღუდვა 2 იქნება, 4 თუ 6 ნათლია, აბსოლუტურად არაფერი არ არის. უბრალოდ წმინდა ფსიქოლოგიური გათვლიდან გამომდინარე, რაც უფრო ცოტაა, მით უფრო კარგად იაზრებენ პასუხისმგებლობას და რაც უფრო მეტნი არიან, უფრო ერთმანეთის იმედზე არიან. ეს პრობლემა არის ხოლმე, სხვა არაფერი,“ – აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ასაკიდან შევიყვანოთ ბავშვი სპორტზე და რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ამა თუ იმ სახეობაზე შეყვანას გადავწყვეტთ? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ბავშვთა ორთოპედი ამირან შარაბიძე ესაუბრა

რა ასაკიდან შევიყვანოთ ბავშვი სპორტზე და რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ამა თუ იმ სახეობაზე შეყვანას გადავწყვეტთ? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ბავშვთა ორთოპედი ამირან შარაბიძე ესაუბრა
რა ასაკიდან შევიყვანოთ ბავშვი სპორტზე და რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ამა თუ იმ სახეობაზე შეყვანას გადავწყვეტთ? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ბავშვთა ორთოპედი ამირან შარაბიძე ესაუბრა. 

- ფიზიკური აქტივობა აუცილებელა ბავშვებისთვის. რა ასაკიდან დავაწყებინოთ სპორტული ცხოვრება?

- ფიზიკური აქტივობა, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში, როდესაც გავრცელდა ცხოვრების პასიური წესი, აუცლებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. სპორტი არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობის საშუალება, ის დიდ როლს თამაშობს პიროვნების მენტალური ჩამოყალიბების პროცესშიც. სპორტთან ერთად ბავშვი ხდება სოციალურად მეტად აქტიური, იძენს მეგობრებს, სწავლობს სირთულეების გადალახვას, სხვების პატივისცემას და ა.შ.

სპორტული აქტივობის დაწყება თეორიულად ნებისმიერი ასაკიდან შეიძლება. ამის ნათელი მაგალითია ცურვა, რომელსაც ბავშვები 1 წლამდე სწავლობენ, თუმცა სპორტის არსის გათავისება მხოლოდ 5-6 წლიდან იწყება, ამ დროისთვის ასევე იხვეწება ნეირო-მოტორული შესაძლებლობები. მანამდე სპორტზე სიარულსაც აქვს აზრი, მაგრამ არა სპორტული, უფრო გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით. ზოგადად, სპორტული ცხორების დაწყების ოპტიმალურ ვადებად მიჩნეულია 4-8 წლები.

- კონკრეტულად, რომელ ასაკში, რომელ სპორტს ურჩევდით მშობლებს, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, რაზე შეიყვანონ შვილი?

- პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი უკვე პიროვნებაა, მას აუცილებლად უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, უნდა დავუსვათ კითხვები, გავიგოთ მისი ინტერესების შესახებ და ამის შემდეგ შევთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი, რათა მისთვის უინტერესო სახეობის გამო საერთოდ არ გაუქრეს სპორტის მიმართ ინტერესი.

ზოგად რჩევებს რაც შეეხება, გასათვალიწინებელია ბავშვის ასაკი, კონსტიტუციური აგებულება, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. 

მაგალითად, ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის სასურველია რომელიმე საბრძოლო ხელოვნება, სადაც ენერგიას დახარჯავენ, საუკეთესო ვარიანტად ბევრის აზრით მიჩნეულია ძიუდო. 

მათთვის ვისაც ბუნება უყვარს-ცხენოსნობა, კლდეზე ცოცვა. 

ინტროვერტი ბავშვებისთვის სპორტის გუნდური სახეობები, სადაც გაიხსნებიან და სხვებთან ურთიერთობას მიეჩვევიან. 

ცოტა მოუქნელებისთვის კალათბურთი, რომელიც მოტორიკას ანვითარებს. 

თუმცა, თუ უნდა დავასახელოთ ერთი უნივერსალური სახეობა, რომელსაც ყველასთვის მეტ-ნაკლებად შეუძლია სარგებლის მოტანა, ესაა ცურვა, რადგან წყალში გრავიტაციის ძალა 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ზედაპირზე, ძვალ- სახსროვანი სისტემა ნაკლებადაა დატვირთული, ხოლო იმის გამო, რომ წყლის სიმკვრივე მეტია ჰაერისაზე, ერთი და იგივე მოძრაობის განხორცილებისთვის კუნთს წყალში უწევს დაახლოებით 4-ჯერ მეტი სამუშაოს შესრულება, ეს ორი მოცემულობა იძლევა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისთვის ოტიმალურ პირობებს. გარდა ამისა, ცურვის დროს კარგად ვითარდება კარდიო-ვასკულური და რესპირატორული სისტემები, მენტალური თვალსაზრისით კი ბავშვი იძენს თავდაჯერებულობას.

- მშობლებს ხშირად აწუხებთ ბავშვის სიმაღლის საკითხი, ასეთ შემთხვევაში, არის თუ არა რომელიმე სპორტის სახეობა ეფექტური სიმაღლეში ზრდისთვის და რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

- საყოველთაოდ გარცელებული შეხედულების თანახმად, კალათბურთი ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას, ხოლო ათლეტიზმი და ჭიდაობა პირიქით, ხელს უშლის. დღესდღეობით, არ არსებობს არც ერთი სარწმუნო მეცნიერული კვლევა, რომელიც ამ მოსაზრებას ცალსახად დაადასტურებდა, თუმცა დადგენილია, რომ კვირაში დაახლოებით 18 საათით ინტენსიური ვარჯიშის პირობებში ხდება ზოგიერთი ჰორმონის სეკრეციის სტიმულირება, მათ შორის საინტერესოა Insulin-like growth factor 1 (IGF-1), რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ზრდის პროცესში, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორი, სპორტული აქტივობით ბავშვის დატვირთვის ხანგრძლივობა ძლიერაა დამოკიდებული მის ასაკზე, ზედმეტი ვარჯიში ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას, ხოლო 18 საათი პუბერტამდელი (პუბერტული ანუ მომწიფების პერიოდი) ასაკისთვის ძალიან ბევრია.

ადამიანის ზრდის პროცესს არეგულირებს ენდოკრინული სისტემა, ამიტომ თუ მშობელს საფუძვლიანი კითხვები გააჩნია ამ მიმართულებით, უმჯობესია მიმართოს ენდოკრინოლოგს, რათა შეფასდეს ბავშვის ჰორმონალური ბალანსი და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ადეკვატური ჩარევა.

- თუ ბავშვი სუსტი აღნაგობისაა ან პირიქით, სიმსუქნისკენ არის მიდრეკილი, რომელი სპორტია უკეთესი, ორივე შემთხვევაში?

- ჭარბი წონა ნიშნავს ძვალ-სახსროვანი სისტემის ჭარბ დატვირთვას, ამიტომ არაა სასურველი სპორტის სახეობები, რომლებიც დაკავშირებულია სხეულის ვერტიკალურ დატვირთვასთან, სირბილთან, ფეხზე დიდხანს დგომასთან. 
ზოგადად, ჭარბწონიანობა არაა მდგომარეობა, რომელიც „მარტო მოდის“, ძვალ-სახსროვანის გარდა მას ახასიათებს კარდიო-ვასკულარული, ედოკრინული, რესპირატორული, დიგესტიური სისტემის დაზიანებები, ამიტომ თუ ბავშვის სხეულის მასის ინდექსი სცილდება, ან მიახლოებულია მაქსიმალურ, ან მინიმალურ მაჩვენებლებთან, გირჩევდით მიგემართათ სპეციალისტისთვის. დროულად დაწყებული მკურნალობა შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

- რა დროს არ შეიძლება ბავშვის სპორტით დაკავება და აუცილებელია თუ არა სანამ გადავწყვეტთ ამა თუ იმ სახეობაზე შეყვანას, მივმართოთ სპეციალისტს?

- თუ ბავშვს არ აქვს ისეთი ქრონიკული ან მწვავე დაავადება, რომელიც ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობას გამორიცხავს, სწორად შერჩეული სპორტის სახეობისგან თავის შეკავება საჭირო არაა.

წაიკითხეთ სრულად