Baby Bag

რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ბავშვს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი

რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ბავშვს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ბავშვის ნათლობისას რამოდენიმე ნათლიის ყოლის წესზე ისაუბრა და განმარტა რამდენი ნათლიის ყოლაა დასაშვები:

„მე ისეთ პერიოდში მოვინათლე, როდესაც ყველას გვყავდა თითო ნათლია. თითო ნათლიაზე მეტი არ გვყავდა არავის. მაქსიმუმი იყო, რომ ვინმეს ორი ნათლია ჰყოლოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რამდენად იაზრებს ნათლია თავის მოვალეობას, თავის პასუხისმგებლობას. ეს არის არსებითი. თუ არის ხუთი ნათლია და ხუთივე იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, იყოს ხუთივე. არაფერს არ აფუჭებს ეს.

თუ ნათლიებიდან ვერცერთი ვერ იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, რასაც აკისრებს მათ ნათლიობა, მაშინ არცერთი არ უნდა იყოს. ზოგადად ასე ხდება, რომ რაც უფრო მეტია ნათლია, მით უფრო მეტად ერთმანეთის იმედზე არიან და თვითონ ცდილობენ გაექცნენ დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რომელსაც აკისრებთ ის აღთქმები, რომელსაც უფლის წინაშე ნათლობის დროს დებენ. როდესაც ერთია ნათლია ან ორი, მათ იციან, რომ მარტო თვითონ არიან და აცნობიერებენ, რომ თვითონ უნდა იტვირთონ ბოლომდე ეს პასუხისმგებლობა. მე ვაფრთხილებ და ვეუბნები ხოლმე, რას ნიშნავს ნათლიობა. მთავარი ის არის ჩემთვის, რომ გაიაზრონ რა არის ნათლიობის არსი. მათ ვეუბნები ხოლმე: „არ აიკიდოთ საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა, რომლის ტვირთვასაც ვერ შეძლებ. თუ შენ ცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით, თუ შენთვის ქრისტე სასურველია და მას ეტრფი, კი ბატონო, დარჩი ნათლიად, არავინ არ გაგდებს. თუ შენ ქრისტე არ გიყვარს, თუ შენ შენს ცოდვებს არ ნანობ და არ განიცდი, არ მიდიხარ უფლისკენ ამ გზაზე, მაშინ რისთვის დგები ნათლიად? რატომ იმძიმებ საკუთარ პასუხისმგებლობას? საკუთარ სულს? შენ ხომ აუცილებლად მოგიწევს წარდგომა უფლის წინაშე და რატომ იმძიმებ სულს?“ როდესაც მეკითხებიან, რამდენად მისაღებია სამ ნათლიაზე მეტიო, 50 იყოს, თუ გინდათ, თუ მათგან ყველა გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ნათლიობა ჰქვია. ასე უნდა მიუდგეთ, თორემ შეზღუდვა 2 იქნება, 4 თუ 6 ნათლია, აბსოლუტურად არაფერი არ არის. უბრალოდ წმინდა ფსიქოლოგიური გათვლიდან გამომდინარე, რაც უფრო ცოტაა, მით უფრო კარგად იაზრებენ პასუხისმგებლობას და რაც უფრო მეტნი არიან, უფრო ერთმანეთის იმედზე არიან. ეს პრობლემა არის ხოლმე, სხვა არაფერი,“ – აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ - შალვა ამონაშვილი

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვების სიზარმაცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი:

„როგორც წყალი გინდა რომ დალიო და ეძებ, სად დავლიოო, ასე სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდოდეს. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასდროს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს, მიდის და მიდის წინ.“

„ეს არის ბავშვი! ამ დროს ბავშვს მიაწებო იარლიყო, რომ ზარმაცია, ზანტია, არ უნდა, არასწორია. დედები ხშირად დასმენებით მოდიან: „ჩემი შვილი წიგნს არ იღებს ხელში, საშინაო დავალებას არ ასრულებს.“ სულ დასმენებია. თითქოს რა ცუდები არიან შვილები და თვითონ კარგები არიან. დედით უნდა დაიწყო და მამით!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად