Baby Bag

„ბავშვებს ვხედავთ საჭესთან, მძღოლის გვერდით ფანჯრებიდან გადმოწოლილებს... ჩვენთან ბავშვების სიცოცხლე არ არის დაცული,“- ორგანიზაცია „your car seat“-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე

„ბავშვებს ვხედავთ საჭესთან, მძღოლის გვერდით ფანჯრებიდან გადმოწოლილებს... ჩვენთან ბავშვების სიცოცხლე არ არის დაცული,“- ორგანიზაცია „your car seat“-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე

ორგანიზაცია „your car seat“-ის წარმომადგენელმა ლანა გიორგიძემ საბავშვო სავარძლის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონი მშობლებს სამგზავრო სავარძლის გამოყენებას არ ავალდებულებს, რაც ბავშვის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს:

„საქართველოს კანონის თანახმად, სამ წლამდე ასაკის ბავშვი უნდა იჯდეს სავარძელში ან 16 წელზე უფრო დიდი მოზარდის მუხლებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ბავშვის სიცოცხლეს ვრისკავთ. მუხლებზე ვერ დავიცავთ ბავშვის სიცოცხლეს. შეჯახების დროს ბავშვი ინერციით წავა წინ, ჩვენი წონაც ემატება მას და უფრო დიდი ძალით გადავისვრით ბავშვს. 40 კილომეტრი საათი სიჩქარით თუ მივდივართ და შეჯახება მოხდება, ბავშვის ხელში დაჭერის შანსი იგივეა, რომ 300 კილოგრამი დავიჭიროთ ხელში. ეს ხომ წარმოუდგენელია. შეუძლებელია, რომ ასე უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ ბავშვი ხელში. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვი იჯდეს სამგზავრო სავარძელში.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში სავალდებულოა სამგზავრო სავარძლის ტარება. ევროპის ქვეყნებში ეს არის 12 წლამდე, აშშ-ში 8 წლამდე. გარდა ევროპისა და ამერიკისა, ეს სავალდებულოა აზიის ქვეყნებშიც. ჩვენთან კი ბავშვების სიცოცხლე არ არის დაცული, იმიტომ, რომ ეს არ არის სავალდებულო. გარდა სამგზავრო სავარძლებისა, ბავშვებს ვხედავთ საჭესთან, მძღოლის გვერდით ფანჯრებიდან გადმოწოლილებს. ეს ხომ არ არის ფინანსებთან დაკავშირებული, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლე დავიცვათ და მოვათავსოთ უკანა სავარძელზე,“- მოცემულ საკითხზე ლანა გიორგიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად