Baby Bag

„არ დაუყვირო ბავშვს, გიყვარდეს ბავშვი, არ უნდა სცემო,“- მხოლოდ ეს არ არის ჰუმანური პედაგოგიკა,“ - შალვა ამონაშვილი

„არ დაუყვირო ბავშვს, გიყვარდეს ბავშვი, არ უნდა სცემო,“- მხოლოდ ეს არ არის ჰუმანური პედაგოგიკა,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰუმანიზმის ნამდვილი მნიშვნელობა ადამიანებს ხშირად სწორად არ ესმით:

„რა არის ჰუმანური პედაგოგიკა? შეიძლება ეს ძალიან ადვილ ამბად მოგეჩვენოთ. ბავშვი უნდა გიყვარდეს და ჰუმანური პედაგოგიკაც იქნება. არ უნდა დაუყვირო ბავშვს, არ უნდა სცემო. აბა სხვა რა უნდა ჰუმანურობას?! კეთილად მოექეცი. ეს ძალიან ცოტაა. ამაში ჰუმანურობა ძალიან ცოტაა. აგერ ჩემი ჩრდილი დგას. სუსტია, მაგრამ ჩემი ჩრდილია. ვინმე იტყვის, რომ ეს ჩრდილი მე ვარ?! მე ვდგავარ, ვლაპარაკობ, ვაზროვნებ. ეს ჩრდილი ჩემი ანარეკლია. ჰუმანურობის ეს აზრები, რაც ახლა ვთქვი, ჩრდილია ჰუმანურობის არსისა.

ჰუმანურობა არ არის მარტო სიყვარული, არ არის მარტო კეთილი მოქცევა ერთმანეთის მიმართ. ეს ჩრდილია. რა არის ამის სინამდვილე? სიტყვა ჰუმანური სანსკრიტულია. თარგმანში ნიშნავს: „მოკვდავი, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს.“ მოკვდავი, რომელიც თავის თავში ღმერთს ეძებს, მოკვდავი, რომელიც თავის თავში საკუთარ თავს დაეძებს: ვინ ვარ მე? რად გავჩნდი? რისთვის მოვედი? სად გავედი? ამ სიტყვას თავისი საწინააღმდეგო სიტყვაც აქვს და ის აღნიშნავს, მოკვდავს, რომელიც არღვევს კავშირს უზენაესთან. პედაგოგებს ხშირად ვეკითხები: „თქვენ ჰუმანურები ხართ?“ „დიახ,“- ყვირიან ყველანი. „მაშ, რად მოხვედით სემინარზე? თუ ჰუმანურები ხართ, წადით და იმუშავეთ.“ ისინი ჩრდილის ჰუმანურები არიან და არა არსისა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად