Baby Bag

„დღეს ოჯახები ხშირად ელემენტარული რაღაცის გამო ინგრევა... როგორც კი პატარა პრობლემა ჩნდება, იწყება ლაპარაკი ოჯახის დანგრევაზე,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„დღეს ოჯახები ხშირად ელემენტარული რაღაცის გამო ინგრევა... როგორც კი პატარა პრობლემა ჩნდება, იწყება ლაპარაკი ოჯახის დანგრევაზე,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახების ნგრევის სიხშირის პრობლემაზე ისაუბრა:

„დღეს ოჯახები ხშირად ელემენტარული რაღაცის გამო ინგრევა. ინგრევა იმის გამო, რომ ადამიანებს ერთმანეთთან პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. როგორც კი რაღაც პატარა პრობლემა წარმოიშვება ოჯახში, იმ წუთში იწყება ლაპარაკი, რომ მოდი, ოჯახი დავანგრიოთ. საშინელებაა, როდესაც გათავისებული და გააზრებული არ გაქვს ოჯახის შექმნა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება ადამიანი, როდესაც ოჯახს გაუაზრებლად ქმნის.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს მეგობარიც არ ჰყავს, რომელმაც შეიძლება ურჩიოს, რომ ოჯახი შეინარჩუნოს. სადაც ვყოფილვარ და მომისმენია, თითქმის ყველა ასე მსჯელობს: „აბა რა, ხომ არ აიტანს ამას? ერთმანეთი ხომ არ უნდა აიტანონ? სჯობს, რომ ოჯახი დაანგრიოს.“ როგორც კი რამე პრობლემა წარმოიქმნება, თითქმის ყველა მეგობარს ურჩევს, რომ ოჯახი დაანგრიოს. ათასში ერთი ადამიანია, რომელიც იტყვის: „მოდი, მოვითმინოთ. ვნახოთ, შეიძლება გამოვასწოროთ.“

მე ბევრი შემთხვევა მქონია, რომ ბევრი ოჯახი გადამირჩენია დანგრევას იმით, რომ რაღაც საერთო გამოგვინახავს ამ ადამიანებს შორის. ერთს დაუთმია, ან მეორეს დაუთმია, ოჯახი შეუნარჩუნებიათ, შვილებიც გაუჩენიათ მერე და დღეს ძალიან ტკბილი ოჯახები აქვთ ამ ადამიანებს. მათ პასუხისმგებლობა აიღეს ერთმანეთზე. ადამიანის წინაშე ვალდებულება იგრძნეს. ადამიანი ხარ მაშინ, როდესაც ვალდებულებებს გრძნობ. დღევანდელ საზოგადოებაში ვალდებულება არავის წინაშე არ გაქვს. ეს მუხტი შემოვიდა ერში, რომ შენ არავის წინაშე ვალდებული არ ხარ, შენ შენი ცხოვრება გაქვს. არ არის კარგი, რომ შენ ცხოვრებაში ვიღაც ერევა, გაკრიტიკებს, ჩხირკედელაობს, გირკვევს საით წახვიდე-წამოხვიდე, რა ჩაიცვა ან არ ჩაიცვა. ეს ძალიან ცუდია, როდესაც ვიღაც შენს ცხოვრებაში ერევა, მაგრამ როდესაც შენ ადამიანი ხარ, შენ გაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ოჯახის წინაშე, ღვთის წინაშე. როდესაც შენ ადამიანად თვლი თავს, საზოგადოების ნაწილიც ხარ აუცილებლად.

ოჯახის სიმტკიცე და სიძლიერე მოდის ერთმანეთის სიყვარულიდან, ერთმანეთისთვის დათმობიდან. სიყვარული არის ღმერთი. თუ საღმრთოდ აკეთებ ყველაფერს და ღმერთით აკეთებ, მაშინ მტკიცედ გაქვს ყველაფერი გათავისებული,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ „მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„მედია-კავშირი ობიექტივი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად