Baby Bag

„შენ უნდა იყო პირველი! შენ ყველას უნდა აჯობო!“ - ეს ძალიან მძიმე დამოკიდებულებაა და არ არის გამართლებული,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„შენ უნდა იყო პირველი! შენ ყველას უნდა აჯობო!“ - ეს ძალიან მძიმე დამოკიდებულებაა და არ არის გამართლებული,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლების მხრიდან შვილებისთვის მეტისმეტად მძიმე მოთხოვნების წამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ საკითხში ოქროს შუალედის პოვნა აუცილებელია:

„ჩვენ ყველაფერში უნდა შევინარჩუნოთ ოქროს შუალედი. არც ესაა გამართლებული: „შენ ლიდერი ხარ! შენ პირველი ხარ! შენზე მაგარი არავინ არ არის ამქვეყანაზე! შენ ყველას უნდა აჯობო! შენ ყველაზე წინ უნდა იყო!“ ბევრი მინახავს ასე, ძალიან დიდი პრობლემის წინაში დგებიან ისინი. ერთი მეგობარი მყავს. მისი შვილი ჭადრაკს თამაშობს. ბავშვი რომ გამოდის, წაგებას და მოგებას ერთნაირად აღნიშნავს. გამოვარდება: „მამიკო, იცი, დღეს წავაგე.“ ეს უხარია. ხალხი რომ ტირის წაგებაზე. რომ მოიგებს, ასევე სიხარულით გამოდის და ამბობს, რომ მოიგო. მან ისე გაზარდა შვილი, რომ წაგებასაც მიაჩვია და მოგებასაც. ადამიანი ასეა. ხან რაღაცას წააგებ, ხან რაღაცას მოიგებ. ეს დამოკიდებულება არის ნორმალური.

ხშირად არის ასეთი რაღაც: „შენ ლიდერი ხარ! შენ პირველი ხარ! შენ ყველას უნდა აჯობო! შენზე მაგარი არავინაა!“ - ეს არის საშინელი მდგომარეობა. ეს არის მეორე უკიდურესობა. ნებისმიერ რაღაცაში შუალედური მდგომარეობა არის დასაცავი. ოქროს შუალედი უნდა დაიცვა ყველაფერში. ასეთი დამოკიდებულება არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება. ეს ბავშვები მერე უკიდურეს მდგომარეობაში ვარდებიან.

არიან ბავშვები, რომლებსაც ცხოვრების სიმწარე აქვს გამოცდილი. ისინი ძალიან მძიმედ არიან. 12 წლის ბავშვი აზროვნებს, როგორც 18 წლის ბავშვი. მას ცხოვრებამ ანახა ეს გაკვეთილი. ეს სულ სხვა მდგომარეობაა კიდევ,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვამ „მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„მედია-კავშირი ობიექტივი“

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლის 10 ქცევა, რომელიც ბავშვის ტანტრუმს ამძაფრებს

მშობლის 10 ქცევა, რომელიც ბავშვის ტანტრუმს ამძაფრებს

მშობლები შვილების რთულ ქცევებს ხშირად არასწორად აფასებენ. რიგ შემთხვევაში შენიშვნის მიცემა ან კონკრეტულ ქცევაზე მშობლის მძაფრი რეაქცია ბავშვის ფრუსტრაციას და გაღიზიანებას იწვევს, რაც ყველაფერს უფრო მეტად ართულებს. ჩვენს სტატიაში მშობლის 10 ქცევას განვიხილავთ, რომელიც ბავშვებში ტანტრუმს ამწვავებს.

  • 1.მშობლის იმპულსური რეაქციები

მშობლები ძალიან ღიზიანდებიან, როდესაც ბავშვისთვის კონკრეტული ქცევის აკრძალვის შემდეგ ამჩნევენ, რომ ბავშვი კვლავ იმეორებს აღნიშნულ ქცევას. თინეიჯერულ ასაკამდე ბავშვს ქცევის კონტროლი და იმპულსების შეკავება უჭირს. ქცევის რეგულაციის სწავლა ხანგრძლივი და რთული პროცესია. როდესაც ბავშვი აკრძალულ ქცევას კვლავ იმეორებს, ​მოთმინების და სიმშვიდის გამოჩენა აუცილებელია.

  • 2.ჭარბი სტიმულაცია

ბავშვს ჭარბი სტიმულაცია ძალიან აღიზიანებს. არ არის აუცილებელი ბავშვი დღის განმავლობაში ძალიან გადავტირთოთ, თუნდაც მისთვის სასიამოვნო აქტივობებით. ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, ხმაური, თავგადასავლები ბავშვს ღლის. ჩვილებში მსგავსი გადაღლა ხასიათის ცვალებადობას და ჭირვეულობას იწვევს. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ჭარბი სტიმულაციის შედეგად იატაკზე წვებიან, ტანტრუმს აწყობენ, ნებისმიერ აქტივობაზე უარს აცხადებენ და ჭირვეულობენ. სასკოლო ასაკის ბავშვებში ჭარბი სტიმულაცია გადაღლას და უხასიათობას იწვევს. ისინი საშინაო და საკლასო დავალების შესრულებისას გამუდმებით დახმარებას ითხოვენ.

  • 3.ბავშვის ემოციის ამოცნობის უუნარობა

ბავშვის ხასიათის ცვლილების უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილების მიზეზების დადგენა ვცადოთ. ბავშვებს საკუთარი ემოციების ვერბალურად გადმოცემა უძნელდებათ. თქვენ ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის უსაფრთხო გარემოშია და თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. შეგიძლიათ, ბავშვის რთულ ემოციასთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილება გაიხსენოთ და მას გაუზიაროთ. ეს ბავშვს დაეხმარება საკუთარ განცდებზე ღიად ისაუბროს.

  • 4.ბავშვისთვის ნეგატიური ემოციების გამოხატვაში ხელის შეშლა

ბავშვებს ემოციების რეპრესიის და დამალვის უნარი არ აქვთ. მშობელი ბავშვს უნდა დაეხმაროს, რომ მან ​საკუთარი ემოციების გამოსახატად შესაბამისი სიტყვები იპოვოს. ბავშვს საკუთარი სივრცე აუცილებლად უნდა მისცეთ და ნეგატიური ემოციების შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ.

  • 5.ბავშვის აქტივობის შეზღუდვა

მშობლები ძალიან იღლებიან და არ ესმით, რატომ ვერ ახერხებენ ბავშვები მოსვენებას. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენჯერ ეტყვით ბავშვს, რომ გაჩერდეს, ის მოძრაობას მაინც განაგრძობს. ბავშვებს იმდენი ენერგია აქვთ, რომ ისინი მოძრაობის დაუოკებელ სურვილს გრძნობენ. ნაცვლად იმისა, რომ მათ შენიშვნები მისცეთ, ბავშვების ენერგიას გარკვეული მიმართულება მიეცით. ბავშვთან ერთად პარკში გაისეირნეთ, ფეხბურთი ითამაშეთ ან ველოსიპედით ერთად გაისეირნეთ.

  • 6.ბავშვის ავტონომიის შეზღუდვა

​ბავშვები ხშირად აპროტესტებენ, როდესაც მშობლები მათ დახმარებას ცდილობენ, რადგან მათ ავტონომიურობის მოთხოვნილება აქვთ. მშობლებს ამის გაგება ხშირად უჭირთ და შვილების მძაფრი რეაქცია აღიზიანებთ. ბავშვებს საშუალება მიეცით, რომ რიგ შემთხვევებში დამოუკიდებლად იმოქმედონ. ამით მათ აგრძნობინებთ, რომ მიზნების მიღწევა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ.

  • 7.ბავშვის სუსტი მხარეების იგნორირება

ყველა ბავშვს ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები აქვს. ზოგიერთს კონცენტრაცია უკეთ გამოსდის, ზოგიერთი მეტად ინტუიციურია, ხოლო ზოგიერთი ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებული. ნებისმიერ უნარს თავისი მეორე მხარეც აქვს. პერფექციონიზმი მუშაობისას კარგია, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში პრობლემებს ქმნის. მშობელმა ორივე მხარე სწორად უნდა დაინახოს და ბავშვი არ უნდა გააკრიტიკოს მისი სუსტი მხარის წარმოჩენის გამო, რათა მას ფსიქოლოგიური ზიანი არ მიაყენოს.

  • 8.ბავშვის თამაშისთვის ხელის შეშლა

ბავშვებს თამაშის უდიდესი მოთხოვნილება აქვთ. თამაში ბავშვის განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა. ხშირად უფროსებს უჭირთ იმის აღქმა, რომ ბავშვი მათ სათამაშოდ ეპატიჟება და ეს ცუდ ქცევაში ერევათ. ბავშვს სურს, რომ საკუთარი ემოციები გაგიზიაროთ და თქვენთან კომუნიკაცია დაამყაროს. მიიღეთ ბავშვის შემოთავაზება, რომ თქვენთან ერთად ითამაშოს, მაშინაც კი, თუ ეს ყოველდღიურ რუტინას გირღვევთ.

  • 9.ნეგატიური ემოციის გადადება

ბავშვები გარშემომყოფების ემოციებს აირეკლავენ. ​თუ მშობლები გამუდმებით სტრესში არიან, შვილებიც მსგავს მდგომარეობაში იქნებიან. მშობლებმა ოჯახში მშვიდი ატმოსფერო უნდა შეინარჩუნონ, რათა ბავშვის განწყობაც შესაბამისი იყოს.

  • 10.არაეფექტიანი საზღვრების დაწესება

არაეფექტიანი საზღვრები და შეზღუდვები ბავშვებს აბნევს. ისინი ვერ იგებენ, რატომ დაასაჩუქრეს ერთ დღეს ტკბილეულით დაუმსახურებლად, მეორე დღეს კი ტკბილეული ვერ მიიღეს. აუცილებელია, რომ ოჯახში არსებულ წესებს ყოველთვის უერთგულოთ. როდესაც ბავშვებს გარკვეული და ჩამოყალიბებული წესები არ აქვთ, ისინი გაურკვევლობაში არიან და ხშირად ღიზიანდებიან.

მომზადებულია​ brightside.me -ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად