Baby Bag

„შენ უნდა იყო პირველი! შენ ყველას უნდა აჯობო!“ - ეს ძალიან მძიმე დამოკიდებულებაა და არ არის გამართლებული,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„შენ უნდა იყო პირველი! შენ ყველას უნდა აჯობო!“ - ეს ძალიან მძიმე დამოკიდებულებაა და არ არის გამართლებული,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლების მხრიდან შვილებისთვის მეტისმეტად მძიმე მოთხოვნების წამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ საკითხში ოქროს შუალედის პოვნა აუცილებელია:

„ჩვენ ყველაფერში უნდა შევინარჩუნოთ ოქროს შუალედი. არც ესაა გამართლებული: „შენ ლიდერი ხარ! შენ პირველი ხარ! შენზე მაგარი არავინ არ არის ამქვეყანაზე! შენ ყველას უნდა აჯობო! შენ ყველაზე წინ უნდა იყო!“ ბევრი მინახავს ასე, ძალიან დიდი პრობლემის წინაში დგებიან ისინი. ერთი მეგობარი მყავს. მისი შვილი ჭადრაკს თამაშობს. ბავშვი რომ გამოდის, წაგებას და მოგებას ერთნაირად აღნიშნავს. გამოვარდება: „მამიკო, იცი, დღეს წავაგე.“ ეს უხარია. ხალხი რომ ტირის წაგებაზე. რომ მოიგებს, ასევე სიხარულით გამოდის და ამბობს, რომ მოიგო. მან ისე გაზარდა შვილი, რომ წაგებასაც მიაჩვია და მოგებასაც. ადამიანი ასეა. ხან რაღაცას წააგებ, ხან რაღაცას მოიგებ. ეს დამოკიდებულება არის ნორმალური.

ხშირად არის ასეთი რაღაც: „შენ ლიდერი ხარ! შენ პირველი ხარ! შენ ყველას უნდა აჯობო! შენზე მაგარი არავინაა!“ - ეს არის საშინელი მდგომარეობა. ეს არის მეორე უკიდურესობა. ნებისმიერ რაღაცაში შუალედური მდგომარეობა არის დასაცავი. ოქროს შუალედი უნდა დაიცვა ყველაფერში. ასეთი დამოკიდებულება არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება. ეს ბავშვები მერე უკიდურეს მდგომარეობაში ვარდებიან.

არიან ბავშვები, რომლებსაც ცხოვრების სიმწარე აქვს გამოცდილი. ისინი ძალიან მძიმედ არიან. 12 წლის ბავშვი აზროვნებს, როგორც 18 წლის ბავშვი. მას ცხოვრებამ ანახა ეს გაკვეთილი. ეს სულ სხვა მდგომარეობაა კიდევ,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვამ „მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„მედია-კავშირი ობიექტივი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი,“- მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

„არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი,“- მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის კარგად მოვლისთვის საკუთარ თავზეც იზრუნონ:

„იმისთვის, რომ ბავშვს კარგად მოვუარო, თვითონ ჩემს თავზე აღმოვაჩინე ეს, მჭირდება, რომ მე თვითონ ვიყო იმ მომენტში კმაყოფილი. რას ვგულისხმობ ამაში? თუ ორივეს გვშია... მოგეხსენებათ, რომ ბავშვს სულ თამაში უნდა. ჩვენ ვიცით, რომ მას შია. მერე მე ვახვედრებ ხოლმე. აი, მუცელს მოვუსმინოთ, აბა რას გეუბნება? მგონი, შია. თვითონ ბავშვი ამას დიდად ვერ ხვდება.

როგორ ვიქცევი მე ყოველთვის? არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი, იმიტომ, რომ „დროზე“ თუ დაგემართა, ეს უკვე ძალიან ცუდია. თუ შენ ემოცია მოგდის, რომ „დროზე ჭამე! რას აკეთებ?!“ ეს ცუდია. მე მინდა, რომ ვიყო კმაყოფილი, მშვიდი. მე თვითონ არ მეჩქარებოდეს და არ ვშფოთავდე. შემდეგ ბავშვს მივუძღვნი დროს. ვაცდი მას, რომ თავისი ტემპით ჭამოს, მისი რიტმი ჰქონდეს, თავისი ხელით ჭამოს.

თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უმნიშვნელო გაღიზიანებაზეც კი გვიწევს ტონის აწევა, მშობელმა თვითმხარდაჭერას უნდა მიმართოს. მეტი პოზიტივი შემოვიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს, იქნება ეს გასეირნება, წიგნის წაკითხვა, გამოვყოთ სივრცე,“ - მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად