Baby Bag

ხარშვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, ეს მარტივი მეთოდი გამოიყენეთ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

ხარშვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, ეს მარტივი მეთოდი გამოიყენეთ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ ახალი კვერცხის ამოცნობის წესებსა და მისი შენახვისას აუცილებელ ჰიგიენის წესებზე ისაუბრა:

„როგორ ამოვიცნოთ ახალი კვერცხი? ახალი კვერცხი უნდა იყოს წონადი, არ უნდა იყოს მსუბუქი. მხოლოდ ამით, რა თქმა უნდა, არ ვაფასებთ. გარდა ამისა, კვერცხს ზედაპირი არ უნდა ჰქონდეს ძალიან პრიალა. თუ ზედაპირი ხაოიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დადებულია კვერცხი. შუქზე უნდა გავხედოთ კვერცხს და უნდა იყოს ღია ნარინჯისფერი. მას არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები. ეს იმას ნიშნავს, რომ დაძველებისკენ არის კვერცხი წასული.

ნუ შევიძენთ ისეთ კვერცხს, რომელიც ფრინველის ფეკალიებით არის დაბინძურებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახლში გავრეცხავთ, მაგრამ მისი გარეცხვა ძალიან საფრთხილოა. ის სრულად დაფარული არ არის, არის ფოროვანი. როდესაც წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ რეცხავენ კვერცხს, ღრუბელსაც იყენებენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი. ცივი წყალი კვერცხის შეკუმშვას იწვევს და ზედაპირზე რაც კი დაბინძურებაა შიგნით ჩაიტანს. კვერცხი უნდა გაირეცხოს ნელ-თბილ წყალში ძალიან დაბალ ნაკადზე.

კვერცხმა მინიმუმ 5 წუთი უნდა იდუღოს. თუ არ გვინდა, რომ კვერცხი დაგვისკდეს, მაცივრიდან გამოღებული კვერცხი 15-20 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„უხილავი მტერი არის სწორედ ტყვია, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად აზიანებს ბავშვის ორგანიზმს,“ - ივანე ჩხაიძე

„უხილავი მტერი არის სწორედ ტყვია, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად აზიანებს ბავშვის ორგანიზმს,“  - ივანე ჩხაიძე

​​პედიატრი ივანე ჩხაიძე ბავშვების ტყვიით მოწამვლის საფრთხის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თანამედროვე სამყაროში უხილავი მტერი სწორედ ტყვიაა, რომელიც ბავშვის ორგანიზმს უდიდეს ზიანს აყენებს:

„უხილავი მტერი არის სწორედ ტყვია, რომელსაც ვერავინ ხედავს, არავინ იცის, სად არის. ეს არის მტერი, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად აზიანებს ბავშვის ორგანიზმს. პედიატრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ზემოქმედება თავის ტვინზე. ის მოქმედებს თავის ტვინზე, რითიც აფერხებს ბავშვის განვითარებას. ის ზემოქმედებს სისხლზე, ​იწვევს ანემიას. ბავშვი გვიან იწყებს წინადადებებით საუბარს, არ შეუძლია ბაღში ან სკოლაში ლექსის დასწავლა, სკოლაში პრობლემები აქვს მათემატიკასა და ლიტერატურაში. ნიშნები შესამჩნევი ხდება მოგვიანებით, როდესაც ტყვიის ზემოქმედება თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდება.“

ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის ორგანიზმში ტყვიის ჭარბი შემცველობის დადგენა ორიდან შვიდ წლამდე ასაკში უნდა მოხდეს, რადგან შემდეგ ბავშვს ვერაფრით დავეხმარებით:

„ითვლება, რომ ტყვია ადამიანის ორგანიზმში საერთოდ არ უნდა იყოს, ნული უნდა იყოს მისი შემცველობა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიხედვით, ხუთამდე ტყვიის შემცველობა მისაღები მაჩვენებელია. ხუთის ზემოთ უკვე იწყება შემოწმება. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით მეტ პრობლემას გვიქმნის ბავშვის ორგანიზმში. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ორიდან შვიდ წლამდე ასაკი, როდესაც თქვენ ეს შეგიძლიათ ნახოთ, შემდეგ უკვე გვიან არის. შვიდი წლის შემდეგ თქვენ ბავშვს ვერაფერს შველით. ბავშვი ჩამორჩება გონებრივ განვითარებაში, რაც შემდეგ უკვე შეუქცევადი ხდება.“

​ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის ძალიან დიდი საფრთხეა უხარისხო სათამაშოებით თამაში, ბიჟუტერიისა და კოსმეტიკის გამოყენება:

„ბავშვებში ძალიან გვეშინია სათამაშოების. შეღებილი, უხარისხო სათამაშოების პირში ჩადება გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, გიხარიათ, რომ ბავშვი თამაშობს, მაგრამ სათამაშო თუ დაფარულია უხარისხო საღებავით, ჩათვალეთ, რომ დღეების განმავლობაში ბავშვი ჭამს ტყვიას. ყველა პროდუქტს, რომელიც იღებება, უნდა ჰქონდეს აღნიშნვა ტყვიის შემცველობის. გოგონებისთვის ერთ-ერთი დიდი რისკი არის პარფიუმერული ნაწარმი და ბიჟუტერია, რომელსაც ქუჩაში ყიდულობთ ყოველგვარი გარანტიის გარეშე. გოგონებს ძალიან უყვართ გაპრანჭვა, პომადა. ეს ყველაფერი არის ტყვიის შემცველი. ამ გზითაც შეიძლება, რომ ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს ტყვია.“

„ჩვენ გვაქვს სირაქლემას პოზიცია მეტყველებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი დედა ამბობს: „მე ხუთი წლისამ დავიწყე ლაპარაკი, მამამისი ხუთი წლის ასაკში ალაპარაკდა.“ ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის ხელისშემშლელი. ​როდესაც თქვენ ელოდებით, წლინახევრის ბავშვი, რომელიც ერთ სიტყვას ვერ ამბობს, როდის დაიწყებს ლაპარაკს და ამბობთ, რომ მამამისიც ასე იყო, რის გამოც სამ წლამდე არ მიდიხართ ექიმთან, ეს შეცდომაა,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

წყარო: ​თქვენი კლინიკა

წაიკითხეთ სრულად