Baby Bag

ხარშვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, ეს მარტივი მეთოდი გამოიყენეთ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

ხარშვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, ეს მარტივი მეთოდი გამოიყენეთ - მარიამ ჩაჩუას რეკომენდაციები

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ ახალი კვერცხის ამოცნობის წესებსა და მისი შენახვისას აუცილებელ ჰიგიენის წესებზე ისაუბრა:

„როგორ ამოვიცნოთ ახალი კვერცხი? ახალი კვერცხი უნდა იყოს წონადი, არ უნდა იყოს მსუბუქი. მხოლოდ ამით, რა თქმა უნდა, არ ვაფასებთ. გარდა ამისა, კვერცხს ზედაპირი არ უნდა ჰქონდეს ძალიან პრიალა. თუ ზედაპირი ხაოიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დადებულია კვერცხი. შუქზე უნდა გავხედოთ კვერცხს და უნდა იყოს ღია ნარინჯისფერი. მას არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები. ეს იმას ნიშნავს, რომ დაძველებისკენ არის კვერცხი წასული.

ნუ შევიძენთ ისეთ კვერცხს, რომელიც ფრინველის ფეკალიებით არის დაბინძურებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახლში გავრეცხავთ, მაგრამ მისი გარეცხვა ძალიან საფრთხილოა. ის სრულად დაფარული არ არის, არის ფოროვანი. როდესაც წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ რეცხავენ კვერცხს, ღრუბელსაც იყენებენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი. ცივი წყალი კვერცხის შეკუმშვას იწვევს და ზედაპირზე რაც კი დაბინძურებაა შიგნით ჩაიტანს. კვერცხი უნდა გაირეცხოს ნელ-თბილ წყალში ძალიან დაბალ ნაკადზე.

კვერცხმა მინიმუმ 5 წუთი უნდა იდუღოს. თუ არ გვინდა, რომ კვერცხი დაგვისკდეს, მაცივრიდან გამოღებული კვერცხი 15-20 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვთან სწორად მოქცევის გასაღები, როდესაც ბავშვი არ გვისმენს - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ბავშვთან სწორად მოქცევის გასაღები, როდესაც ბავშვი არ გვისმენს - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე მშობლების უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ბავშვები მათ არ უსმენენ:

„ძალიან ხშირად მშობლები მომმართავენ ხოლმე ჩივილით: „იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ, როგორ შეიძლება, რომ ბავშვი დავიმორჩილო. არ მისმენს, არ აინტერესებს, რას ველაპარაკები. მეცადინეობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.“ ​თითქოს უკვე კლასიკურია ეს მომართვა. ბავშვები არ უსმენენ, არ ემორჩილებიან მშობლებს. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ ხოლმე მშობლები ამ დროს. თუ ბავშვი არ გვისმენს და დავუყვირებთ, ეს გადაიქცევა ჩვეულებრივ მომენტად, ბავშვი მხოლოდ ყვირილზე გამოიხედავს. მასწავლებლებსაც მოუწევთ ყვირილი, იმიტომ, რომ სხვანაირად ბავშვი არ მოუსმენს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მერე თვითონაც იყვირებს. ამიტომ ყვირილს უნდა ვუთხრათ არა.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, ზოგჯერ მშობლები შეცდომებს უშვებენ. მთავარია, რომ მათ ეს შეცდომები დროულად გამოასწორონ:

​ზოგჯერ ყველაფერი ხდება. ვიყოთ რეალისტები. ზოგჯერ მშობელს შეიძლება გქონდეს ისეთი ცუდი დღე, იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ გეყვიროს. იმწუთასვე გამოვასწოროთ შეცდომა. ვუთხრათ ბავშვს: ეს შენ არ გეხება, ეს მე მეხება. მე ვერ გავაკონტროლე ჩემი ემოცია, შენ არაფერ შუაში არ ხარ.“ არსებობენ ცნობიერი მშობლები, რომლებსაც კარგად გაცნობიერებული ქმედებები აქვთ და არიან მშობლები, იმ მომენტს, რომელშიც არიან, კარგად ვერ აცნობიერებენ, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მეტ ენერგიას ხარჯავდნენ ზრუნვაში. სწორედ აქ მგონია, რომ არის სწორად მოქცევის გასაღები, რას ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ.“

მზიკო დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვებთან კონტაქტი არ უნდა დავკარგოთ და მათი საჭიროებები სწორად აღვიქვათ:

„როდესაც ბავშვს ვჭირდებით, ამას ბავშვები გამოხატავენ. ყველაზე მთავარია, შევძლოთ არ დავკარგოთ კონტაქტი ჩვენს შვილებთან. ეს კონტაქტი პასუხისმგებლობამ კი არ უნდა მართოს, რომ მე ვიყო კარგი დედა. როდესაც ბავშვი გეძახის და არ გცალია, გავაგონოთ. ​ავტომატური პასუხიც შეგვიძლია ვიქონიოთ ჩვენს შვილებთან. ვუთხრათ ბავშვს: „ახლა ვერ გელაპარაკები, მაგრამ შენზე ძვირფასს ვის უნდა დაველაპარაკო?!“ ეს დამოკიდებულება თუ არსებობს, ესმით ბავშვებს, დამიჯერეთ, რომ ესმით.“

„მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა. ბავშვმა რომ იცის მისი თავის მოსმენა, მას შეუძლია მეც ისე მომმართოს და მეც მოვუსმინო მას. ჩვენ თუ არ დავასწრებთ შეგონებებით, კარგია. მაგალითად, შია ბავშვს. ვაცადოთ, რომ მან თქვას რომ შია. ვეუბნებით: „ორი საათია, დაჯექი ჭამე!“ ბევრად მირჩევნია, რომ მე მოვიდე და გითხრა, რომ მშია. ​ჩვენ შეგვიძლია ცნობიერება ავუმაღლოთ ბავშვს და კითხვა დავუსვათ: ხომ არ მოგშივდებოდა? მე მომშივდა, შენ?“ - აღნიშნულ საკითხებზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად