Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვები არასდროს გვისმენენ, მაგრამ ჩვენს ქცევებს ყოველთვის იმეორებენ

ბავშვები არასდროს გვისმენენ, მაგრამ ჩვენს ქცევებს ყოველთვის იმეორებენ

დანიაში მშობლები ბავშვის აღზრდის განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებენ. ისინი ფიქრობენ, რომ კარგი შვილის აღსაზრდელად აუცილებელი არ არის იდეალური მშობელი იყო. დანიელი მშობლებისთვის სწავლა ბავშვისთვის ცოდნის პრაქტიკული გზით გადაცემას გულისხმობს. ისინი თვლიან, რომ პატარებისთვის უფროსების მაგალითი მთავარი გაკვეთილია. ბავშვები არასდროს გვისმენენ, მაგრამ ჩვენს ქცევებს ყოველთვის იმეორებენ, სწორედ ამიტომ, დანიაში მშობლები ცდილობენ, პირველ რიგში, თავად იცხოვრონ სწორად.

დანიაში მშობლები იმავე პრობლემებს აწყდებიან, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დედებს ისევე უხდებათ ბავშვების ჭირვეულობასთან და ისტერიკასთან გამკლავება, ხოლო მამებს უამრავი კითხვა აქვთ ბავშვთან ურთიერთობის სხვადასხვა მეთოდის შესახებ. რა თქმა უნდა, შეცდომებს დანიელი მშობლებიც უშვებენ, ხშირად მათი მიდგომებიც არ ამართლებს. პრობლემები აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ყოველთვის ვერ ეგუებიან მშობლების მიდგომებს. მიუხედავად ამისა, დანიელ მშობლებს ბავშვის აღზრდის საკმაოდ ორიგინალური და ინდივიდუალური მეთოდი აქვთ, რომელიც ურყევ პრინციპებს ეფუძნება.

  • სამართლიანობა

მშობლები და ბავშვები ერთად უნდა თამაშობდნენ. მათი ურთიერთობა თანასწორობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს. სამართლიან ურთიერთობებში ფიზიკური ან მორალური ძალადობისთვის ადგილი არ რჩება. ოჯახებში, სადაც სამართლიანობა მთავარი პრინციპია, ბავშვებს ისევე აფასებენ, როგორც უფროსებს. რა თქმა უნდა, მშობლები ბავშვების კაპრიზებს უპირობოდ არ ასრულებენ, მაგრამ ბავშვის პირადი სივრცის ხელშეუხებლობა მათთვის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს.

  • ჰარმონიულობა

ჰარმონიულობა გულისხმობს საკუთარი თავისთვის „კის“ თქმას, მაშინ როდესაც სხვების თხოვნას ზოგჯერ უარყოფითი პასუხით ისტუმრებთ. ეს ეგოიზმი და ნარცისიზმი ნამდვილად არ არის. ჰარმონიულ ოჯახებში მშობლები ერთმანეთს გარკვეულ საზღვრებს უწესებენ. ბავშვები ყველაფერს უფროსებისგან სწავლობენ. საკუთარ თავზე ზრუნვაც მათ მშობლებისგან უნდა ისწავლონ. დანიაში მშობლები საკუთარ სურვილებს ყოველთვის იკმაყოფილებენ, შემდეგ კი სხვების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას იწყებენ.

  • გულახდილობა

დანიელი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შესახებ სიმართლის ცოდნა და ნიღბების გარეშე ცხოვრება. ისინი ნებისმიერი ადამიანის უნიკალურობას აღიარებენ. მშობლებს ხშირად უჭირთ იმის აღიარება, რომ ბავშვები სამყაროს განსხვავებულად უყურებენ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებსა და უფროსებს შორის სხვაობა ნათლად დავინახოთ. ბავშვის უნიკალურობის აღიარებით, მას ვაძლევთ თავისუფლებას იყოს ის, ვინც სინამდვილეშია.

  • პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ყოველთვის უფროსებმა უნდა აიღონ. ბავშვებს ამქვეყნად უფროსები ავლენენ და არა - პირიქით. ჩვენ პატარებისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, მაგრამ ოჯახში არსებულ ატმოსფეროზე პასუხისმგებლობა ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ.

მშობელმა, პირველ რიგში, თავად უნდა აღიაროს საკუთარი თავი, როგორც უნიკალური პიროვნება, რათა ბავშვის ხასიათის თავისებურებებთან შეგუება არ გაუჭირდეს. მშობელმა საკუთარ თავს უნდა დაუწესოს გარკვეული საზღვრები, მას უნდა ჰქონდეს ურყევი ფასეულობები, რომელსაც არასდროს ღალატობს და არასდროს დაავიწყდეს, რომ ბავშვი მშობლის მაგალითზე სწავლობს.

მომზადებულია ​mel.fm- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად