Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბლენდერი არის ჩვენი თანამედროვეობის ძალიან დიდი პრობლემა. ბავშვებში ღეჭვის უნარის შეფერხება ხდება,“ - ანა წურწუმია

„ბლენდერი არის ჩვენი თანამედროვეობის ძალიან დიდი პრობლემა. ბავშვებში ღეჭვის უნარის შეფერხება ხდება,“ - ანა წურწუმია

ქცევითი თერაპევტი ანა წურწუმია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვის ჯანსაღი კვებითი ჩვევების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მშობლის დამოკიდებულება კონკრეტული საკვების მიმართ უდიდეს როლს ასრულებს:

​ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის დამოკიდებულებას საჭმლის მიმართ. რა დამოკიდებულებაც აქვს მშობელს საჭმლის მიმართ, იგივე დამოკიდებულება უყალიბდება ბავშვსაც. თუ მშობელს არ მოსწონს რომელიმე საჭმელი და გამოხატავს უარყოფით ემოციებს, ეს პირდაპირ გადადის ბავშვზე. შეიძლება რაღაც არ გვიყვარს, მაგრამ არ გამოვხატოთ უარყოფითი ემოციები ამ საჭმლის მიმართ.“

ანა წურწუმია გარკვეულ სტრატეგიებს გვთავაზობს, რომელთა დახმარებით ბავშვს არასასურველი პროდუქტის მიღებაში დავეხმარებით:

„თუ ბავშვი უარს ამბობს პომიდორზე, ​ჩვენ შევიმუშავებთ გარკვეულ სტრატეგიებს, რომელთა დახმარებით პომიდორი გახდება მისთვის საყვარელი საკვები. თუ ნახეთ, რომ ბავშვმა გადმოადგო და არ მოეწონა, დავიწყოთ შემდეგნაირად: ბავშვი უბრალოდ შეეხოს ერთი დღე პომიდორს, ითამაშოს. მეორე დღეს შეიძლება შევთავაზოთ, რომ დაყნოსოს პომიდორი, მესამე დღეს შეიძლება გვქონდეს სტრატეგია, რომ უბრალოდ ენა დაადოს პომიდორს. ასე თანდათანობით მივიდეთ იქამდე, რომ პირში ჩაიდოს. ჩემი საბოლოო მიზანი იქნება, რომ ბავშვმა ჩაყლაპოს პროდუქტი. ამის შემდეგ შემიძლია წავახალისო მისთვის სასურველი საჭმლით.“

ანა წურწუმია აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის ქცევით მოდელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

„ბავშვები სახლში არ ჭამენ, მაგრამ ბაღში როდესაც ხედავენ, რომ თანატოლები ჭამენ, იწყებენ ჭამას. თ​უ ბავშვს საკვები არ უყვარს, არ მოსწოს, სხვაგანაც არ შეჭამს. მას აქვს მიმღებლობა ამ საჭმლის, მაგრამ სახლის გარემოში არსებული გარკვეული მიზეზების გამო სახლში არ ჭამს. მშობლის ემოციური დამოკიდებულება საჭმლის მიმართ, შესაძლოა, ძალიან კარგად ჩანდეს ბავშვისთვის. საჭმლით თამაში არის აბსოლუტურად გამართლებული, რასაც მშობლები არ ამართლებენ ხოლმე. მათ ეზარებათ ხშირ შემთხვევაში. საჭმლით თამაში არის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, რომ ბავშვმა შემდგომში საკვები დააგემოვნოს.“

ანა წურწუმიას თქმით, ბავშვს ტკბილეული ჯანსაღი საკვებისადმი ნეგატიურად განაწყობს:

„ხშირად ხდება, რომ ტკბილეული აფუჭებს ბავშვებს. მათ გასინჯეს ტკბილეული და ტკბილეულის ფონზე წვნიანი აღარ ეგემრიელებათ. ბავშვი საჭმელს შიშის გამო არ უნდა ჭამდეს. დაძალება არის აბსოლუტურად გამორიცხული მეთოდი. ​შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზები, რის გამოც ბავშვი არ ჭამს. შეიძლება იყოს ცუდი გამოცდილებაც. გადამცდა საჭმელი, რის გამოც უარს ვამბობ არამხოლოდ ამ საჭმელზე, არამედ ყველა მასთან მიახლოვებულ და მიმსგავსებულ საკვებზე. შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვს აქვს მომატებული მგრძნობელობა ფაქტურის, სუნის, გემოს მიმართ.“

„ბლენდერი არის ჩვენი თანამედროვეობის ძალიან დიდი პრობლემა. ​ბავშვები იმდენად ეჩვევიან დაბლენდერებულ საჭმელს, რომ მყარ საკვებზე გადასვლა ძალიან უჭირთ. ღეჭვის უნარის განვითარების შეფერხება ხდება. ჩვენ გვიწევს მუშაობა ღეჭვის უნარის განვითარებაზე. ერთი წლის ასაკიდან ბლენდერი უნდა გავაქროთ,“ - აღნიშნავს ანა წურწუმია.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად