Baby Bag

„თუ გინდათ, რომ თქვენი მარხვა იყოს ნაყოფიერი, დაისახეთ ეს კონკრეტული მიზანი...“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

„თუ გინდათ, რომ თქვენი მარხვა იყოს ნაყოფიერი, დაისახეთ ეს კონკრეტული მიზანი...“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ნაყოფიერი მარხვისთვის ადამიანებს საინტერესო რჩევა მისცა:

„თუ გინდათ, რომ თქვენი მარხვა იყოს ნაყოფიერი, ყოველთვის მარხვის დაწყების წინ და ეს ახლაც არ არის გვიან, დაისახეთ მიზნად კონკრეტული მიზანი, კონკრეტული ცოდვა ამოიღეთ მიზანში. სთხოვეთ უფალს, რომ შეგეწიოთ ამ ცოდვასთან ბრძოლასა და გამარჯვებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ კაცთმოყვარე ღმერთი აუცილებლად შეისმენს თქვენს ვედრებას და აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ დაძლიოთ ესა თუ ის ვნება და ცოდვიანი მიდრეკილება, თორემ იცოდეთ, რომ ძალიან მალე დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და შეიძლება თქვენ არ აღმოგაჩნდეთ ის შინაგანი სულიერი აღფრთოვანება და სიხარული, რომლითაც უნდა ხვდებოდეს ნებისმიერი ქრისტიანი უფლის ბრწყინვალე აღდგომას.

შეიძლება თქვენთვის აღდგომის უბრწყინვალესი და უდიადესი დღესასწაული გადაიქცეს მხოლოდ გასტრონომიულ დღესასწაულად. ეს ტრაგედია რომ არ დაგვემართოს, მინდა მოგიწოდოთ, რომ სულიერად მოიმართოთ და იცოდეთ, რომ აუცილებლად დიდი იქნება სიხარული აღდგომის ჟამს და იგრძნობთ, რომ მარხვის შემდეგ იმაზე თუნდაც ცოტა უკეთესი გახდით, ვიდრე მანამდე იყავით, სანამ მარხვა დაიწყებოდა,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„პედაგოგიკა ეს არის სინამდვილეში, რომ ტკბილი რაღაცები მოგცენ და წამალი მოაყოლონ,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„პედაგოგიკა ეს არის სინამდვილეში, რომ ტკბილი რაღაცები მოგცენ და წამალი მოაყოლონ,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში პერფექციონიზმის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პერფექციონიზმი ხშირად ბავშვში შფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზი ხდება:

„პერფექციონიზმი ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. ეს იწვევს ბავშვის შფოთვას. როგორც წესი, ბავშვი ასე არ მიჰყავთ ხოლმე სპეციალისტთან. ბავშვი სპეციალისტთან მიჰყავთ იმის გამო, რომ აქვს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. მერე აღმოჩნდება, რომ შფოთვა აქვს იმის გამო, რომ უნდა იყოს მოსაწონი ახლობლებისთვის და უნდა იყოს საუკეთესო. ეს შეიძლება არც იყოს დამოკიდებული ოჯახურ სიტუაციაზე. ​ხასიათობრივადაც შეიძლება ტიპი იყოს ასეთი. მშობელს ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება. მშობლისგან ბავშვს უნდა ესმოდეს ტექსტები, რომ ბავშვს რისი გაკეთებაც შეუძლია, მან ის უნდა გააკეთოს. ბავშვი საბოლოოდ დაიჯერებს იმას, რომ მისი ავტორიტეტი მშობლისთვის მისი მიღწევები არ არის მნიშვნელოვანი და ის ამ მიღწევების გარეშეც ეყვარებათ.“

თამარ გაგოშიძემ ბავშვებში მოტივაციის ნაკლებობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ხშირად არ იციან ,რა ინტერესები აქვთ მათ შვილებს:

„ხშირად მშობლებს რომ ვეკითხები, ​რა აინტერესებთ-მეთქი თქვენს შვილს, ვერ მპასუხობენ. მერე აღმოჩნდება, რომ ბავშვს რაღაცები აინტერესებს. „ვერაფრით ვერ დავაინტერესე ბავშვი სკოლაში ვერცერთი საგნით,“ - ეს ნიშნავს იმას, რომ მოტივაცია და ჩართულობა არ აქვს ბავშვს. ისმის კითხვა: როგორ უნდა გავუზარდოთ მოტივაცია და ჩართულობა? არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ინტერესი არ აქვს. ეს არის ტყუილი.“

„მნიშვნელოვანია, პედაგოგმა და მშობელმა ერთობლივად იპოვონ ის ველი, სადაც შეიძლება ბავშვს ანკესი მოსდო. ყველა ბავშვის „ყიდვა" შეიძლება ადვილად. მე არ მინახავს ბავშვი, რომელსაც რაღაც ინტერესი არ ჰქონია, უბრლაოდ ჩვენ ამას ცხადად ვერ ვხედავთ. მერე უნდა მოხდეს შეჯვარება იმის, რაც აინტერესებს, იმასთან, რაც არ აინტერესებს და გავხადოთ ეს პროცესი სასიამოვნო. ​პედაგოგიკა ეს არის სინამდვილეში, რომ ტკბილი რაღაცები მოგცენ და წამალი მოაყოლონ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად