Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად