Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ თაობისთვის ესეც პრობლემაა, ბავშვი შორდება დედასაც, მამასაც. იქნებ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ურთიერთობებს,“ - რუსუდან აბრამიძე

„ამ თაობისთვის ესეც პრობლემაა, ბავშვი შორდება დედასაც, მამასაც. იქნებ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ურთიერთობებს,“ -  რუსუდან აბრამიძე

ფილოლოგი რუსუდან აბრამიძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ თანამედროვე დედებისა და შვილების ურთიერთობების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დედა კვლავ რჩება ბავშვის მთავარ გულშემატკივრად, თუმცა აღზრდის ფუნქცია სკოლაზეც არის გადანაწილებული:

„ტექნიკურმა განვითარებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ქალის როლიც შეიცვალა სასიკეთოდ, ერთის მხრივ. ქალი სოციალურად აქტიური გახდა და ძალიან კარგია, რომ ის აბსოლუტურად ყველა სფეროში წარმატებულია. შვილების გადასახედიდან, ეს ძალიან რთულად აისახა თვითონ შვილების ცხოვრებაზე. დედაზე დიდი გულშემატკივარი დღესაც არ ჰყავს ბავშვს, ეს ცხადია, დედაზე დიდი კეთილისმსურველი მას არ ჰყავს. ილია რომ ქართლის დედას ავალებს: „ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული,“ - დღეს ​ეს მისია ქართლის დედასთან ერთად სკოლასაც აქვს გადანაწილებული. დღეს ამ თაობისთვის ესეც პრობლემაა. ბავშვი შორდება დედასაც, მამასაც. პანდემიის დროს რამდენი გამოხმაურება იყო, რომ ოჯახები გამთლიანდა, ბედნიერები არიან, უყურებენ დედას, მამას, ერთად იყრის ოჯახი თავს, სადილის ტრადიცია აღდგა. რაღაცები იქნებ გადავაფასოთ ადამიანებმა, იქნებ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ურთიერთობებს. იქნებ სხვანაირად გადავანაწილოთ დრო და საკუთარი თავი, ეს ძალიან დიდი დილემაა.“

რუსუდან აბრამიძე აღნიშნავს, რომ თანამედროვე პედაგოგებს საზოგადოებისგან ყურადღება და დაფასება აკლიათ:

„მასწავლებელს დღეს ყველაზე მეტად აკლია საზოგადოების ყურადღება. თითქოს მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, ყველამ იცის, რომ სკოლა არის მომავლის სამჭედლო, სკოლა ზრდის თაობას, მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მასწავლებელს და სკოლას აკლია საზოგადოების რეალური ყურადღება. მასწავლებელს აკლია თანამდგომი. სკოლა საზოგადოების გარეშე თაობას ვერ გაზრდის. სკოლა უზარმაზარი მისიის მატარებელია, მაგრამ მას მხარს უნდა უბამდეს საზოგადოებაც. როდესაც სკოლას აქვს რაღაც ღირებულებები, შრომობს, ზრდის თაობას, მაგრამ რეალური ცხოვრება აბსოლუტურად არ ესადაგება იმ იდეალებს, რაზეც წარმატებული სკოლა მუშაობს, მაშინ სკოლის საქმეც ფუჭდება. მე ვფიქრობ, რომ ​სკოლის და მომავალი თაობის კეთილდღეობა მთლიანად საზოგადოების საფიქრალია. მე ვთვლი, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესია ჯერ კიდევ არ არის პრესტიჟული, დაფასებული.“

„აღზარდო ადამიანი, გქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ პიროვნება აღზარდო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა იმ პიროვნების წინაშე, რომელსაც ზრდი და საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. ​ჩემი იდეალი არის გავზარდო თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში იპოვის თავის ადგილს. თუ შევძლებ, რომ რამდენიმე მოსწავლეს მაინც ვაპოვნინო თავისი თავი ამ სამყაროში, მე ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მე ისეთ საგანს ვასწავლი, რომ ეს ჩემთვის შედარებით ადვილია,“ - აცხადებს რუსუდან აბრამიძე.

წყარო:​ „შემდეგი გაჩერება“

წაიკითხეთ სრულად