Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს ყურადღება უნდა მივაქციო არა მაშინ, როდესაც ის რაღაცას აშავებს, არამედ მაშინ, როდესაც სრული სიჩუმეა,“ - ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული

„ბავშვს ყურადღება უნდა მივაქციო არა მაშინ, როდესაც ის რაღაცას აშავებს, არამედ მაშინ, როდესაც სრული სიჩუმეა,“ - ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული

ფსიქოლოგმა თინათინ ჭინჭარაულმა ბავშვისთვის კონკრეტული ქცევის დასწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უფროსებს თუ სურთ, რომ ბავშვისგან რაღაც ქცევა დაინახონ, მათ ეს ქცევა ბავშვს თავად უნდა ასწავლონ:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვისგან დავინახოთ რაღაც ტიპის ქცევა, გამოდის, რომ ეს ქცევა უნდა ვასწავლოთ. ვასწავლოთ რა თვალსაზრისით? ყვირილზე როდის გადადიხართ ხოლმე? როდესაც ბავშვი რაღაცას ვერ აკეთებს, ​წყნარად ვერ ვაგებინებთ, ძალა არ გვაქვს და ვყვირივართ. შეიძლება ბავშვი მოვიდა, მოგქაჩა, შენ სხვა რაღაცით ხარ დაკავებული. მერე ძლიერად მოგქაჩა, უცებ „ბახ“ რაღაც გატყდა. მომენტალურად იქ ხარ. ყვირილი ხშირ შემთხვევაში ასრულებს კომუნიკაციის ფუნქციას.“

თინათინ ჭინჭარაულმა აღნიშნა, რომ ყვირილი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგია არ არის და მის ნაცვლად ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა გამოვნახოთ:

„დიდები ვიწყებთ გარკვევას, გვინდა აღმოვაჩინოთ კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები. ​თვითონ ვაცნობიერებთ, რომ ყვირილი არ არის ის ფორმა, რომლითაც გარესამყაროსთან უნდა ვურთიერთობდე. ჩვენ თვითონ ვიწყებთ მოძებნას რაღაც ახალი ეფექტიანი სტრატეგიების. ბავშვების შემთხვევაში ყვირილი არის ჩვენთან კომუნიკაციის ფორმა. უფროსების პასუხისმგებლობაა ვასწავლოთ მათ ჩვენთვის უფრო გასაგები ენით გაგებინება.“

თინათინ ჭინჭარაულის თქმით, ბავშვს ყურადღება მაშინ უნდა მივაქციოთ, როდესაც ის მოსაწონ ქცევას ავლენს და არაფერს აშავებს:

„ბავშვს ყურადღება უნდა მივაქციო არა მაშინ, როდესაც ის რაღაცას აშავებს, არამედ მაშინ, როდესაც სრული სიჩუმეა. დაშავების პროცესი ხმამაღალია ხოლმე. სრული სიჩუმე ნიშნავს, რომ ბავშვი რაღაცით ერთობა. ​სიჩუმე უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორი ჩემ მიერ ყურადღების ბავშვისკენ წარმართვის, ვიდრე ყვირილი. ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს, რომ ყვირილი კი არ იპყრობს ადამიანების ყურადღებას, არამედ სხვა რაღაც. მე ვასწავლი ბავშვს იმ კანონზომიერებას, რომ როდესაც რაღაცას კარგად აკეთებს, მე ამას ვხედავ. როდესაც ბავშვი ხატავს, უნდა ვიპოვო რა არის იქ ლამაზი და ეს წავახალისო.“

„როდესაც ვხედავ, რომ ბავშვს პირველად აქვს მცდელობა და თვითონ იწყებს დამოუკიდებლად კოვზით ჭამას, პირველად გამობაჯბაჯდება თავისი საძინებლიდან უცნაურად, მაგრამ დამოუკიდებლად ჩაცმული, უნდა წავახალისო. მას უნდა ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა, რომ ახალი ნაბიჯები გადადგას. ​ეს გაცილებით მეტ ძალისხმევად მოითხოვს ხოლმე ოჯახის წევრებისგან, მაგრამ საბოლოო შედეგი არის ჩვენთვის ბევრად უფრო სასიხარულო. მშობლები 12-14 წლის ასაკში არ აღმოაჩენენ, რომ თურმე დამოუკიდებლად არ ჭამს ბავშვი. ისინი არ აღმოაჩენენ, რომ თურმე დამოუკიდებლად ჩაცმა არ შეუძლია ბავშვს,“ - აღნიშნა თინათინ ჭინჭარაულმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად