Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„შრომა სანამ სირცხვილი იქნება, მანამდე რა უნდა გვეშველოს?!“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„შრომა სანამ სირცხვილი იქნება, მანამდე რა უნდა გვეშველოს?!“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ შვილების ღირებულებებზე დაყრდნობით აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლებსა და შვილებს სადა ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ:

​ღირებულებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც გაზრდი ადამიანს. გქონდეთ ჩვეულებრივი, სადა ურთიერთობები: დღეს გვაქვს, ხვალ არ გვაქვს, დღეს ეს გვაქვს საჭმელი, ხვალ ის გვაქვს. არ არის მნიშვნელოვანი, რა ბრენდის ფეხსაცმელს ჩააცმევ ბავშვს, თან მაშინ, როდესაც არ გაქვს ამის საშუალება. მერე ამადლი შვილს: „მე შენი გულისთვის ვალები ავიღე.“ ვინ გთხოვა ეს? არავის არ უთხოვია. ბავშვმა საერთოდ არ იცის ფასი, შენ თუ არ დაუფიქსირე. იმისთვის ხის სათამაშო და ნებისმიერი პლასტმასის სათამაშო ერთია. როგორ მისცემ, ამას აქვს მნიშვნელობა.“

მარინა კაჭარავას თქმით, შვილი მშობლის შემოქმედებაა და მშობელს ყველა თავისი შეცდომა წინ დახვდება:

„ჩვენივე შემოქმედებაა ჩვენი შვილები. ​ყველა ჩემი შეცდომა ცხვირწინ დამხვდა და ცხვირში მომხვდა. ეს არის სიჯანსაღე: ვიცხოვრო სადად, მშვიდად, დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში, არა რაღაც ილუზიებში, ზღაპრებში, თეატრალურ დადგმებსა და ტყუილებში. ტყუილში გაზრდილი ადამიანი რეალობაში რომ გადის, რამდენი პრობლემა აქვს მას?! არ სჭირდება ბავშვს იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება. სულ უნდა ჰქონდეს მას რაღაც წინ, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეს. ყველაფერი რომ უკვე აქვს ბავშვს, მერე რა აკეთოს იმან?!“

„ოფიციანტობა არ უნდა, ბენზინს არ ჩაასხამს, მარტო უნდათ, რომ დირექტორები იყვნენ. ეს საიდან მოდის? ​სახლში არის ის მეფე, დირექტორი, დედოფალი და შესაბამისად, გარეთაც ეს უნდა. საზღვარგარეთ რომ მიდიან, იქ მუშაობენ, იმიტომ, რომ იქ ნაცნობები ვერ ხედავენ. თითქოს რცხვენია ადამიანს შრომის. შრომა სანამ სირცხვილი იქნება, მანამდე რა უნდა გვეშველოს?!“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად