Baby Bag

„ერთ დღეში შევძელი 25 000 ლარის შეგროვება... უკვე მეოთხე დღეა ვცდილობთ, რომ ბავშვები გავახაროთ,“- ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე დევნილ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრებით ახარებს

„ერთ დღეში შევძელი 25 000 ლარის შეგროვება... უკვე მეოთხე დღეა ვცდილობთ, რომ ბავშვები გავახაროთ,“- ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე დევნილ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრებით ახარებს

ქართველმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ, რომელიც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე დევნილ ბავშვებს სათამაშოებითსა და შოკოლადებით ახარებს, საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა:

„მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, რათა დავეხმაროთ უკრაინიდან გადმოსულ დევნილებს, რომლებიც არიან ათასობით. ყოველდღიურად უამრავი ბავშვი და მშობელი კვეთს საზღვარს. მათ სჭირდებათ რაღაც პატარა დახმარება და ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს სახელით. ეს იდეა გამიჩნდა რამოდენიმე დღის წინ. როგორც კი გამიჩნდა, იმწამსვე ვიმოქმედე. ჩავწერე პატარა ვიდეო, სადაც ჩემს გამომწერებს ვთხოვე ფინანსურად დამხმარებოდნენ. ერთ დღეში შევძელი 25 000 ლარის შეგროვება. მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით. უკვე მეოთხე დღეა ვსაქმიანობთ და ვცდილობთ, რომ ბავშვები გავახაროთ.“

„ნაქირავები გვაქვს დიდი ტევადი მანქანა. ჩვენით მოვიძიეთ მაღაზიები, სადაც შედარებით დაბალი ფასები და დიდი არჩევანია. დავდივართ, ვყიდულობთ, მოგვაქვს, ვტვირთავთ. ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ. ძალიან დიდი რიგები დგას ამ ტერიტორიაზე. ეს ადამიანები ელოდებიან ავტობუსებს. დიდხანს უწევთ რიგში დგომა. საკმაოდ ცივა. ამ ბავშვებს ვცდილობთ ვაჩუქოთ სათამაშოები, შოკოლადები, გავაღიმოთ, გავახაროთ და გავუხალისოთ ის მძიმე სიტუაცია, რომელიც მათ აქვთ. როდესაც ხედავ პატარა ბავშვებს ასეთ სიცივეში, ასეთ რთულ ვითარებაში და როცა ხედავ შენი ნაჩუქარი პატარა სათამაშოთი, შოკოლადით როგორი ბედნიერია ბავშვი, ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებს, დიდ ენერგიას და მოტივაციას გვაძლევს. ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი და მეტი სათამაშო მოვიტანოთ,“- აღნიშნულ საკითხზე სოსო ნებიერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ქალს, რომელიც ფრჩხილებს 4 წლის განმავლობაში იზრდიდა, ფრჩხილის მოტეხვაზე კოშმარები ესიზმრება

ქალს, რომელიც ფრჩხილებს 4 წლის განმავლობაში იზრდიდა, ფრჩხილის მოტეხვაზე კოშმარები ესიზმრება

გრძელი ფრჩხილების ქონაზე ძალიან ბევრი ქალი ოცნებობს. ცნობილმა ბლოგერმა ელენა შილენკოვამ რეკორდულად დიდი ზომის ფრჩხილების გაზრდა მოახერხა, რითაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. 35 წლის ქალს 4 წელი დასჭირდა, რათა 12 სანტიმეტრის სიგრძის მქონე ფრჩხილები გაეზარდა. ფრჩხილების გაზრდის გადაწყვეტილება მან მეგობართან დადებული სანაძლეოს შემდეგ გადაწყვიტა. ელენას მეგობარი არწმუნებდა, რომ ის ამის გაკეთებას ვერასდროს შეძლებდა.

„უკვე ოთხი წელი და სამი თვეა ფრჩხილებს ვიზრდი, მათი სიგრძე რეკორდულად გაიზარდა. თავიდან ყველაფერი მეგობართან დადებული სანაძლეოთი დაიწყო. ახლა კი ყველა მიეჩვია ჩემს ახალ გარეგნობას. ფრჩხილებს „ჩემს პატარებს“ ვეძახი, რადგან ისინი უკვე 4 წლისები არიან. მათ ისევე ვუვლი, როგორც საკუთარ შვილებს მოვუვლიდი,“ - აცხადებს ელენა შილენკოვა.

ელენა არასდროს ცურავს ზღვაში, არც ჩოგბურთს თამაშობს და ზამთარში ხელთათმანების ტარებაზეც უარს აცხადებს. ახალგაზრდა ქალი ამ უდიდეს მსხვერპლზე მხოლოდ საყვარელი ფრთხილების გამო მიდის. ელენას თქმით, ის ფრჩხილების გაზრდაზე თინეიჯერობის ასაკიდან ოცნებობდა. მას ღამით კოშმარები ესიზმრება, თითქოს ფრჩხილი ტყდება. ელენას ძალიან ეშინია, რომ ერთ დილას გრძელი ფრჩხილების გარეშე გაიღვიძებს.

„ყოველდღიურ საქმეებს მშვენივრად ვუმკლავდები, უბრალოდ ბევრ რამეს განსხვავებულად ვაკეთებ და არა ისე, როგორც სხვები აკეთებენ. როდესაც კომპიუტერზე ვბეჭდავ, ცხადია, ამას ისე არ ვაკეთებ, როგორც სხვა ადამიანები. ყველა მოძრაობას ვაკონტროლებ, რომ უეცრად ფრჩხილი არ მოვიტეხო. ვიცი, რომ მოუქნელი მოძრაობა ჩემი მტერია, რის გამოც ყოველთვის ფრთხილად ვარ. როდესაც ფრჩხილი მცირედ მტყდება, მის მოვლაში უამრავ დროს ვხარჯავ. ხელთათმანები ძალიან მენატრება, ზამთარში საშინლად ცივა, ასეთ დროს ხელებს ჯიბეებში ვმალავ. ტოტალური კონტროლი ძალიან ამართლებს. ყოველ ექვს თვეში ვიტამინების კომპლექსს ვიღებ, რათა ჩემი ფრჩხილების და თმების ჯანმრთელობაზე ვიზრუნო,“ - აღნიშნავს ელენა.

ელენას ფრთხილებისადმი ყველას ერთგვარი დამოკიდებულება არ აქვს. ზოგიერთ ადამიანს მისი გადაწყვეტილება მოსწონს, ზოგიერთი კი ძალიან კრიტიკულია. ელენას თქმით, ასაკოვანი ადამიანები სოციალურ ქსელში ცუდ კომენტარებს უწერენ.

„სკოლაში რომ დავდიოდი, ზრდასრულ ქალბატონებზე დიდი ფრჩხილები მქონდა, მაგრამ მასწავლებლები ამას გაგებით ეკიდებოდნენ. ზოგიერთი ადამიანი მეუბნება, რომ ძალიან მაგარი ფრჩხილები მაქვს, ჩემთან ერთად სელფებს იღებენ, მაქებენ ჩემი მოთმინების უნარის გამო. ზოგიერთი მეკითხება, როდის უნდა მოვიჭრა ფრჩხილები. ადამიანები ყოველდღიურად ხვდებიან ერთმანეთს და მარტივად ივიწყებენ ყველას, ვისაც ნახულობენ. ადამიანი, რომელსაც გიგანტური ფრჩხილები აქვს მათთვის დაუვიწყარია. მამაკაცები ზოგჯერ ვერც ამჩნევენ ჩემს გრძელ ფრჩხილებს, მაგრამ როდესაც მათ სიგრძეს დაინახავენ, ძალიან ბევრ კითხვას მისვამენ. მამრობითი სქესის მხრიდან ყურადღება არასდროს მაკლია,“ - აღნიშნავს ელენა შილენკოვა.

მომზადებულია ​thesun.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად