Baby Bag

„იმის გაკეთება, რაც საზოგადოებას მიაყენებს შეურაცხყოფას, ვერანაირად ვერ გამართლდება გამოხატვის თავისუფლებით,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„იმის გაკეთება, რაც საზოგადოებას მიაყენებს შეურაცხყოფას, ვერანაირად ვერ გამართლდება გამოხატვის თავისუფლებით,“- ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმების გაშინაგნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სოციალიზაციის ეტაპი ნიშნავს საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმების გაშინაგნებას. ვიღაცა ვიღაცას რომ არ კლავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას იმ წუთას ბიბლია ახსენდება. ეს უკვე ღირებულებაში ზის. ვიღაც ვიღაცას რომ სიკეთეს უკეთებს, მას არ ახსოვს საიდან აქვს ეს ღირებულება წამოღებული. საზოგადოებაში ქცევის ნორმები ნიშნავს, არ გავაკეთო ის, რაც საზოგადოებას მიაყენებს შეურაცხყოფას და ვერანაირად გამართლდება ეს გამოხატვის თავისუფლებით.“

„ადექი და რაც შენ გინდა ის გააკეთე შენს პირად სივრცეში. ის პირადი სივრცეც დაცული უნდა იყოს, სხვა რომ არ შემოვიდეს. არამარტო უპასუხისმგებლობის, არამედ სრული უხამსობის მოდა შეიქმნა. ამას ძალიან შეუწყო ხელი მასმედიამ. მან ეს აქცია სანახაობად. ძველ დროში ადამიანს რამდენი უნდა ემუშავა, რომ გამხდარიყო პოპულარული, მიეწვიათ სადღაც. ორ წუთში შეიძლება ყველა ეთერის ყურადღება მიიპყრო ნებისმიერი უხამსობით. ოთხი შოუს სტუმარი გახდები, ინტერნეტში გექნება მილიონი ნახვა. პრობლემა ის არის, რომ რეიტინგი ითვლება ნახვის რაოდენობით და არა ხარისხით. ამან შექმნა სივრცე, რომელიც მე არ მომწონს და ვიცი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოსწონს,“- აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

წყარო:​ „შემდეგი გაჩერება“

შეიძლება დაინტერესდეთ

წონის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში - ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს

​​პედიატრი ეკა უბერი ბავშვებში წონის დეფიციტის პრობლემის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლები ხშირად პრობლემას სწორად ვერ აფასებენ:

„პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ბავშვს წონის დეფიციტი აქვს თუ არა, მშობლების ღელვა საფუძვლიანია თუ არა. ძალიან ხშირად მშობელი ჩივის, რომ ბავშვი უმადოა, თუმცა ვხვდებით ჭარბ წონას. ასეთ მდგომარეობას შერჩევითი უმადობა ეწოდება. ბავშვი იმაზე მეტ კალორიას იღებს, ვიდრე სჭირდება, მაგრამ არა იმ პროდუქტებით, რომლებიც მშობელს უნდა. პირველ რიგში, ამ შემთხვევაში დამნაშავე მშობელია, რადგან მან ბავშვს გაასინჯა ისეთი პროდუქტი, რომელიც მისთვის არ იყო სასურველი: პურ-ფუნთუშეული, შაქარი, ტკბილეული.“

ეკა უბერის თქმით, წონის დეფიციტის პრობლემის შეფასება ექიმის საქმეა:

„ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეაფასოს ​ექიმმა და არა მშობელმა. ექიმი ბავშვს ანთროპომეტრულად აფასებს. არსებობს ანთროპომეტრული ასაკობრივი ნორმები. ერთი წლის ბავშვი უნდა იყოს 8,5 -დან 11,5 კილომდე. ამ შუალედში ყველა მონაცემი არის ნორმა. აქედან გამომდინარე, როდესაც მშობელი ამბობს: „მეზობლის ბავშვი 11 კილოა, რა კარგი წონა აქვს და ჩემი არ არის ასე,“ უკვე არასწორია. როდესაც ექიმი შეაფასებს ბავშვს და აღმოჩნდება, რომ მას წონის დეფიციტი აქვს, მნიშვნელოვანია გაირკევს, როდის დაიწყო წონის დეფიციტი. წონის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს სამედიცინო ან ფსიქო-სოციალური პრობლემა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რა წონით დაიბადა ბავშვი. დღენაკლულობა, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ქრონიკული დაავადებები, ქრომოსომული დაავადებები, მემკვიდრეობითი დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს წონის დეფიციტის მიზეზი.”

​ეკა უბერი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც წონის დეფიციტის პრობლემას განაპირობებს:

„წონის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს კალორიების დეფიციტი ან შეწოვის დარღვევა. ბავშვი იღებს საჭირო რაოდენობის ​საკვებს, მაგრამ ორგანიზმის შეწოვადობა არის დარღვეული. შესაძლოა იყოს პირის ღრუს ანატომიური დეფექტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები. შესაძლოა, საკვების მიღების უნარების ნაკლებობაც იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება დღენაკლულებს, რომლებიც ზონდით კვებას არიან მიჩვეული. მოზარდებში მადის მყარი დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნევროზი. ამიტომ სასურველია, რომ მშობელმა ექიმს ყოველთვიურად შეამოწმებინოს ბავშვის ანთროპომეტრული მონაცემები. იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკში წყვეტს ბავშვი წონის მატებას, სხვადასხვა დაავადებებზე შეგვიძლია ეჭვის მიტანა.“

ეკა უბერის თქმით, ბავშვებში წონის დეფიციტის გამომწვევი უმთავრესი პრობლემა ცელიაკიაა:

„წონაში დეფიციტის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბავშვებში არის ცელიაკია. ცელიაკია არის გლუტენის აუტანლობა. ​გლუტენი არის ნივთიერება, რომელიც შედის მარცვლეულში. ამ შემთხვევაში, პირველი ექვსი თვის მანძილზე, როდესაც ბავშვი დედის რძით იკვებება, წონის დანაკლისი ფაქტობრივად არ არის. როდესაც გლუტენის შემცველი კომპონენტები შედის კვებაში, თანდათან 8-9 თვის ასაკიდან შეინიშნება წონის დეფიციტი. ცელიაკიის გამოვლინება კლინიკურად არის ძალიან ფართო. შესაძლოა, ის იყოს მინიმალური გამოვლინებით და ადამიანმა მთელი ცხოვრება ვერც გაიგოს, რომ ეს პრობლემა აქვს. შეიძლება იყოს დიარეა, ყაბზობა, გულძმარვა, ღებინება. ცელიაკია პირველ ეტაპზე, შესაძლოა, წონის დეფიციტით გამოვლინდეს და მეტი არაფრით.“

​ეკა უბერი მშობლებს ურჩევს პირველი წლის განმავლობაში ბავშვი ყოველთვიურად აჩვენონ ექიმს:

„პირველი წლის განმავლობაში მშობელმა ყოველთვიურად უნდა მიაკითხოს ექიმს პროფილაქტიკის მიზნით. ექიმმა უნდა შეაფასოს ბავშვის განვითარების მრუდი. ცელიაკიის ქვეფონური დაავადება შეიძლება იყოს დიაბეტი, დაუნის სინდრომი, სხვა ქრომოსომული დაავადებები. ცელიაკიის მკურანლობის პრაქტიკა არ არის მედიკამენტოზური, ხდება მარცვლეულის გამორიცხვა.“

​გასტროეზოფაგური რეფლუქსი ექვს თვემდე ასაკში აბსოლუტურად ბუნებრივია. ის პიკს აღწევს ექვსი თვის ასაკისთვის და ექვსი-შვიდი თვიდან ნელ-ნელა გადის. მოზრდილ ასაკში ეს უკვე ფიზიოლოგიური არ არის. ის, რომ ცოტა წამოქაფებაა, განსაკუთრებით პოზიციის შეცვლის შემდეგ, ეს ფიზიოლოგიურია. თუ ამის გამო წონის დეფიციტის პრობლემა არ არის, მაშინ ამოქაფება საშიში არ არის,“ - აცხადებს ეკა უბერი.

წყარო: ​შუადღე GDS

წაიკითხეთ სრულად