Baby Bag

„ყოველდღე მადლობა უთხარი შენი მეუღლის დედას: დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი ბიჭი აღზარდეთ,“- ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

„ყოველდღე მადლობა უთხარი შენი მეუღლის დედას: დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი ბიჭი აღზარდეთ,“- ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა რძლებსა და დედამთილებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების პრობლემაზე ისაუბრა და კონფლიქტის გადაჭრის საინტერესო მეთოდები გაგვაცნო:

„ხშირად მოდის წერილები ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგი დედამთილს უჩივის, ზოგი რძალს. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი მეუღლის მშობელი, ადამიანი, რომელიც ჩვენზე უფროსია, გაცილებით უფრო ჭკვიანი, გაცილებით უფრო თავდაჯერებული, გაწონასწორებული უნდა იყოს. უმრავლესობა ჩვენგანი რჩება პატარა გოგო ან პატარა ბიჭი, უბრალოდ სხეული ეზრდება და თმები უჭაღარავდება. როდესაც ოჯახში შემოდის ოჯახის ახალი წევრი, ბევრი, სამწუხაროდ, ასე აღიქვამს, რომ შვილი წამართვა. ადამიანი, რომელიც არ არის თავის თავში დაჯერებული, ოჯახის ახალ წევრს უწყებს გაჯიბრებას. ის დარწმუნებული არ არის, რომ შვილისთვის მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენს, ამიტომ, ოჯახის ახალ წევრს ეჯიბრება, ვინ უფრო მართალია, ვისი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია.“

ინგა ბლესსის თქმით, ოჯახის წევრებს შორის გაჯიბრებას და ერთმანეთზე ზურგს უკან საუბარს აზრი არ აქვს:

„როდესაც საქმე გვაქვს ასეთ ადამიანთან, ამ გაჯიბრებას და ენის მიტან-მოტანას არანაირი აზრი არ აქვს. ხანდახან სახლში ისეთი ენერგეტიკა ტრიალებს, რომ არავის იმ სახლში გაჩერება არ უნდა. ოჯახს ბედნიერებისთვის ვქმნით და არა იმისთვის, რომ ვიღაცას ებუზღუნო და რაღაც უმტკიცო. როდესაც ასეთ არაჯანსაღ გაჯიბრებასთან გვაქვს საქმე, ახალგაზრდა ქალს ვურჩევდი, რომ დაიწყოს დედამთილის შექება. უთხარით: „მადლობა, რომ ასეთი კარგი ბიჭი აღზარდეთ ჩემთვის.“ მადლიერება გამოხატეთ. ჩამოთვალე რამდენი კარგი თვისებაა შენს მეუღლეში და მის მშობლებს რამხელა წვლილი მიუძღვით ამ თვისებების ჩამოყალიბებაში. ჩამოწერეთ ეს ყველაფერი, მინიმუმ ათი. ყოველდღე მადლობა უთხარი შენი მეუღლის დედას: „დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი ბიჭი აღზარდეთ, როგორი თბილია, პატიოსანია, მოსიყვარულეა.“ ამ პატივს რომ მიაგებ მშობელს, ის თაფლი და ია გახდება შენთვის. ყველა ადამიანს სჭირდება მოფერება, შექება.“

„არ გეგონოთ, რომ თუ აქამდე ორი წელი ხმალამოღებული ბრძოლა გქონდათ, ის უცებ დადნება. ერთი კვირა ეჭვის თვალით ყურება იქნება. მეორე კვირაში მოლბება, შეიფერებს, კარგ ხასიათზე დადგება. მერე გათბება და დალაგდება ურთიერთობები. თავდაჯერებული ადამიანი არავის არ ეჯიბრება. ადამიანს ეს დავდაჯერებულობა აკლია და შენ ამ თავდაჯერებულობას კეთილი გზით აძლევ. ნებისმიერ ადამიანს აქვს კარგი თვისებები, რის გამოც შეგიძლიათ დააფასოთ. შეიძლება სახლის დალაგებაში ან ბავშვის აღზრდაში გეხმარებათ, შესაძლოა, საერთოდ არაფერში გეხმარებათ, მაგრამ ხელსაც არ გიშლით. ყველაფერში დაინახეთ კარგი, გამოხატეთ მადლიერება. გახსოვდეთ, არავინ არაფერში ვალდებული არ არის. იმან თავისი შვილი გაზარდა, მორჩა. უნდა დაგეხმარებათ, უნდა არ დაგეხმარებათ. ეს უკვე მისი კეთილი ნებაა. თუ ოდნავ კარგს მაინც გიკეთებთ, გამოხატეთ მადლიერება. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიფურჩქნება, გალამაზდება, გათბება თქვენი ურთიერთობები,“- აღნიშნა ინგა ბლესსმა.

წყარო:​ IBEL ACADEMY

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად