Baby Bag

„მე ვარ გვანცა გაგუა, უკრაინაში დაბადებული ქართველი... 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს,“ - ქართველი ბავშვი, რომლის ოჯახი უკვე მეორედ გახდა დევნილი

„მე ვარ გვანცა გაგუა, უკრაინაში დაბადებული ქართველი... 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს,“ - ქართველი ბავშვი, რომლის ოჯახი უკვე მეორედ გახდა დევნილი

ქართველი გოგონა გვანცა გაგუა, რომელიც უკრაინაში დაიბადა, თავისი ოჯახის შესახებ გვიყვება. მისი თქმით, დედა საქართველოში, აფხაზეთში გაიზარდა, თუმცა ომის შემდეგ დევნილი გახდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გვანცასაც ამავე გზის გავლა მოუხდა:

„მოგესალმებით ყველას. მე ვარ გვანცა გაგუა. მე უკრაინაში დაბადებული ქართველი ვარ. დავიბადე ხარკოვში, სადაც ოთხ წლამდე ვიცხოვრე. შემდეგ გადმოვედით ლვოვში და ექვს წელზე მეტია, რაც აქ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს და გადმოვედით პოლონეთში. როდესაც დედაჩემი იყო ექვსი წლის, ის ცხოვრობდა აფხაზეთში. ისიც ჩემსავით ბავშვობაში გახდა დევნილი.“

„მამაჩემი დარჩა ლვოვში. მან მიგვიყვანა საზღვრამდე და უკან დაბრუნდა. საზღვრიდან მოგვიწია რამოდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ახლა ვართ პოლონეთში, მაგრამ ძალიან გვჯერა, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს,“- აღნიშნა გვანცა გაგუამ.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ნუ ეტყვით ბავშვს: „ფრთხილად იყავი!“ - როგორ დავიცვათ შვილების უსაფრთხოება მათი დაშინების გარეშე?

ნუ ეტყვით ბავშვს: „ფრთხილად იყავი!“  - როგორ დავიცვათ შვილების უსაფრთხოება მათი დაშინების გარეშე?

მშობლები ხშირად იყენებენ ფრაზას: „ფრთხილად იყავი!“ ამგვარად ისინი ბავშვების საფრთხისგან დაცვას ცდილობენ, თუმცა უფროსები ვერ აცნობიერებენ, რომ მსგავსი ფრაზები ბავშვს რისკისგან არ აზღვევს. „ფრთხილად იყავი“ ბავშვს გარემოში დაფარულ საფრთხეებზე მიანიშნებს და მასში ხშირად გადაჭარბებულ შიშსაც ბადებს.

ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი მსგავსი შეძახილებით დააშინოთ, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდეგი 5 მეთოდი გამოიყენეთ:

1. ბავშვს აგრძნობინეთ, რომ მის დასახმარებლად ყოველთვის მზად ხართ

ზოგჯერ ბავშვები თამაშისას კომფორტის ზონიდან გადიან და ახალ გამოწვევებს ეჯახებიან. ნაცვლად იმისა, რომ ამ დროს ბავშვს უთხრათ: „ფრთხილად იყავი!“ შეახსენეთ მას, რომ მის გვერდით ხართ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებით. შეგიძლიათ ბავშვთან ერთად მოიფიქროთ სიტყვა, რომლითაც ბავშვი დახმარების საჭიროებაზე მიგანიშნებთ. თამაშის დაწყებამდე შვილს უთხარით: „თუ გაგიჭირდება, დამიძახე და მაშინვე მოვალ!“ მშობლის თანადგომა ბავშვს ახალ გამოწვევებთან გამკლავებისთვის მეტ მოტივაციას შესძენს.

2. გაამხნევეთ ისინი, რათა მიზნების მისაღწევად დრო და ძალისხმევა არ დაიშურონ

ბავშვები ხშირად ბაძავენ მათზე უფროს ბავშვებს. თუ თქვენი შვილი პარკში სიმაღლეზე მცოცავ ბავშვებს ხედავს, მიუხედავად მცირე ასაკისა, მან, შესაძლოა, იმავეს გამეორება სცადოს. ეცადეთ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედების უფლება მისცეთ. ვიდრე ის სიმაღლეზე ძრომას მთელი სისწრაფით დაიწყებს, უთხარით, რომ ჯერ ნელა იმოძრაოს, ხოლო თუ დასახულ მიზანს მიაღწევს, ტემპს მხოლოდ ამის შემდეგ მოუმატოს.

3. ბავშვთან ერთად აწარმოეთ დაკვირვება თამაშის პროცესზე

ბავშვის თამაშზე დაკვირვებისას თქვენ საფრთხეებს მარტივად აღიქვამთ, თუმცა თქვენი შვილი ამას ვერ ახერხებს. ნაცვლად იმისა, რომ მას უბრალოდ სიფრთხილისკენ მოუწოდოთ, ჩაერთეთ მასთან ერთად თამაშში და პროცესზე დაკვირვება ერთობლივად აწარმოეთ. თუ ბავშვი საქანელაზეა და მიწაზე გადმოხტომას აპირებს, ჰკითხეთ მას, ხომ არ არის ძალიან მაღლა და ხომ არ დაემუქრება საფრთხე, თუ ის მთელი სისწრაფით დაეშვება მიწაზე. ამასთან აღნიშნეთ, რომ თქვენ ამას არ გააკეთებდით, რადგან მიწაზე უსაფრთხოდ ვერ დაეშვებოდით.

4. სიტყვების დახმარებით ბავშვს მინიშნებები გაუკეთეთ, რომლებიც მის უსაფრთხოებას დაიცავს

თუ ბავშვი თამაშისას გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, აუხსენით, როგორ მოიქცეს. უთხარით, რომ მისთვის მარცხენა ფეხის გამოყენება უკეთესი იქნება, ვიდრე მარჯვენასი, რათა უხერხულ პოზიციას თავი დააღწიოს. ამგვარად, ბავშვს უსაფრთხო ქმედებისკენ უბიძგებთ, ამასთან ის ვერ იგრძნობს, რომ თქვენ სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობთ.

5. ბავშვს ჰკითხეთ, რა სტრატეგია აქვს მას თამაშის დროს უსაფრთხოების დაცვისთვის

ბავშვები ხშირად ეუბნებიან მშობლებს: „მიყურე!“ ზოგჯერ ეს სანახაობა სასიამოვნოდ სრულდება, ბავშვი ბედნიერი და კმაყოფილია, ზოგჯერ კი პატარები ტრავმების მიღებისგანაც არ არიან დაზღვეულები. ჰკითხეთ ბავშვს, რის ჩვენებას აპირებს თქვენთვის. როდესაც ის თავის გეგმას გაგაცნობთ, ჰკითხეთ, როგორ აპირებს სიმაღლიდან უსაფრთხოდ დაშვებას მიწაზე. ბავშვი საკუთარ ქმედებებზე მეტად უნდა დააფიქროთ, რათა უსაფრთხოების მნიშვნელობა გაიაზროს. ეს ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე სიფრთხილისკენ მოწოდებები, რომლებიც მას შიშს უნერგავს და გამოწვევებთან შეჯახებისას ხელს უშლის.

წყარო:​ imom.com 

წაიკითხეთ სრულად