Baby Bag

„ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად კარგად არ სწავლობს, როგორც შეუძლია, რომ ისწავლოს,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად კარგად არ სწავლობს, როგორც შეუძლია, რომ ისწავლოს,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ქართველი ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ისინი ვერ იღებენ ისეთ ხარისხიან განათლებას, რომლის მიღებაც შეუძლიათ:

„შემიძლია გავიხსენო კონსტანტინე გამსახურდიას ეს ციტატა: „მე დავიბადე მსოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას. ჩემს თავს სულ იმას ვეუბნებოდი: „შენ, ჰეი, მსოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას დაბადებულო, არ დაგჩაგრონ დიდი მდინარეების პირას დაბადებულებმა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავიჩაგროთ? სწავლა, სწავლა და სწავლა... სამწუხაროდ, არსებობს ობიექტური მონაცემები, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად კარგად არ სწავლობს, როგორც შეუძლია, რომ ისწავლოს. შეიძლება ამის მიზეზი იყოს პედაგოგიური ხარვეზები, მაგრამ არ არის გამორიცხული სამედიცინო ასპექტები, თუნდაც ჰიპოიოდიზმი, მძიმე ასფიქსია, მძიმე ანემია. ამან შეიძლება ეს პრობლემა განაპირობოს.“

„მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამ მიმართულებით რაღაცას გავაკეთებ ისეთს, რომ ჩვენი მოწაფეები უფრო ძლიერები და მცოდნეები იყვნენ,“- აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„პულსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ბავშვების კვების დროს ხშირად უშვებენ. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ოჯახის წევრებისგან განცალკევებით კვება ხშირად მას საკვებისადმი ნეგატიურად განაწყობს:

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ბავშვისთვის საჭმელი კეთდება ცალკე. ბავშვი კვების დროს გამოცალკევებულია. ჯერ ბავშვს უნდა ვაჭამო და მერე უცებ მე უნდა შევჭამო. თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენც მიირთმევთ იმ საკვებს, რომელსაც მას სთავაზობთ, ის უფრო განწყობილია, რომ ეს კარგია, სასარგებლოა და საჭიროა. ის წაბაძვით მაინც მიიღებს ამ საკვებს. კარგია, თუ ბავშვს ვასადილებთ ჩვენთან ერთად. ​რაც შეეხება ხილს და წახემსებებს, ამას შეიძლება ნაწილობრივ თამაშის სახე მივცეთ. კვებებს შორის ვითომ პიკნიკი მოვაწყოთ სადმე თოჯინების და ოჯახის წევრების მონაწილეობით.“

თამარ ედიბერიძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს კვების რეჟიმი მაქსიმალურად მოუწესრიგონ:

„მაქსიმალურად რეგულარული ჭამის რეჟიმი უნდა გვქონდეს. ერთსა და იმავე დროს ვაჭამოთ ბავშვს. ​ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო. ვიღაცას შეიძლება ჭრელი სალათი მოეწონოს, მაგრამ ვიღაც ამით დაფრთხეს. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ერთკომპონენტიანი, ორკომპონენტიანი კერძებით დავიწყოთ და თანდათან შევამატოთ სხვადასხვა გემო.“

„ჩვენ გვაქვს ხოლმე მეორე შეცდომა. თუ ბავშვს არასასურველ საკვებს პირდაპირ მისცემთ მთლიან თეფშს, ბავშვი გადაირევა. მან იცის, რომ ერთ ლუკმას ძლივს ყლაპავს და იქ არის ასი ლუკმა. შეიძინეთ ახალი ჭურჭელი, ერთი კოვზი დათუნიას ვაჭამოთ, ერთი ბავშვს. დაიწყეთ ძალიან ცოტა ულუფებით. ეშმაკურად შეიძლება თითო-თითო კოვზის მიმატება. ​ამას უნდა მოთმინება, გაძლება და პრინციპულობა. ნერვიულობას და ტირილს ამ დროს სჯობს, რომ რაღაც სტიმული მივცეთ ბავშვებს. არა ის, რომ პანიკა ავტეხოთ და შევქმნათ პრობლემა, რომ უჭმელია, წახალისების პრინციპი შეიძლება შევქმნათ. ყველა ლუკმა შეიძლება იყოს თითო ვარსკვლავი, როდესაც ვარკვლავების რაღაც რაოდენობა დაგროვდება, მივდივართ ზოოპარკში. სამი წლის ასაკიდან ეს უკვე შეიძლება,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS-ზე“

წაიკითხეთ სრულად