Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღევანდელი ცოდნა არის ძალიან ზედაპირული, ბევრი ინფორმაციით გაჯერებული, რომლის გადამუშავებასაც ბავშვები ვერ ახერხებენ,“- თამარ გაგოშიძე

„დღევანდელი ცოდნა არის ძალიან ზედაპირული, ბევრი ინფორმაციით გაჯერებული, რომლის გადამუშავებასაც ბავშვები ვერ ახერხებენ,“- თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ თანამედროვე განათლების სისტემის პრობლემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ცოდნა ზედაპირულია:

„როგორ იქნება ტკბილი და სასიამოვნო, როდესაც ამდენ დავალებას მაძლევს მასწავლებელი?! მე არ მახსოვს საბჭოთა სკოლაში დავალებებს როგორ ვაკეთებდი. კი იყო საბჭოთა სკოლა, მაგრამ არ მახსოვს როგორ ვმეცადინეობდი. ახლა რასაც ვუყურებ მე, პირველ-მეორე კლასის მოსწავლეებს იმდენი გამოსაწერი აქვთ, იმდენი სამეცადინო აქვთ და ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ერთადერთი არის, რომ თავის შვილს უთხრას: „აქედან აქამდე გავაკეთოთ.“ პრიორიტეტები გამოვყოთ. მე ასე გავაკეთებდი, ამ ასაკის შვილი რომ მყავდეს. ვეტყოდი: „ამდენს ვერ მოვასწრებთ, გააკეთე აქედან აქამდე.“ არის კატეგორია პედაგოგების, რომლებიც თვლიან, რომ ბავშვის კარგი მომზადება ნიშნავს ბევრი დავალების მიცემას. ამის არგუმენტები მოსმენილი არ მაქვს, რატომ შეიძლება იყოს კარგი ცოდნის მიცემა კორელაციაში ბევრი დავალების მიცემასთან. ფსიქოლოგიურად ეს არ არის გამართლებული.

ჩვენ ძალიან ზომიერები უნდა ვიყოთ. რა გვინდა ჩვენ? ბავშვი არ არის ინფორმაციის დატევის წყარო. ზოგადად კონცეფციაა შესაცვლელი. მშობლების მომხრეები არიან ხოლმე, რომ ბავშვმა ბევრი ინფორმაცია იცოდეს. ინფორმაციის გაფილტვრას ვინმე გვასწავლის ჩვენ? ბავშვს ასწავლის ამას ვინმე? მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, არსებობდა ასეთი ტერმინი: „ინფორმაციული ნევროზი.“ შენ ვერ ახერხებ პრიორიტეტების გამოყოფას და ინფორმაციის ანალიზს. ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ჩვენ. XXI საუკუნეა, ხალხო! ეს საზღვარგარეთაც პრობლემაა, თქვენ არ ინერვიულოთ. იქაც მე-19 საუკუნის სკოლაში ვართ. რეალობას ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი?! ჩემ დროს არ იყო საინფორმაციო ტექნოლოგიები და ჩვენი ცოდნა ზურგით უნდა გვეტარებინა. ბავშვმა დღეს სხვა რამე უნდა ისწავლოს. იმას არ ვასწავლით ჩვენ. დღევანდელი ცოდნა არის ძალიან ზედაპირული, ბევრი ინფორმაციით გაჯერებული, რომლის გადამუშავებასაც ბავშვები ვერ ახერხებენ და არის ზედაპირული კლიშე ფრაზებით ცოდნის გამოხატვა. არ შეგიმჩნევიათ ეს?!“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად