Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის კვებითი გადაღლა და როგორ დავამარცხოთ საკვების დახმარებით ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება? - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა დაღლილობის შეგრძნების დასამარცხებლად სწორი კვების რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სწორი კვება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს სიცოცხლისუნარიანობაზე, ჩვენს ენერგიაზე, განწყობაზე, ხალისზე. ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. საკვები არის ერთგვარი საწვავი იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა გამართულად იმუშაოს. რაც უფრო ნუტრიენტულად არასრულფასოვანი იქნება საწვავი, მით უფრო მალე მოხდება ისეთი ცოცხალი ორგანიზმის ჩამოშლა, როგორიც არის ჩვენი ორგანიზმი.

რა შეიძლება იყოს ქრონიკული გადაღლის გამომწვევი მიზეზი? როგორც მოგახსენეთ, მიზეზი მრავალგვარია. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობის უკმარობა, სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქცია, ენდოკრინული დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, ანემია და რა თქმა უნდა, კვება.

რას ნიშნავს კვებითი გადაღლა? არსებობს საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ქრონიკული გადაღლისგან გაგათავისუფლებთ, თუ ეს არასწორი და ურეჟიმო კვებით არის გამოწვეული. კვება უნდა იყოს დაბალანსებული, სწორი, რაციონალური. მნიშვნელოვანია ჯერადი ხასიათის კვება. მიირთვით დღის განმავლობაში ხშირად და ცოტ-ცოტა. ჩვენს ბიოლოგიურ საათს, ჩვენს შინაგან საათს, როდესაც ის დროსთან ერთად მოდის სინქრონში ცირკადული რიტმის სახელით ვიცნობთ. ეს არის ის შინაგანი საათი, რომელიც გვამცნობს, როდის დავიძინოთ, როდის უნდა გავიღვიძოთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ მივირთვათ და რამდენჯერ. ქაოტურად საკვების მირთმევა გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან საათზე, მეტაბოლიზმზე. შინაგანი საათის ცვლილებაზე რეაგირებენ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტები, როგორებიცაა: სისხლის წნევა, მეტაბოლიზმი, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, ჰორმონული აქტივობა. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ჩვენი დღე იყოს ენერგიული და ეს არამხოლოდ დღის განმავლობაში ვრცელდება, მნიშვნელოვანია ძილი. მხოლოდ ძილის ხანგრძლივობაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, არამედ მნიშვნელოვანია მისი ხარისხი. შინაგანი საათის დარღვევა, რომელიც არასწორი, ურეჟიმო კვებით არის გამოწვეული, გავლენას ახდენს ძილის ჰორმონზე.

ეცადეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიირთვათ საკვები, ბოლო კვება ძილამდე 3 საათით ადრე დაასრულეთ. მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება. საუზმე არის დღის მთავარი კვება, დილას ყოველთვის სჯობს, რომ ვისაუზმოთ და ისე გავიდეთ შინიდან,“- მოცემულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად