Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეპილეფსიის ეს ფორმა მშობლისთვის რთულად შესამჩნევია,“- ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე აბსანს ეპილეფსიის შესახებ

„ეპილეფსიის ეს ფორმა მშობლისთვის რთულად შესამჩნევია,“- ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე აბსანს ეპილეფსიის შესახებ

ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ეპილეფსიის საინტერესო ფორმის შესახებ ისაუბრა, რომლის შემჩნევა მშობლებს ხშირად უძნელდებათ:

„ეპილეფსიის ერთი ძალიან საინტერესო ფორმაა, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს არის აბსანს ეპილეფსია. ეს არის წამიერად, 5-10 წამის განმავლობაში ბავშვის გათიშვა. მშობელი აღწერს, რომ თითქოს მასთან არ არის ბავშვი, თითქოს მთვარეზეა. გარინდება, გაყინვა ხდება 5-10 წამის განმავლობაში, არის გაშეშება. ატიპიური აბსანსის შემთხვევაში, შესაძლოა ამას ახლდეს ქუთუთოების ხამხამი.“

​„ეს აბსანსი ძალიან რთულად შესამჩნევია მშობლისთვის. შეიძლება ის დღეში 5-10 და მეტიც გვქონდეს. წამიერი გათიშვა არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ცნობიერებას კარგავს. ეს ფაქტობრივად გულყრაა. დასანახად ეს შეიძლება არ იყოს ისეთი საშიში, მაგრამ ის დღეში შეიძლება იყოს 20-50 და მეტი, თითოეული ეს გულყრა იწვევს ტვინის დაზიანებას და განვითარების შეფერხებას, განსაკუთრებით ბავშვის ჩამოყალიბების ასაკში. როდესაც ეს რაოდენობა იმატებს, ეს მშობლისთვის თვალსაჩინოა. მშობელმა ექიმს უნდა მიმართოს და ექიმთან ერთად უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა,“- აღნიშნულ საკითხზე გვანცა არველაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად