Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტრაგედია არ არის, რომ ბავშვმა ხორცი არ ჭამოს, მაგრამ მაინც სასურველია მისი ზომიერად მიღება,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრი ყარამან ფაღავა გადაცემაში „პირადი ექიმი“ მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორცისა და შოკოლადის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ წითელი ხორცი და შოკოლადი წარმატებით ებრძვის დეპრესიას, თუმცა ეს უკანასკნელი სამ წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მივცეთ:

„წითელ ხორცს თავისი პლიუსები აქვს, იგივე დეპრესიის საწინააღმდეგოდ. სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და მე არ ვარ მომხრე შოკოლადის გამოყენების. შოკოლადი ძირითადად ალპინისტებმა უნდა გამოიყენონ. მაღლა ადიან, კალორაჟი სჭირდებათ და მძიმე წონაც არ უნდა იყოს. ცნობილია, რომ შავი შოკოლადი, მცირე დოზით, ანტიდეპრესანტის როლსაც ასრულებს. ცხადია, შოკოლადი ბავშვს არ უნდა მივცეთ სამ წლამდე. რაც შეეხება ხორცს, პატარას წავიხუმრებ. ბიჭი მოჰყავთ ხოლმე ჩემთან. ვეკითხები ხოლმე დიეტას, რას მიირთმევს, მე საერთოდ მიყვარს საყოველთაო, სრული გამოკვლევა. ზოგიერთი მეუბნება, შოკოლადი უყვარს და კანფეტი უყვარსო, დაიბადა თუ არა შოკოლადი უნდოდაო. მე ვეუბნები, თქვენ შეაჩვიეთ-მეთქი და ეს ზედმეტია.“

ყარამან ფაღავა აღნიშნავს, რომ ხორცის მიღების აუცილებლობა ზაფხულში არ დგას, თუმცა სასურველია, რომ ბავშვები ხორცს იღებდნენ:

„მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს კაცის საჭმელი. უკვირთ ხოლმე, ვერ იგებენ რას ვგულისხმობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს ხორცი, ვაშლი და ხაჭაპური. ხაჭაპური თავისთავად, ვაშლი იმიტომ, რომ ხილი აუცილებელია. რაც შეეხება ხორცს, ისევ ვიმეორებ, რომ პრინციპში შეიძლება უხორცოდ. ზაფხულში, მაგალითად, ხორცის ისეთი დიდი აუცილებლობა არ არის. მაინც სასურველია, რომ ბავშვმა ხორცი მიიღოს თანდათანობით.“

„ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი. ბავშვი მამასთან ერთად როცა ჭამს, ძალიან კარგია. დღეში ერთხელაც რომ ჭამოს მამასთან ერთად, ეს მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კარგია ეს ვაჟებისთვის. პატარა ბიჭს დედა რომ გაუშლის მაგიდას, ეტყვის: „ჩემი კაცები ახლა შეჭამენ.“ ტრაგედია არ არის, რომ ბავშვმა ხორცი არ ჭამოს, მაგრამ მაინც სასურველია მისი ზომიერად მიღება,“ - აცხადებს ყარამან ფაღავა.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია 

წაიკითხეთ სრულად