Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამწუხაროდ, ეს ცუდად დაემთხვა ჩვენთან ვაქცინაციის დასაწყისს. ერთი-ორი თვის დაწყებული რომ ყოფილიყო ვაქცინაცია, ეს ნაკლებ ზიანს მოგვიტანდა,“ - გიორგი კამკამიძე

„სამწუხაროდ,  ეს ცუდად დაემთხვა ჩვენთან ვაქცინაციის დასაწყისს. ერთი-ორი თვის დაწყებული რომ ყოფილიყო ვაქცინაცია, ეს ნაკლებ ზიანს მოგვიტანდა,“ - გიორგი კამკამიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კამკამიძემ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სანდოობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინები, რომლებსაც ჩვენთან მომავალში შემოიტანენ და რომელიც უკვე შემოსულია, მაღალი სანდოობით გამოირჩევა:

„რატომ „ასტრაზენეკას,“ „ფაიზერის,“ „ნოვავაქსის“ ვაქცინები და არა რუსული ან ჩინური ვაქცინები?! რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით არ გაჩენილა ასეთი შეკითხვები, ასეთი შემოწმებები არ ჩატარებულა. ამ ვაქცინის ფართო გამოყენება მოხდა ამ კვლევებისა და გამოძიებების გარეშე. ​აქ მიკროსკოპის ქვეშ ხდება ვაქცინაციის პროცესის დაკვირვება. ასეთი შეჩერებები იყო აქამდეც, ეს პირველი არ არის. შეჩერება მოხდა, რათა გამოიკვლიონ ყველა ის თეორიული შანსიც კი, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლის რისკთან.“

გიორგი კამკამიძის თქმით, ევროპაში ვაქცინაციის პროცესის შეჩერება ცუდად დაემთხვა საქართველოში ვაქცინაციის დასაწყისს:

„სამწუხაროდ, ეს ცუდად დაემთხვა ჩვენთან ვაქცინაციის დასაწყისს. უკვე ერთი-ორი თვის დაწყებული რომ ყოფილიყო ვაქცინაცია, ეს შედარებით ნაკლებ ზიანს მოგვიტანდა. ​ამ ვაქცინებს არ აქვს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღემატება სხვა ადრე არსებულ კლასიკურ ვაქცინებთან არსებულ გვერდით ეფექტებს. სამწუხაროდ, თუ ერთხელ გაფუჭდა და ჩავარდა ვაქცინაციის კამპანია, მერე მისი უკან შემობრუნება ძალიან ძნელია. ეს გვაჩვენა ჩვენ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩავარდნამ. 2013 წელს იყო ახალი შემთხვევები და სიკვდილობის შემთხვევები ბავშვებში, ზუსტად იმის გამო, რომ ჩავარდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის კამპანია.“

„უნდა ვენდოთ ზუსტად იმ ვაქცინებს, რომლებიც გადის ასეთ გამოკვლევებს და შემოწმებებს და ​არა იმ ვაქცინებს, რომლებსაც უნდა ვენდოთ ბრმად. ალერგიის თვასაზრისით წინააღმდეგ ჩვენებად მიიჩნევა პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია. დანარჩენ შემთხვევებში არ არის ისეთი წინააღმდეგ ჩვენებები, რომ ალერგიულ პაციენტებს არ ენიშნებათ. რაც შეეხება თრომბის განვითარების რისკთან დაკავშირებულ შემთხვევებს, ისინი არ აღემატება გენერალურ პოპულაციაში არსებულ შემთხვევებს. არ არსებობს რაიმე ფუნდამენტური კავშირი ამ ორ ფენომენს შორის,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად