Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

გვეხმარება თუ არა ხაში და არტალა ძვლის აღდგენის პროცესში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

გვეხმარება თუ არა ხაში და არტალა ძვლის აღდგენის პროცესში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ხაშისა და არტალას გამოყენებით ძვლების აღდგენის პროცესის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებაზე ისაუბრა:

„არსებობს დამკვიდრებული წარმოდგენა ხაშის და არტალას გამოყენებით ძვლის აღდგენასთან დაკავშირებით. რამდენაც აქვს ამ ტიპის პროდუქტების ძვლის, სახსრების რეგენერაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა? რასაკვირველია, ეს არის ძალიან მყარად გამჯდარი აზრი ჩვენს საზოგადოებაში და ძნელია შეეწინააღმდეგო. არ გვაქვს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები. ასეთი პირდაპირი კავშირი არ არის დადგენილი, როგორ შეიძლება ამ ტიპის ნახარშებმა იქონიოს გავლენა სწრაფ აღდგენაზე.“

„რაციონალური არის ცილით დატვირთვა. ცილით სწორად დატვირთვა ნებისმიერი ტრავმის დროს, ნებისმიერი ანთებითი მდგომარეობის შემდეგ ორგანიზმს ეხმარება აღდგენაში. სახსრების საერთაშორისო ფონდმა, ამერიკის ნაციონალურმა ფონდმა ბავშვებისთვის რეკომენდაციაში ერთ-ერთი პირველი ცილა ჩასვა. ეს არ არის არგუმენტი, რომ ნახარშზე გავაკეთოთ აქცენტი. ნახარში ხშირ შემთხვევაში არის გადამუშავების პროდუქტების დიდი წყარო. როდესაც ჩვენ ამათუიმ ცხიმოვან ხორცპროდუქტს განვიხილავთ, ექსტრაქტული ნივთიერებების და ქოლესტეროლის 2/3 სწორედ ნახარშში გადადის. მოხარშული კუნთოვანი მასა ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ჩვენთვის საჭირო ამინომჟავების ნაკრებს ცხიმის გარეშე და რკინას, რომელიც ასევე გვჭირდება სისხლმომარაგებით უზრუნველყოფისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად