Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში პანდემიამაც, ჩაკეტილმა ცხოვრებამ, როდესაც ბავშვები მზის სხივს ვერ ხედავდნენ, კიდევ უფრო გააღრმავა D ვიტამინის დეფიციტი. ნევროტულობა ბავშვებში ძალიან ხშირად შეიძლება D ვიტამინის დეფიციტის გამო განვითარდეს. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა D ვიტამინის შემცველობა სისხლში 5, ნორმა არის 30-მდე. ბავშვს ჰქონდა უძილობა, აღგზნებადობა, ნევროტულობის ყველანაირი გამოვლინება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, პერიოდულად ბავშვს ჰქონდა დეპრესიული მდგომარეობა, ჰქონდა განცალკევების სურვილი, ჩაკეტვა და ა.შ.“

„განსაკუთრებით ვლინდება ეს იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებთან უფროსების დამოკიდებულება განსაკუთრებით რთულია. ისინი ჩაკეტილები არიან თავიანთ ვირტუალურ სივრცეში. აქ გვაქვს ჩვენ ემოციური სტრესი, ინფორმაციული სტრესი, ოქსიდაციური სტრესი, თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობით დაგროვება, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად