Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელაშვილი

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელაშვილი

ადრეული განათლების ექსპერტმა ნანა გეგელაშვილმა ბავშვების სიტყვის მარაგის გამდიდრების ტექნიკებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახებში, სადაც ცოტას საუბრობენ, ბავშვებს მწირი სიტყვის მარაგი აქვთ:

„კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახები ლინგვისტური კულტურით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არიან ოჯახები, რომლებიც ​მთელი დღის განმავლობაში თუ ერთი საათი ელაპარაკნენ ბავშვს, 2000 სიტყვას დებენ ამ ერთ საათში. ოჯახები, რომლებშიც უფრო ცოტას ლაპარაკობენ, 600 სიტყვას სთავაზობენ ბავშვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ სიტყვებსაც. ათ სიტყვაში თუ ცხრა პოზიტივია, ეს ბევრად უკეთესია.“

ნანა გეგელაშვილის თქმით, ნორმალურ პირობებში სამი წლის ბავშვის ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული:

„დათვლილია, რომ სამი წლის პერიოდში ბავშვების ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული. იმ ოჯახების ბავშვებს კი, ვისაც ცოტას ესაუბრებიან - ერთი მილიონი. სამი მილიონი სიტყვა არის განსხვავება. კვლევებით დგინდება, რომ ბაღის ასაკში სამი წლის ბავშვმა თუ იცის 1500 სიტყვა,​ იმ ოჯახების ბავშვებმა, სადაც ნაკლებს საუბრობენ, იციან 500 სიტყვა. ეს პირდაპირ აისახება სასკოლო ასაკში. სიტყვის მარაგი თუ მწირი აქვს ბავშვს, კითხვა მისთვის არის წვალება.“

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს. თითქოს ეს მარტივი ანიმაციებია, მაგრამ ამის უკან ნეირომეცნიერება დგას. ასეთია მაგალითად „3 შაშვის“ ანიმაცია. „ს“-სა და „შ“-ს შორის განსხვავება ბავშვებს ხშირად უჭირთ. ეს ვითომ გასართობი ანიმაციაა, მაგრამ არის ტექნოლოგია. ასევე არის „ხარის“ ანიმაცია, სადაც ტექსტი არის გარითმული. ბავშვს ძალიან მოსწონს გარითმვა. თამაშების სახით მშობლებმა რომ გაალექსინონ ბავშვს სიტყვები, ძალიან კარგია. ერთი პატარა ანიმაციით ბავშვი უკვე ექვს სიტყვას სწავლობს,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად