Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დიდი რაოდენობით მიღება ვენური პრობლემების არსებობის შემთხვევაში? - სისხლძარღვთა ქირურგი ზაზა ლაზარაშვილი

რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დიდი რაოდენობით მიღება ვენური პრობლემების არსებობის შემთხვევაში? - სისხლძარღვთა ქირურგი ზაზა ლაზარაშვილი

სისხლძარღვთა ქირურგმა ზაზა ლაზარაშვილმა ვენური პრობლემების არსებობის შემთხვევაში წყლის ადეკატური მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ზოგადად წყლის მიღება მინიმუმ ორი ლიტრის ოდენობით დღე-ღამეში უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და ნორმალური ყოფისთვის. სითხის მიღებას სისხლის მიმოქცევისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სისხლის სითხოვანი ნაწილი გაჯერებული უნდა იყოს. სიბლანტე არ უნდა იყოს მაღალი, რადგან მის გადადინებას ვენურ სისტემაში ქვემო კიდურებიდან გულის მიმართულებით გარკვეული პრობლემები ექმნება.“

„თუ პაციენტი არ იღებდა სითხეს და დაიწყო მისი ადეკვატური მიღება, რა თქმა უნდა, ის მაშინვე იგრძნობდა დადებით მხარეს. თუ სიმპტომები ალაგდა სითხის მიღების გამო, ე.ი. მას გარკვეული სახით ჰქონდა ქრონიკული ვენური დაავადება იმ სტადიაში, როდესაც მისი მოგვარება ცხოვრების სტილის შეცვლით არის შესაძლებელი და მედიკამენტური საშუალებების გამოყენება ჯერ არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, სითხის მიღება არის უმნიშვნელოვანესი. ორგანიზმი უნდა იყოს გაჯერებული წყლით,“- აღნიშნულ საკითხზე ზაზა ლაზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად