Baby Bag

„მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს,“- შალვა ამონაშვილი

„მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს ურჩია არასდროს დაიბარონ მშობელი ბავშვის გაკიცხვისა და გაკრიტიკების მიზნით:

„ჰუმანური პედაგოგიკის თანახმად, მასწავლებელმა არასდროს მშობელი არ უნდა დაიბაროს სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვი დააბეზღოს, რომ ბავშვზე რაღაც ავი უთხრას. თუ დაიბარებს, უთხრას, როგორი კარგი ბავშვია, როგორ გახარებულია თვითონ, რა ტალანტია. ამას თუ ეტყვის მასწავლებელი, აფერუმ ასეთ პედაგოგს! თუ მარტო თითი უნდა აქნიოს: „გაუზრდელი რად მომიყვანე? რად გააჩინე, თუ არ გაზრდი?!“ - ეს არის მასწავლებლის სირცხვილი.“

„ინდიგო ბავშვები მრავალმხრივ განვითარებულები არიან. ასეთები იბადებიან. რა ბადებთ, არ ვიცით. ზოგიერთი დედა დაბნეულიც არის, სად ატაროს ბავშვი: ბალეტზე, სპორტზე მათემატიკაზე, ყველაფერი უნდა ბავშვს. არ იციან, როგორ დაიმორჩილონ ბავშვი. მას სწორედ ის უნდა, რაც მე არ მინდა. ბავშვებს ახლა ჯიუტებს ვეძახით. ზოგიერთი დედა მოვა ჩემთან და მკითხავს: „როგორ დავძლიო ბავშვის ჯიუტობა?“ გასარკვევია, ბავშვი მართლა ჯიუტობს, თუ დედაა ჯიუტი. დედებიც არიან ჯიუტები. გინდა თუ არა, ეს უნდა გააკეთო. მე როგორც გითხარი ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ მე უფრო ვიცი, რა გჭირდება შენ. არ იფიქროთ, ბავშვები ისე იბადებიან, რომ არ იციან, რა სჭირდებათ მათ. მათ იციან ეს ყველაფერი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განმარტა რა იგულისხმება სიტყვებში: „ქმარი არის თავი ცოლისა“ და აღნიშნა, რომ ეს კაცის ქალზე ბატონობას არ გულისხმობს:

„ქალისა და კაცის ურთიერთობა... რას ასწავლის ეკლესია? ასეთი ხმა გავრცელდა, რომ ეკლესია ასწავლის, რომ კაცმა უნდა იბატონოს ცოლზე, რომ კაცი არის ქალის თავი და მას აქვს უფლება იბატონოს ცოლზე. ეს არის ნების მიცემა აგრესიაზე, რაც ხდება ოჯახში.

მე შემიძლია გითხრათ, რომ „კაცი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს პასუხისმგებლობას სიყვარულში. როგორც ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ეს რას ნიშნავს? ქრისტე კი არ ბატონობს ეკლესიაზე, არამედ ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის, თავი გაწირა, სისხლი დაღვარა. „ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“ - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად