Baby Bag

„რაკი კაცი ხარ, ღალატი შენთვის საპატიოა და შენი მეუღლისთვის არა?! ტყუილია ეს და ნუ მოიტყუებთ თავს,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

„რაკი კაცი ხარ, ღალატი შენთვის საპატიოა და შენი მეუღლისთვის არა?! ტყუილია ეს და ნუ მოიტყუებთ თავს,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც მამაკაცს ცოლის ღალატის უფლება აქვს:

„რატომღაც დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულებაა გამეფებული, რომ მამაკაცს თურმე რაღაც-რაღაცების უფლება აქვს და ცოლმა უნდა ითმინოს ყველაფერი ეს. ასე არ არის. არის ის მახინჯი, ცრუ წარმოდგენა, რომ მამაკაცს დაოჯახებამდე და მის შემდეგაც უფლება აქვს „გაერთოს,“ როგორც ამას ეძახიან. ღალატს მხოლოდ იმას ეძახიან, როდესაც მამაკაცი საყვარელს გაიჩენს და მას თანხას ახარჯავს, მისი გული ორდება. არ გეგონოთ, რომ ნაკლები საშინელებაა, ჩემო ძვირფასო მამაკაცებო, როდესაც ასე ერთობით და ამაში არაკანონიერი სექსუალური ურთიერთობებიც წერია. ძალიან მწარედ ცდებით.“

„თუ თქვენ გადარჩენა გინდათ, აუცილებლად შეიცვალეთ თქვენი ხედვა. ძალიან ხშირად მინახავს მამაკაცებში ამვარი დამოკიდებულება: „რა ვქნა? მიჭირს, კაცი ვარ და...“ რას ჰქვია, რა ქნა? შენს მეუღლეს თუ მოეთხოვება, ქალს თუ მოეთხოვება, იგივე წარმოიდგინე შენი მეუღლის მიმართ, აპატიებდი?! ყველაზე ხშირად ეს ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი, თუ ქალმა უღალატა კაცს. თუ შენ აძლევ ღალატის უფლებას შენს თავს, მაშინ რატომ მას არ აძლევ ამის უფლებას. შენ უფრო „წითელი კვერცხი“ ხარ?! შენთვის საპატიოა და შენი მეუღლისთვის არა? შენ რაკი კაცი ხარ, შენ შეგიძლია და ქალს არა?! ტყუილია, ჩემო კარგო და ნუ მოიტყუებთ თავს. აუცილებლად ერთმანეთის მიმართ ერთგულებით მოიმართეთ. ერთგულება ყველაზე დიდი სიტყვაა, თვითონ სიტყვას დააკვირდით. ერთი გული უნდა გქონდეს და ეს გული ოჯახურ ურთიერთობაში სწორედ მეუღლეს უნდა ეკუთვნოდეს. მხოლოდ უფლებებზე რომ ამახვილებთ, მამაკაცებო, თქვენს ყურადღებას, მოვალეობებს დააკვირდით, უპირველეს ყოვლისა. თქვენ უდიდესი მოვალეობა გაქვთ ღვთის და თქვენი მეუღლის წინაშე, რომ თქვენი ოჯახის ერთგული იყოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე დეკანოზმა „მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„მედია-კავშირი ობიექტივი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად