Baby Bag

ქალს, რომელსაც 15 წლის შვილი ტელეფონის გამო მოუკლეს, სურს, რომ სუროგაციის გზით დედა კიდევ ერთხელ გახდეს

ქალს, რომელსაც 15 წლის შვილი ტელეფონის გამო მოუკლეს, სურს, რომ სუროგაციის გზით დედა კიდევ ერთხელ გახდეს

ეკა ქოჩორაშვილს ხუთი წლის წინ 15 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. არასრულწლოვანი თანატოლებმა მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით მოკლეს. ეკა ქოჩორაშვილს სურს, რომ სუროგაციის გზით დედა მეორედ გახდეს:

„ჩვეულებრივი დღე გათენდა, ეს იყო კვირა დღე, კარგად მახსოვს. არ უყვარდა ქუჩაში სიარული. არ მოსწონდა ქუჩური ყოფა, სკოლიდან სახლში მოდიოდა, მასწავლებლებთან დადიოდა და ასე ატარებდა დროს. სამის-ნახევრისკენ წავიდა იმ ავბედით დღეს, მეგობრებს იყო შეპირებული. რატომღაც არ გვინდოდა, რომ გაგვეშვა. არც ზედმეტად დამირეკავს, უბრალოდ, რომ შებინდდა, დავურეკეთ, რომ მივაკითხავდით. მან ამაზე უარი განაცხადა. ცოტა ხანში პოლიციამ დარეკა. წარმოუდგენელია, რომ XXI საუკუნეში თანატოლი ასე გაიმეტო ტელეფონის გამო, ეს იყო გამიზნული მკვლელობა.“

„თავიდან ჩვენ არ გვითხრეს. ნათესავებმა, ახლობლებმა იცოდნენ. 3 მარტს 16 წლის გახდებოდა ჩემი შვილი. 12 თებერვალს შეწყდა ეს ყველაფერი. ეს იყო ერთადერთი შვილი, რომელიც გვყავდა. დამნაშავეები 18 და 15 წლის იყვნენ. მე დიდხანს ვლოცულობდი მათთვის. კარგი დრო აქვთ მიცემული, რომ სულის გადასარჩენად იზრუნონ. მე ვთვლი, რომ ამ დროს დედაც უნდა ისჯებოდეს, იმიტომ, რომ ბავშვი მკვლელად არასდროს არ იბადება. ახლობლების, თანამშრომლების, მეგობრების, ოჯახის დახმარებით გავაგრძელე ცხოვრება. ჩვენ ვსინჯეთ ინ ვიტრო განაყოფიერება, მაგრამ არ გამოგვივიდა,“- პირადი ტრაგედიის შესახებ ეკა ქოჩორაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.

გადაცემის მსვლელობისას ქალბატონმა დარეკა, რომელიც ორჯერ იყო სუროგატი და განაცხადა, რომ მზად არის ეკა ქოჩორაშვილისთვის სრულიად უსასყიდლოდ იყოს სუროგატი დედა.

წყარო: ​„სხვა ნანუკა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოთხი კვირის განმავლობაში ამ სიმპტომებმა თუ არ გაიარა, ექიმს უნდა მივმართოთ,“ - თერაპევტი გიორგი გვილია

„ოთხი კვირის განმავლობაში ამ სიმპტომებმა თუ არ გაიარა, ექიმს უნდა მივმართოთ,“ - თერაპევტი გიორგი გვილია

თერაპევტმა გიორგი გვილიამ პოსტკოვიდურ პერიოდში პაციენტებში გამოვლენილი გასტროენტეროლოგიური გართულებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ სიმპტომებმა ოთხი კვირის განმავლობაში არ გაიარა, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს:

„ოთხი კვირა, ექვსი კვირა, რვა კვირა, ამაზე შეთანხმებულები არ ვართ. საერთოდ ყველა ფუნქციური პათოლოგია გასტროენტეროლოგიაში, კარგად დიეტისა და მოვლის ფონზე შედეგს იძლევა მესამე-მეოთხე კვირიდან. ჩვენ გადავედით დიეტაზე და მეორე დღესვე გვინდა შედეგი, ასეთი რამე არ იქნება. ​ოთხი კვირის განმავლობაში ამ სიმპტომებმა თუ არ გაიარა, ე.ი. ექიმს უნდა მივმართოთ. რატომ უნდა მოვიქცეთ ასე? შეიძლება თავიდან არ განვითარდა წყლული ან რამის ანთება, მაგრამ შეიძლება იყო ფარული პროცესი შაქრის აუტანლობის, ან გადამამუშავებელი ფერმენტების გამოყოფის სიჩქარე გვიმცირდებოდა, ჩვენ კი ამას ვერ ვამჩნევდით, რადგან არ ვიკვებებოდით ისე, რომ ეს გამოჩენილიყო. კოვიდმა ეს დააჩქარა. შეიძლება გადავიდეთ ახალ საფეხურზე. კოვიდის შემდეგ გამოგვივლინდეს რაღაც ტიპის საკვების აუტანლობა.“

გიორგი გვილიამ ის სიმპტომები და გართულებები დაასახელა, რომლებიც პოსტკოვიდ პერიოდში ხშირად ვლინდება:

„კოვიდის მერე შეიძლება დარჩეს ყაბზობა. აქ მიშველებაა საჭირო. ფაღარათი, რომელსაც ფუნქციური ფაღარათი ჰქვია, შეიძლება იყოს, მაგრამ როდემდე იყოს? ორკვირიანი ან სამკვირიანი ფაღარათის შემდეგ ამას ჩარევა სჭირდება, ​გამოკვლევა სჭირადება, რა დაარღვია. მე ბევრჯერ შემხვდა, როდესაც კოვიდის მერე გამწვავდა ფაღარათი. ანალიზის გაკეთების შემდეგ გვხვდებოდა კლოსტრიდიული ინფექცია, რაც ხშირად არის ხოლმე ქიმიოთერაპიებისა და ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე. ამას არ ველოდი მართალი გითხრათ, რადგან იმას ასეთი მკაფიო ნიშნები არ აქვს.“

„დაგვჭირვებია ორკვირიანი, ხანდახან მეტხნიანი აგრესიული მკურნალობა. მარტო იმის იმედად, რომ კოვიდი გადავიტანე, ეს სიმპტომები დამრჩა და არაუშავს, გაივლის, არ უნდა ვიყოთ.​ ათიდან შვიდის გაივლის, სამს, რომელსაც არ ჰქონდა ადრე გასტროენტეროლოგიური პათოლოგია, შეიძლება სერიოზული პათოლოგია განუვითარდეს. მესამე-მეოთხე კვირას თუ არ გაიარა ამ სიმპტომებმა, ექიმს უნდა მიმართოთ,“ - გიორგი გვილიამ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად