Baby Bag

ქალს, რომელსაც 15 წლის შვილი ტელეფონის გამო მოუკლეს, სურს, რომ სუროგაციის გზით დედა კიდევ ერთხელ გახდეს

ქალს, რომელსაც 15 წლის შვილი ტელეფონის გამო მოუკლეს, სურს, რომ სუროგაციის გზით დედა კიდევ ერთხელ გახდეს

ეკა ქოჩორაშვილს ხუთი წლის წინ 15 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. არასრულწლოვანი თანატოლებმა მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით მოკლეს. ეკა ქოჩორაშვილს სურს, რომ სუროგაციის გზით დედა მეორედ გახდეს:

„ჩვეულებრივი დღე გათენდა, ეს იყო კვირა დღე, კარგად მახსოვს. არ უყვარდა ქუჩაში სიარული. არ მოსწონდა ქუჩური ყოფა, სკოლიდან სახლში მოდიოდა, მასწავლებლებთან დადიოდა და ასე ატარებდა დროს. სამის-ნახევრისკენ წავიდა იმ ავბედით დღეს, მეგობრებს იყო შეპირებული. რატომღაც არ გვინდოდა, რომ გაგვეშვა. არც ზედმეტად დამირეკავს, უბრალოდ, რომ შებინდდა, დავურეკეთ, რომ მივაკითხავდით. მან ამაზე უარი განაცხადა. ცოტა ხანში პოლიციამ დარეკა. წარმოუდგენელია, რომ XXI საუკუნეში თანატოლი ასე გაიმეტო ტელეფონის გამო, ეს იყო გამიზნული მკვლელობა.“

„თავიდან ჩვენ არ გვითხრეს. ნათესავებმა, ახლობლებმა იცოდნენ. 3 მარტს 16 წლის გახდებოდა ჩემი შვილი. 12 თებერვალს შეწყდა ეს ყველაფერი. ეს იყო ერთადერთი შვილი, რომელიც გვყავდა. დამნაშავეები 18 და 15 წლის იყვნენ. მე დიდხანს ვლოცულობდი მათთვის. კარგი დრო აქვთ მიცემული, რომ სულის გადასარჩენად იზრუნონ. მე ვთვლი, რომ ამ დროს დედაც უნდა ისჯებოდეს, იმიტომ, რომ ბავშვი მკვლელად არასდროს არ იბადება. ახლობლების, თანამშრომლების, მეგობრების, ოჯახის დახმარებით გავაგრძელე ცხოვრება. ჩვენ ვსინჯეთ ინ ვიტრო განაყოფიერება, მაგრამ არ გამოგვივიდა,“- პირადი ტრაგედიის შესახებ ეკა ქოჩორაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.

გადაცემის მსვლელობისას ქალბატონმა დარეკა, რომელიც ორჯერ იყო სუროგატი და განაცხადა, რომ მზად არის ეკა ქოჩორაშვილისთვის სრულიად უსასყიდლოდ იყოს სუროგატი დედა.

წყარო: ​„სხვა ნანუკა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის განვითარებისთვის თამაშის მნიშვნელობასა და მოზარდობის ეტაპის ხანგრძლივობის შესახებ ისაუბრა:

„მოზარდობა ითვლება, რომ 19 წლამდეა, თუმცა ეს გადის 21-24 წლამდე. 21-დან 25 წლამდე გახლავთ გვიანი სიყმაწვილე. არის საუბარი, რომ მოზარდობა გადასწიონ 24-25 წლამდე. რა საფუძველი აქვს ამას? ამას აქვს ფიზიოლოგიური საფუძველი. დიდი ჰემისფეროების ქერქის ის ნაწილი, რომელიც ქცევის კონტროლზეა პასუხისმგებელი, ამ დროისთვის ამთავრებს ჩამოყალიბებას. 25 წლისთვის მთავრდება სიმაღლეში ზრდა. აქედან გარკვეული პლატოა, რომელიც შეიძლება 65 წლამდეც იყოს.“

​თამაში მნიშვნელოვანი ქცევაა ბავშვისთვის, ავითარებს ბავშვს. არის დებატები იმასთან დაკავშირებით უნდა იყოს თამაშით მეცადინეობა, თუ გაიმიჯნოს მეცადინეობა და თამაში. მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს. ბავშვმა ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს, რომ ეს დრო არის თამაშისთვის და ეს დრო, თუნდაც 5 წუთი, არის სწავლისთვის, რადგან შემდომში ძალიან უჭირს, რომ სერიოზულად შეხედოს სწავლას, მეცადინეობას. როდესაც იზრდება და თამაშით აღარ გამოსდის სწავლა, დიდი ფრუსტრაცია შეიძლება ჰქონდეს. თამაშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ის ძალიან სჭირდება ადამიანს,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნე​ბა"

წაიკითხეთ სრულად