მედიაპორტალი MomsEdu.ge ინტერიერის დიზაინერ ნინი ოგანის რეკომენდაციებს გთავაზობთ. გაეცანით რჩევებს სახლის ინტერიერთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.
წარმოგიდგენთ მეოთხე თემას - წესრიგი საბავშვო ოთახში.
წესრიგი ბავშვის ოთახში - ასეთი რამ შესაძლებელია? - ბევრ მშობელს ალბათ, სკეპტიკურად ჩაეცინება და გაიფიქრებს: „ჩემი ბავშვის შემთხვევაში შეუძლებელია“. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რადგან ერთი-ორი ცვლილება ორგანიზების წესში და ძალიან მალე დაინახავთ ეფექტს.
ბავშვის ოთახის მოწესრიგებისთვის მოზარდის ოთახისგან განსხვავებული მიდგომაა საჭირო. საბავშვო ოთახის მოწყობისას ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, ბავშვი წესრიგს მარტივად მიეჩევევა და ოთახის დალაგების დროს არ დაიღლება:
ოთახში აუცილებლად საჭიროა საკმარისი ადგილი სხვადასხვა ნივთის შესანახად; - ავეჯის სწორი ზონირება - ყოველი საქმიანობისთვის ცალკე. სათამაშოების სათავსო წიგნებისა და ტანსაცმელისგან განცალკევებით უნდა იყოს;
- დააჯგუფეთ საგნები არამარტო დანიშნულებით, არამეტ ზომებითაც. წვრილი ნივთებისთვის უნდა იყოს პატარა სათავსოები, ყუთები ან კონტეინერები;
- თაროები, რომლებშიც შეგიძლიათ ჩადგათ ფერადი სათავსოები (ყუთები). ეს არის ორგანიზების ყველაზე ოპტიმალური და ადვილი ხერხი. შეგიძლიათ გაუკეთოთ წარწერა, თუ რა ინახება შიგნით;
- ყუთები არ უნდა იყოს ერთ ფერში, რადგან ბავშვებს ფერების მიხედვით გაუმარტივდეს დამახსოვრება, თუ რომელ ყუთში რა ნივთია მოთავსებული;
- ყუთები უნდა იყოს ადვილი დასალაგებელი. თაროების სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვი ადვილად მიწვდეს;
- მაგიდის შერჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ მის სათავსოებს და თაროებს;
- წვრილმანებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დაფა კედელზე, რომელსაც ექნება ნაჭრის ჯიბეები. ესეც შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვა ფერით;
- არსებობს ხალისიანი სათავსოები სათამაშოს ფორმით, რომელშიც შეგიძლიათ ჩაალაგოთ სათამაშოები.
დღეს მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ბევრს აწუხებს. როგორ მოვაწყოთ ბავშვის სათამაშო ადგილი, როცა სივრცეში შეზღუდულები ვართ?
გამოვყოთ ოთახში ერთი კუთხე.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია თამაშის რამოდენიმე ვარიანტი: აქტიური თამაში, სახატავი მაგიდა და კუთხე, სადაც შეეძლება განმარტოება. მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ააშენონ სახლები საბნებისგან და დაიმალონ მაგიდის ქვეშ. დღეს ბავშვებს სათამაშოების უფრო ფართო ასორტიმენტი აქვთ და მეტი საშუალება, რომ ჰქონდეთ უკვე მზა „სახლი“. შეგიძლიათ უყიდოთ მზა კარავი, სადაც შეიტანს სათამაშოებს, მოიწყობს თავის კუთხეს. როცა კარავში თამაში მობეზრდება, შეგიძლიათ, კარავი დაკეცოთ და მის ადგილზე დაუდგათ სახატავი მაგიდა.
თუ გინდათ ფართი სწორად გამოიყენოთ, სამეცადინო/სათამაშო მაგიდა შეგიძლიათ ფანჯარასთან განათავსოთ. მაგალითად, როგორც ამ სურათზეა. გამათბობელი რადიატორი დახურულია დეკორატიული ღობით, რაც არ ფარავს სითბოს გამოსვლას, მაგრამ ლამაზად ჩანს ინტერიერში. ასეთი ფანჯრის ქვეშ ბავშვი თბილად ითამაშებს და არ შეგიშლით ხელს თავისი ნივთებით შუა სივრცეში.
სათამაშო სამზარეულო საკმაოდ მოცულობითი ნივთია, მაგრამ ასევე ძალიან საჭირო გოგონებისთვის - შესაძლოა, ათამაშოთ ბავშვი და ასევე საყოფაცხოვრებო საქმეს მიაჩვიოთ. თუ ბავშვის ოთახში მისი ადგილი არ გაქვთ, შეგიძლიათ, სამზარეულოში გამონახოთ მისთვის ადგილი (რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ მანძილზე გაზქურადან). ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საოჯახო საქმეების კეთებას და ბავშვთან კომუნიკაციას.
იმისთვის, რომ ბავშვმა დახარჯოს ენერგია და ამავდროულად იყოს უსაფრთხოდ, მშობლებს აქვთ რამდენიმე ვარიანტი. პირველი - დააგონ რბილი ხალიჩა იატაკზე და გაყონ ბავშვის ზონა ან მეორე - მიიღონ დროებითი ზომები, რომლებსაც მერე ადვილად განათავსებენ სხვა ადგილას, ან სულაც გააუქმებენ.
ადგილის მოგების მიზნით მეორე ვარიანტი სჯობს. შეიძინეთ რბილი ფერადი მატრასები და მასზე დაყარეთ ბალიშები.
თუ გინდათ ბავშვი იყოს ბედნიერი და საბავშვო ოთახი თქვენს გემოვნებას შეესაბამებოდეს, საჭიროა იმპროვიზაცია - გადახედეთ თქვენს ინვენტარს, დარწმუნებული ვარ, ყველას გექნებათ სახლში კალათა (სათამაშოების შესანახად რომ გამოიყენოთ), თავისუფალი კუთხე (ბავშვის კარვის ან უბრალოდ დასაჯდომად რბილი ადგილის მოსაწყობად), ან უბრალოდ ფანჯარა, რომლის ქვეშ მოუწყობთ თბილ და მყუდრო გარემოს. ყველაფერი თქვენს ხელშია...