ბავშვობაში ერთი მეგობარი მყავდა, არანამდვილი, ჩემს სიზმრებში ცხოვრობდა და არ უარსებია ისეთ ღამეს, რომ მისი გამოჩენა მზეზე საუბრის გარეშე დასრულებულიყო. გამუდმებით მიმტკიცებდა ყველა დარდის წამალი მზეაო, დღემდე მთელი სიცხადით მახსოვს ერთხელ მითხრა - „მზეს თუ შეიყვარებ არასოდეს დაკარგავ ბავშვურ ენთუზიაზმს“. ეს იყო და ეს, ის ჩემს სიზმრებში აღარ გამოჩენილა.
ზაფხულის არდადეგებზე, აგარაკის მეორე სართულის მეცამეტე კიბეზე ვჯდებოდი (სულ 16 ქონდა, ყველა ასვლა-ჩასვლაზე ვითვლიდი) და ვუყურებდი მზეს, რატომ მეცამეტე? იმიტომ რომ ყველაზე ძალიან იქ „აჭერდა“, მეგონა იმ ადგილიდან უკეთესად მხედავდა. ზუსტად არ მახსოვს რა მოკაკუნე ფიქრებით მევსებოდა იმ დროს გონება, მაგრამ ბებიას ჩხუბი რომ მზეზე ჯდომა ძალიან ცუდია და შესაძლოა „მზის დარტყმა„ მიმეღო - ახლაც მკაფიოდ ჩამესმის .( კიდევ კარგი ახლა რუჯის გამო წამოგორებულს ვერ მხედავს მზეზე) დიდი ვერაფერი ისტორიაა, მაგრამ სიზმრის მეგობარმა მასწავლა დიალოგი მზესთან. შენც უნდა ცადო.
დამეთანხმებით, იქ, სადაც მზეა, სითბო, სიხარული და ბედნიერებაა. იქ სიცოცხლეა.
უმისამართო, არაფრისგან გამოწვეულ ჟრიამულზე გიფიქრიათ? - იცით ეს ყველაზე გულწრფელად ვის გამოსდის ? - ბავშვებს. მათი უმანკოება ჩაძირულია ენერგიაში, მზის ენერგიაში, რომელიც მასტიმულირებელია იმ შეგრძნებების, რომელებიც ქმნიან ჯაჭვს, უზარმაზარ ჯაჭვს. აქ ყველა რგოლი ერთი იდეისთვის იბრძვის, იდეისთვის რომელიც ჩანასახშივე სამყაროს გულისცემას გავს. შენ? მოგისმენია შენი გულისცემისთვის? ის ისეთი უხმოა და ამავდროულად ისეთი მსუყე. შენც უნდა ცადო.
მზე? - მზე ენერგიაა.
ენერგია ბადებს ყველა ენთუზიაზმს, ის გაძლევს ყველა იმედს, გეჩურჩულება რომ გაქვს ძალა გადართო ერთ რითმზე შენი და სამყაროს გულისცემა.
მე დღემდე ვსწავლობა „მზეზე გათბობას“, ეს მზე იქაა, სადაც ბავშვური სიკაშკაშეა.
მართალი ყოფილა, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, სულ უნდა იწყებოდეს...
პატარა ადამიანებისგან არ მოითხოვოთ დიდი ადამიანობა, შეიყავრეთ მზე და ბავშვები.
ავტორი: ხატია ჯოხარიძე