სამი შვილის დედის ბლოგი - ნაწილი მე-5
(პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები იხილეთ ბმულზე დღე 1 - „როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით“, „მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა“, „დედაჩემი მოვა და მოგეხმარება“ - როცა ქმრის დაბადების დღეა“, „ნატა საქანელიდან ჩამოვარდა და ახლა საავადმყოფოში მიჰყავდა მანქანით“...)
დღე მე-5 - როცა ბავშვები დასასვენებლად მიგყავს
უკვე მეათე წელია, ჩემი ზაფხული და ზამთარი მხოლოდ ბავშვებს უკავშირდება და მათ სურვილებზეა მორგებული. შესაბამისად, როგორც კი დათამ თავისი შვებულების შესახებ მაცნობა, მე გონებაში უკვე გადავთვალე თუ რამდენი დღის გატარება გვიწევდა კურორტზე და რამდენის - სოფელში.
პარასკევ დილით დათას სამსახურიდან დაურეკეს და ამცნეს, რომ ამ შაბათ-კვირასაც უნდა ემუშავა. არადა, საყიდლებზე უნდა წავსულიყავით, რადგან ორშაბათს ბიჭები და ნატა კურორტზე მიგვყავდა და ბევრი რამე გვქონდა საყიდელი. დათას დაღლილი სახის დანახვაზე მივხვდი, რომ მისთვის ახლა მხოლოდ დატვირთული შაბათ-კვირის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო და ჩემი თხოვნები არ გაჭრიდა. ამიტომ, ტელეფონი ავიღე და ოლიას დავურეკე, რათა საყიდლებზე გამომყოლოდა. ორი ობოლი კატისა და მათი აცრის ისტორიების შემდეგ დედამთილი დამთანხმდა, რომ ორიოდე საათი შვილიშვილებისთვის დაეთმო.
ზუსტად ნახევარ საათში მე, ბიჭები, ნატა და ოლია საყიდლების გრძელ და უსასრულო სიას ვებრძოდით, რომელიც არა და არ მთავრდებოდა. ისიც ცალკე აღსანიშნია, რომ ბავშვებთან ერთად საყიდლებზე სიარული ზედმეტი თავის ტკივილია, რადგან ამ დროს ჩვენს ისედაც გრძელ ნუსხას რამდენიმე უსარგებლო ნივთიც ემატება. რა თქმა უნდა, ჩემმა ბიჭებმა ზრდილობის წესების ცოდნის უმაღლესი დონე გამოავლინეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დამთანხმდნენ მანქანაში ჩაჯდომაზე, თუ ორივეს პულტით სამართავ თვითმფრინავს არ ვუყიდდი. საბოლოოდ, ბევრი სიარულისა და უამრავი კითხვის შემდგომ ჩემი საფულე საგრძნობლად შეთხელდა, მანქანის საბარგული გაივსო, ხოლო ნატას კოპი დაემჩნა შუბლზე (პულტიანი თვითმფრინავი დაეჯახა).
თუმცა, ყველაზე რთული საქმე წინ მელოდა - ბარგის ჩალაგება. ალბათ ყველა დედა გამიგებს, როცა ვიტყვი, თუ როგორ მეზარება ჩემი შვილების ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჩალაგება. სამ შვილს სამი ჩემოდანი სჭირდება, არც მეტი, არც ნაკლები და რაც მთავარია, მათი ჩალაგებისას მათი აზრიც უნდა გაითვალისწინო და შედეგად ჩემოდანში ხვდება გატეხილი მანქანა, ლეგოს დეტალები, სათამაშო ტელეფონი, გახეული ფეხსაცმელი და კიდევ მილიონობით გამოუსადეგარი რამ. ამჯერად გამიმართლა და მხოლოდ ოლიას რჩევების გათვალისწინება მომიხდა - „ცივა და ქურთუკები ჩაალაგე“, „ეს ჯემპრი ძალიან თხელია“, „ეს ბოტები ნატას ძალიან არ უხდება“, „დათასთვის რა მიგაქვს? მის ჩემოდანს მე ჩავალაგებ“, „შენი ჩემოდანი დაეტევა? ალბათ, რაღაცების ამოლაგება მოგიწევს“ და ასე შემდეგ... მადლობა ღმერთს, ის თბილისში რჩება.
როცა ბარგის ჩალაგებას მოვრჩი, დათაც მოვიდა. ვახშმის დროს კიდევ ერთხელ გავიარეთ, თუ როგორ და რანაირად ვატარებდით ჩვენს ნანატრ დასვენებას ჩვენს შვილებთან ერთად ჯერ კურორტზე, შემდეგ კი ჩემთან - სოფელში. რადგანაც ბიჭებს ზღვა ძალიან უყვარდათ, რამდენიმე დღით იქაც გავივლიდით და ასე, მათ სიამოვნებაში გაივლიდა ეს ზაფხულიც.
კვირას ჩემი ბარგიც ჩავალაგე, რომელიც ერთ ზურგჩანთაშიც მშვენივრად მოთავსდა და დედას დავურეკე. დედა უკვე მერამდენე ზაფხულია ჩვენთან ერთად მოდის ყველგან, სადაც მისი შვილი და შვილიშვილები არიან. მასთან ერთად დასვენებას სხვა ხიბლი აქვს, რადგან თან მყავს ადამიანი, რომელსაც ჩემს შვილებს თვალდახუჭული ვანდობ. დედამ მითხრა, რომ წელს ჩამოსვლა რამდენიმე დღით დაუგვიანდებოდა, რადგან მეზობელი გარდაიცვალა და გასვენებამდე სოფლიდან ვერ წამოვიდოდა. რას ვიზამთ, რამდენიმე დღეს როგორმე გავძლებთ მის გარეშე.
ახლა უკვე ღამეა. რა თქმა უნდა, ყველას სძინავს და მე კომპიუტერთან ჩემი მორიგი დღის შესახებ ვწერ ამბებს. ჩალაგებული ჩემოდნები კარებთან აწყვია, სახლი მილაგებულია, ჭურჭელი (როგორც იქნა) საბოლოოდ დარეცხილი და ბავშვები და ქმარი დაბანილ-დავარცხნილები წვანან საწოლებში. ხვალიდან სხვა სამყაროში ვინაცვლებთ - იქ, სადაც ყველგან ბავშვები და მათი მშობლები არიან.