Baby Bag

ნატა საქანელიდან ჩამოვარდა და ახლა საავადმყოფოში მიჰყავდა მანქანით...

ნატა საქანელიდან ჩამოვარდა და ახლა საავადმყოფოში მიჰყავდა მანქანით...

სამი შვილის დედის ბლოგი - ნაწილი მე-4 

(პირველი, მეორე და მესამე ნაწილები იხილეთ ბმულზე დღე 1 - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით, „მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა“​დედაჩემი მოვა და მოგეხმარება“ - როცა ქმრის დაბადების დღეა“)

დღე მე-4 - როცა ბავშვები მამასთან რჩებიან

ძალიან, ძალიან დიდი სიამოვნებით მინდოდა მომეყოლა თქვენთვის უფრო მეტი ჩემი ოჯახის შესახებ, თუმცა, აბა, ვინ გაცდის?! ჩემი დღევანდელი ბლოგი ყველა იმ დედას ეძღვნება, რომლებსაც უწევთ ან მოუწევთ შვილების მამასთან დატოვება. რა ტრაგიკულად ჟღერს, არა?!

მოკლედ... პარასკევი საღამო იყო, როცა ტელეფონმა დამირეკა და ფრიად სასიამოვნო ხმამ მაცნობა, რომ ქალაქგარეთ ორდღიან სემინარზე მიწვევდნენ. ეს იმდენად მიმზიდველად ჟღერდა, რომ უარის თქმა არაფრით შემეძლო. სტუდენტობის შემდეგ არსად წავსულვარ და ეს ორდღიანი გასეირნება ნამდვილი შვება იქნებოდა ჩემთვის. ტრანსპორტირებას, სასტუმროს, კვებას, სწავლებას და ასე შემდეგ ორგანიზატორები უზრუნველყოფდნენ. ხმამ ასევე მითხრა, რომ სპეციალურად ამ სწავლებისთვის უცხოელი ტრენერიც ჩამოიყვანეს და მოკლედ, გაცდენა არაფრით შეიძლებოდა. ყურმილის დადებისთანავე ოთახს მოვავლე თვალი და ჩემი სამი შვილი რომ დავლანდე, ერთი წუთით, წასვლაც კი გადავიფიქრე, მაგრამ მერე ჩემი ძვირფასი და საყვარელი ქმარი გამახსენდა და ცოტათი მომეშვა.
დათას მოსვლისთანავე ვახარე, რომ შაბათ-კვირის გატარება შვილებთან ერთად მოუწევდა, თანაც სრულიად მარტოს. რა თქმა უნდა, ამ ამბავს დიდი სიხარულით არ შეხვედრია, თუმცა ცოლქმრული მსჯელობის შედეგად შეთანხმებამდე მივედით - მე სემინარზე, დათა და ბავშვები კი - სახლში.
ამ ამბით ძალიან ბედნიერმა დათა კოცნით და მისი საყვარელი დაბრაწული კარტოფილით დავაჯილდოვე. ვახშმის შემდეგ ბიჭები და ნატა დავსვი და ავუხსენი, რომ დედიკო ორი დღით და ერთი ღამით უნდა წასულიყო, მათთან კი მამა, ხოლო ღამით კი ბებოც დარჩებოდა. ჩემმა საყვარელმა და უნიკალურმა შვილებმა ახალი ამბავი შესანიშნავად მიიღეს და საჩუქრები დამაბარეს. დათაც დამპირდა, რომ ყოველ საათში სიახლეებს შემატყობინებდა და უკან მობრუნებულს, სახლიც, თვითონაც და ბავშვებიც წესრიგში დამხვდებოდნენ. მოკლედ, პარასკევს ღამით ყველაფერი იდეალურად იყო.
შაბათ დილით ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ტელეფონმა არ დარეკა და მთელმა ავტობუსმა არ გაიგო, რომ ჩემი ქმარი ნატას პამპერსს ვერ აგნებდა. ამას კიდევ არა უშავს, ცოტა ხანში ზარმა ისევ დაიწკრიალა და ამჯერად, ბიჭები მთხოვდნენ, მამას დაურეკე და უთხარი პიჟამას ნუ გვაცმევს, თან გაურეცხავსო. სანამ მე დათას ვუხსნიდი, რომ გარეცხილი ტანსაცმელი კარადაში უნდა მოეძებნა და არა სააბაზანოში, ავტობუსმა ულამაზეს სასტუმრომდე მიგვიყვანა.
განრიგის მიხედვით, ჩაი და ყავა გვიწევდა, ხოლო სემინარი კი 11 საათზე დაიწყებოდა. დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის სასტუმროს მომსახურე პერსონალმაც კი გაიგო, რომ სახლში სამი შვილი და ქმარი მყავდა დატოვებული, რომელიც რატომღაც თავის მაისურს ჩემთან, დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით ეძებდა. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ სემინარის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გაცნობა მოვასწარი, რომლებს თავი უკვე მოვაბეზრე ჩემი მობილურის წამდაუწუმ წკარუნით.
სემინარის პირველმა ნაწილმა შედარებით მშვიდად ჩაიარა. ის იყო შესვენებაზე გავედით, რომ დათამ დამირეკა და მითხრა, ნატა ვერ იძინებს, ასე მეუბნება დედიკოს სიმღერა მიმღერე, ვუთხარი, რომ მე ვუმღერებდი, მაგრამ ამის პასუხად ტუჩებზე ხელს მირტყამს და თვალებს მახუჭინებსო. როცა მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა, სააბაზანოში, ყველაზე ბოლო კაბინაში შევიკეტე, დათას ვიდეოზარით დავურეკე და სიმღერა დავიწყე. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩემ გარდა სააბაზანოში სხვებიც იყვნენ და მათაც მოისმინეს ჩემი ვოკალური შესაძლებლობებით შესრულებული „იავნანა“.
სემინარი ორ საათზე განახლდა. მობილურს ზარი გამოვურთე, მაგრამ როცა დათას მესიჯების რაოდენობამ ოცს გადააჭარბა, გარეთ გასვლა ვითხოვე და სახლში დავრეკე. ყურმილს ოლიამ უპასუხა და ალბათ ეგ იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მისი ხმის გაგონება ძალიან გამიხარდა. დედამთილმა დამაჯერებლად ამიხსნა, რომ ბავშვები და დათა მაძღრები და საღ-სალამათები იყვნენ და შემეძლო არაფერზე მენერვიულა. ოლიას უთვალავი მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის და სემინარზე გულდამშვიდებული დავბრუნდი. ეჰ, მაშინ ასე მეგონა.
ზუსტად სამ საათში, მაშინ როცა ვახშმისთვის ვემზადებოდით, დათამ დამირეკა. ხმაზევე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და სანამ კითხვის დასმას გავბედავდი, თავადვე მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ პატარა პრობლემა შეექმნათ. პატარა პრობლემა კი (მისი აზრით) იყო ის, რომ ნატა საქანელიდან ჩამოვარდა და ახლა საავადმყოფოში მიჰყავდა მანქანით. შემდეგ რაც მითხრა არ გამიგონია, რადგან მე უკვე ტაქსის ვიძახებდი, რათა სასწრაფოდ თბილისში დავბრუნებულიყავი.
რვისთვის თბილისში ვიყავი. გზაში დათას ველაპარაკებოდი და სანამ არ მითხრა, რომ ნატა კარგად იყო და ყველაფერზე რეაგირებდა, მანამდე მობილური ხელიდან არ გამიშვია. თვალწინ მედგა მისი შავი თმა, ლურჯი თვალები, მსუქანი ხელ-ფეხი და იმ წამს ჩემი თავი ძალიან ცუდ დედად წარმომედგინა. როცა საავადმყოფოში მივედი, ბიჭები სკამზე ჩაძინებულები, ხოლო დათა და ოლია ნატასთან პალატაში დამხვდნენ. ჩემს პატარასაც ეძინა. შუბლზე შაბათი საღამოს ხიფათიანი შემთხვევის შედეგად გაჩენილი პატარა ნაიარევი მოუჩანდა, რომელსაც ჩემი სემინარი, დათას და ოლიას ერთობლივი შაბათ-კვირა და ბიჭების ნანატრი თავისუფლება შეეწირა.
ახლა უკვე კვირაა. ღამის საათები. სახლში ყველას სძინავს. დათა ნატას მიუწვა და ჩემი ნამღერი იავნანათი დააძინა, რომელიც ტელეფონში გადმოუწერია. მე სემინარზე არ დავბრუნებულვარ და არც იმათ გახსენებიათ ჩემი თავი. ბიჭებს იქითა შაბათ-კვირას პარკში წაყვანას დავპირდით. ოლია ჩვენთან დარჩა და სახლის დალაგებასა და საჭმლის მომზადებაში მეხმარებოდა, სანამ მე ნატას დავტრიალებდი თავზე. მოკლედ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, ზუსტად ისე, როგორც იმ ავბედით ზარამდე იყო.

სამი შვილის დედა თავისი ცხოვრების დეტალებს momsedu.ge-ს მეშვეობით კვლავ გაგიზიარებთ

შეიძლება დაინტერესდეთ

როდესაც თვითიზოლაციაში პატარასთან ერთად ხარ - ანაბელის ვლოგი

როდესაც თვითიზოლაციაში პატარასთან ერთად ხარ - ანაბელის ვლოგი

​ერთი დღე თვითიზოლაციიდან - როგორ ატარებენ დროს ანაბელი და ერეკლე. 

ნახეთ დედის ვლოგი 👇

წაიკითხეთ სრულად